მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ავიღოთ ნებართვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე? - ასოციაციის განმარტება

63e22a3e88f5d
ნინი ლონგურაშვილი
11.02.23 00:00
855
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საავტორო უფლებების დაცვა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა კლებად ნიშნულს ინარჩუნებს, ინტერნეტის არსებობის პირობებში, ავტორთა უფლებების დაცვა მაინც რთულდება.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში ამბობენ, რომ ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ორ ეტაპად იყოფა - ინდივიდუალური და კოლექტიური.

გიგა კობალაძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ საავტორო უფლებების დარღვევისას და საზღაურის გადაუხდელობისას, ინტელექტუალური საკუთრების ავტორი უფლებამოსილია, საავტორო უფლება სასამართლოს გზით დაიცვას.

“საავტორო უფლებების კანონიერი ნებართვის მიღების გზა მარტივია, ეს არ მოითხოვს დიდ პროცედურას, თუმცა გამომყენებლებმა უნდა გამიჯნონ, ორი ტიპის გამოყენება. ამას ინდივიდუალურ და კოლექტიურ გამოყენებას ვუწოდებთ. “საავტორო უფლებების ასოციაცია” მხოლოდ კოლექტიური გამოყენების შემთხვევაშია ჩართული და ასე გასცემს ნებართვას მასალის გამოყენებაზე. მაგალითისთვის, თუ ფილმის გადაღება ხდება და შემდეგ ეს ფილმი უნდა გადაეცეს სატელევიზიო ეთერს, ფილმის დამამზადებელს აქვს ვალდებულება საავტორო უფლებების საზღაური გადაიხადოს ორჯერ, პირველად მაშინ, როდესაც ფილმის დამზადებისას იყენებს კონკრეტული ავტორის მუსიკას, ამ შემთხვევაში ავტორს უთანხმდება და იხდის საზღაურს, შემდეგ უკვე სატელევიზიო არხებით გადაცემისას ტელევიზიაა ვალდებული გადაიხადოს კონკრეტული თანხა, იმის მიხედვით, რა შეთანხმებაც დაიდო. ასე მოქმედებს ეს პროცესი, როდესაც ორი ტიპის გამოყენებასთან გვაქვს საქმე, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური. როგორც აღვნიშნე, კოლექტიური გამოყენებისას ჩართულია ასოციაცია, ხოლო ინდივიდუალურის შემთხვევაში გადახდა ხდება პირდაპირ ავტორთან.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდა უნებართვოდ მასალის გამოყენება, კანონში შესულია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ავტორს და მის წარმომადგენელს აქვს უფლება, 10 დღიანი ვადა მისცეს, რომ ეს დარღვევა გამოასწოროს ან შეთანხმდეს პირობებზე და გადაუხადოს საზღაური. თუ ამ 10 დღის განმავლობაში ეს დარღვევა არ იქნა გამოსწორებული, მაშინ ავტორს აქვს უფლება წავიდეს სასამართლოში და იქ უკვე მოქმედებს მექანიზმი, რაც ათმაგი ოდენობის გადახდას გულისხმობს", - აღნიშნა გიგა კობალაძემ

BMG-ის კითხვაზე, ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების დარღვევისას თუ მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა და რა პერიოდს გულისხმობს, გიგა კობალაძე ამბობს, რომ ვადები არ არსებობს, თუმცა ხელშეკრულებით გარკვეული პერიოდი განსაზღვრულია.

“საავტორო უფლებებს ხანდაზმულობის ვადა კანონით არ მოქმედებს, მაგრამ თუ სახელშეკრულებო ვადებით შევხედავთ, მაშინ 3 წლიანი ვადაა. თუმცა, დარღვევისას გამომყენებელს კანონის არცოდნა, არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ეს საერთო სამართლებრივი მიდგომაა", - ამბობს საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები