ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვია, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
ისტორიული მნიშვნელობის სტუმრობის ფარგლებში ვენსი ეწვია პრეზიდეტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის გაღრმავების დოკუმენტს და მედიასთან საჯარო განცხადებებიც გააჟღერა.
„ჭეშმარიტად ვამაყობ, რომ ვარ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სწვევია ამ ქვეყანას“ - თქვა ვენსმა და დასძინა, რომ მისი ვიზიტი სომხეთის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ღრმა ერთგულების დასტურია. საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა „ასახავს სომხეთის რესპუბლიკასა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე და სტრატეგიული პარტნიორობის არნახულ მასშტაბს“. ქვეყნის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ეს შეხვედრა სიმბოლური ქვაკუთხედია მომავალი ინიციატივებისთვის, რომლებიც სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.
სამიტის მთავარ მიღწევად სომხურ მედიაში “123 შეთანხმების” გაფორმება გახდა, რაც სამოქალაქო ბირთვული ენერგიის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სომხეთის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის ხელშეწყობას მოიცავს. დადებული $9-მილიარდიანი გარიგება მოიცავს სომხეთისთვის მცირე მოდულური რეაქტორების (SMR) ტექნოლოგიის გადაცემას, რაც ეფექტურად შეამცირებს სომხეთის ისტორიულ დამოკიდებულებას მეზობელი სახელმწიფოებიდან ენერგიის იმპორტზე. ხელმოწერის გაფორმების შემდეგ ვენსმა თქვა, რომ შეთანხმების ფარგლებში აშშ, საწყის ეტაპზე, $5 მილიარდამდე დოლარის გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეისყიდის, რასაც ემატება 4 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი მხარდაჭერა საწვავის მიწოდებისა და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების სახით. ფაშინიანმა გარიგება სომხეთის სტრატეგიულ ენერგეტიკულ შემობრუნებად შეაფასა და თქვა, რომ შეთანხმება გახსნის ახალ თავს სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში“.
რაც შეეხება თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ამ მხრივ დაანონსდა, $11 მილიონი დოლარის ღირებულების მოწინავე სადაზვერვო დრონების სომხეთისთვის გადაცემა, რაც, ვენსის თქმით, განამტკიცებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს. ეს ტრანზაქცია, რომელიც აშშ-ის „უცხოური სამხედრო გაყიდვების“ (FMS) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, სომხეთს უზრუნველყოფს V-BAT ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. „ჩვენ დავამტკიცეთ 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიის სომხეთისთვის მიყიდვა, რაც რეგიონში მდგრადი მშვიდობის მშენებლობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია” - თქვა ვენსმა. პრემიერ-მინისტრმა შტატების ლიდერს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აღნიშნული დრონების სიმძლავრეს. მხარეებმა ახლად დაანონსებული გარიგება თავდაცვის სფეროში შეაფასეს ფუნდამენტურ ნაბიჯად, რომელსაც მომავალ წლებში გრძელვადიანი პარტნიორობა უნდა მოჰყვეს.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ვენსმა და ფაშინიანმა ტრამპის ისტორიულ მარშრუტზე და რეგიონულ ვაჭრობაზეც ისაუბრეს. მათ დაწვრილებით განიხილეს ის გეგმები, რაც ორ ქვეყანას სიუნიქის, იგივე ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით აქვს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ინიციატივის პოტენციალს და განაცხადა, რომ “TRIPP-ი გახსნის ახალ სავაჭრო, სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნებს და ამავდროულად მოიზიდავს მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებს სომხეთში“. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროექტისადმი მხარდაჭერა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სომხეთის იურისდიქციას. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ვაჭრობის გარდაქმნას სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის არტერიად, რომელიც თავისუფალი იქნება რუსული და ირანული გავლენებისაგან.
განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ჯეი დი ვენსის განცხადება ტექნოლოგიურ სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. გაირკვა, რომ სომხეთი და აშშ კრიტიკული მინერალების მოპოვებაზე, ასევე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ერთად იმუშავებენ. აშშ-მა რეგიონისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სომხეთს Nvidia-ს უახლესი, ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული ჩიპების, Blackwell-ის შესყიდვის უფლება მისცა. არსებული ინფორმაციით, ერევანი $500 მილიონის დოლარის ღირებულების გამოთვლილი მოწყობილობების შესყიდვისთვის მზადაა და Nvidia-სთან ერთად ქვეყანაში AI მონაცემთა ცენტრის აშენებასაც გეგმავს. ვენსმა დიდი ნდობა გამოხატა ადგილობრივი ტექნოლოგიური გარემოს მიმართ: „ამერიკული ტექნოლოგია შემოვა ამ ქვეყანაში... ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყანათაგანი, სადაც თავს საკმარისად თავდაჯერებულად ვგრძნობთ ინვესტირებისთვის“. ფაშინიანმა ვენსს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.
ასე დასრულდა ჯეი დი ვენსის ისტორიული ვიზიტი სომხეთში. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ასევე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობის პირებს შეხვდება და ახალ შეთანხმებებსაც გააფორმებს.




























