მიუხედავად იმისა, რომ მარკ ცუკერბერგმა ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა, ევროპარლამენტარებთან მისი შეხვედრა გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს კონგრესში იყო. 23 მაისს ფაქტობრივად, არ ყოფილა არც ერთი მოუმზადებელი კითხვა ევროპარლამენტარების მხრიდან, ალბათ, სწორედ ამიტომ მარკ ცუკერბერგმა თითქმის ყველა კითხვას აარიდა თავი და ეცადა კვლავ იგივე გზა გამოეყენებინა რაც სხვა მოსმენებზე. ის ხშირად საუბრობდა, რომ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად გასცემდა, თუმცა მაშინვე ცვლიდა სალაპარაკო თემას, რამაც ევროპარლამენტარების გაღიზიანებაც კი გამოიწვია. პარლამენტის წევრები ძირითადად ეკითხებოდნენ მას, იყო თუ არა მზად რეგულაციებისთვის, ფიქრობს თუ არა მილიარდერი, რომ მას მონოპოლია აქვს და ერთი კომპანიის ხელში საკმაოდ დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში Facebook-ის დამფუძნებელი კი ამტკიცებდა, რომ მას არ აქვს არანაირი მონოპოლია და საკმაოდ კონკურენტულ გარემოში უწევს მუშაობა
"ჩვენ ვარსებობთ ძალიან კონკურენტულ გარემოში სადაც ადამიანები კომუნიკაციისთვის უამრავ საშუალებას იყენებენ. საშუალოდ ადამიანები 8 სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ ერთმანეთთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, ყოველდღე ჩნდება ახალი კონკურენტი, მათ წვდომა ასეულობით მილიონ ადამიანთან აქვთ, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი სერვისის გაუმჯობესებას იმისათვის, რომ დავრჩეთ რელევანტურები. გამომდინარე აქედან, ადამიანებს უამრავი არჩევანი აქვთ", - განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა
მარკ ცუკერბერგი არ უარყოფდა, რომ რეგულაციები საჭიროა, თუმცა, მისი თქმით, უნდა მოხდეს იდენტიფიკაცია იმისა, თუ როგორი რეგულაციები იქნება სწორი.
ევროპარლამენტარებმა მას ჰკითხეს- შესაძლებელი იყო თუ არა, რომ Cambridge Analytica-ს მსგავსი სკანდალი განმეორდეს, თუმცა, ამაზე მათ პასუხი არ მიუღიათ. გარდა ამისა, მათ მოიყვანეს სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის მაგალითები, რომლებმაც მათი თქმით გაამდიდრეს მსოფლიო, ცუკერბერგი კი, შესაძლოა, ისტორიას დაამახსოვრდეს, როგორც "ციფრული მონსტრის შემქმნელი".
მოსმენის დასასრულს აქაც დაახლოებით იგივე მოხდა რაც ამერიკაში, ევროპარლამენტარებმა გაიხსენეს თითქმის ყველა ის შემთხვევა, როდესაც მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნეს, რომ ის ჯეროვნად ვერ აკონტროლებს საკუთარ კომპანიას. ამ დროისთვის მილიარდერი უკვე აღარ პასუხობდა კითხვებს. მან განაცხადა, რომ დამატებით განმარტებებს წერილობით გააკეთებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ის უარს აცხადებს დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთ მოსმენაზე დასწრებას.

























