მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ჩამოყალიბდა "ბიუ ბიუ" უნარჩენო წარმოებად?

რევაზ ვაშაკიძე

კომპანია „ჩირინა“, რომელიც ბაზარზე "ბიუ ბიუს" ბრენდით პოზიციონირებს, თვეში 1 620 ტონა ბროილერის ქათმის ხორცს ამუშავებს და 1 200 ტონა პროდუქტს აწარმოებენ. შედეგად ამ პროცესიდან კომპანიას დაახლოებით 420 ტონა საწარმო ნარჩენი რჩება, რაც მთლიანი წარმოების 35%-ია.

ქათმის ხორცპროდუქტების გადამმუშავებელმა კომპანიამ ოპერირების დაწყებიდანვე მიზნად საწარმოო ნარჩენების გადამუშავება და გარემოზე ზრუნვა დაისახა, რისთვისაც წარმოების უნარჩენო ციკლი გამართა. ერთ-ერთი პროექტი კი ცილოვანი საკვები ქარხანა იყო, რომელიც 3 მლნ ევროს ინვესტირებით, დანიური კომპანია Haarslev-ის თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.

როგორ ჩამოყალიბდა "ბიუ ბიუ" უნარჩენო წარმოებად - ამ თემაზე "ჩირინას" დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "საქმიან დილასთან" ისაუბრა.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საწარმოში ნარჩენებისგან, მათ შორის სისხლისგან, შინაგანი ორგანოებისგან და სხვა პროდუქტებისგან, რომლის მოცულობაც წარმოების დაახლოებით 35%-ია, ახალ პროდუქტებს აწარმოებენ.

„საწარმოო ნარჩენების გადამუშავებით ვიღებთ ახალ პროდუქტებს: ძვალ-ხორცის ფქვილს, სისხლისა და ბუმბულის ფქვილს და ცხიმს, რომელსაც სხვადასხვა ცხოველების საკვებ დანამატებად იყენებენ, როგორც ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტს. გარდა ამისა, „ჩირინამ“ წყლის გაწმენდის თანამედროვე სისტემა დანერგა, რომლის მეშვეობითაც ბიოლოგიურად წარმოებაში გამოყენებული წყლის გაწმენდა ხდება და შესაბამისად, საწარმოო პროცესი სრულად უსაფრთხოა გარემოსთვის.

ფრინველის დაკვლაზე თვეში ჩვენ 10 000 ტონა წყალს ვსაჭიროებთ და ვასუფთავებთ. მეფრინველეობაში მიღებული სხვადასხვა ტიპის ნარჩენებიდან შეიძლება გამოვყოთ ქათმის ნაკელი, რომელიც 1620 ტონას შეადგენს, რაც ფრინველზე დაახლოებით 5000 ტონა ნაკელია. ფრინველის გამოზრდის ციკლის დასრულების შემდეგ ქათმის ნაკელი გადადის კომპოსტის პოლიგონზე, სადაც ჩვენ ვიღებთ კიდევ ერთ პროდუქტს - კომპოსტს, რომელიც წარმოადგენს ორგანულ სასუქს. კომპოსტის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას“, - ამბობს ჩირინას დამფუძნებელი.

რევაზ ვაშაკიძე დასძენს, რომ ფრინველის გამოზრდის დროს, დაახლოებით 3-4% დაცემული ფრინველია, რომელიც დაუყოვნებლივ გამოაქვთ ფერმიდან და შემდგომ ამ ფრინველის ინსინირაცია - დაწვა ხდება.

კომპანია "ჩირინას" დამფუძნებლის ცნობით, უნარჩენო საწარმოო პროცესი კომპანიას ენერგიის და ნედლეულის რაციონალურად და კომპლექსურად გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას იძლევა, რომ პროდუქციის რეალიზაცია კონკურენტულ ფასში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე მოხდეს.

ამ დროისათვის „ჩირინას“ პროდუქცია - ხორცი და საინკუბაციო კვერცხი, ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები