"დაზღვევის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ბიუჯეტი აღარ დააფინანსებს და ე.წ "საზედამხედველო საფასურის" გადახდა სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. კანონპროექტის მიხედვით, "საზედამხედველო საფასური" განისაზღვრება მზღვეველის გამომუშავებული ბრუტო პრემიის 1%-ის ან/და მოგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 1%.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი 1 180 000 ლარს შეადგენს. საზედამხედველო სფეროში შემავალი პირების მიერ სამსახურის დაფინანსების შემთხვევაში სამსახურის ბიუჯეტი 2018 წლისათვის სავარაუდოდ იქნება 4 000 000 ლარი, საიდანაც სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადებით, გარდა საშემოსავლო გადასახადისა, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი ოდენობა სავარაუდოდ შეადგენს 1 000 000 ლარს.
როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, საზედამხედველო სამსახურის 1 180 000 ლარიდან 4 000 000 ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტი მის ფუნქციონალურ ზრდას, მის მატერიალურ–ტექნიკურ გაძლიერებას და ახალი თანამშრომლების მიღებას მოხმარდება.
"დაზღვევის შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტი უკვე პარლამენტშია. დოკუმენტს პირველი მოსმენით დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

























