დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ნეპალია. ჩინეთსა და ინდოეთს შორის მოქცეული მთიანი ქვეყანა, რომელსაც ყველა მშვიდობის კუნძულად აღიქვამს. თუმცა ბოლო დღეებში მსოფლიომ მისი სხვა მხარეც იხილა.
ასობით ათასი ადამიანი, რომელთა უდიდესი ნაწილი ე.წ. Gen Z თაობის წარმომადგენელია, ქუჩაში გამოვიდა, რათა გაეპროტესტებინა ორი რამ - ქვეყანაში არსებული ელიტური კორუფცია და სოციალური მედიის აკრძალვის გადაწყვეტილება.
უფრო ცხადი რომ იყოს თქვენთვის, აქვე განვმარტავ, რა რეალობის წინაშეა ქვეყანა. ნეპალი აზიის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოა, სადაც მშპ-ს 30%-ი საერთაშორისო საზოგადოებების მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებზე მოდის. მოსახლეობის 2/3 სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ამის მიუხედავად, სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ მესამედს შეადგენს. უმუშევარია ახალგაზრდების 20%, დასაქმებული Gen Z თაობის 60% კი საკუთარი განათლების შესაბამის სამსახურში არ მუშაობს და მიზერულ ანაზღაურებას იღებს. ამ მძიმე მდგომარეობის ფონზე, მმართველი პოლიტიკური ელიტის, მათ შორის პრეზიდენტის, მინისტრებისა თუ პარლამენტარების ოჯახები განუზომლად მდიდრდებიან. ნეპალური სოციალური მედია სავსეა იმ ვიდეოებით, სადაც ჩანს თუ როგორ ფეშენებელურ სახლებში ცხოვრობენ პოლიტიკისოები და მათი გარემოცვა, რამდენად ძვირად ღირებულ საათებსა თუ ტანისამოსს იცვამენ ისინი, რამდენად მასშტაბურად აღნიშნავენ სხვადასხვა ღონისძებას.
სწორედ სოციალური მედია არის ქვეყანაში შემორჩენილი ის ერთადერთი პლატფორმა, საიდანაც ახალი თაობა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უსამართლობის შესახებ იღებს ინფორმაციას და სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ქვეყნის კომუნისტურმა ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო. ნეპალის მთავრობა ხვდებოდა, რომ ძალაუფლების სრულად გამყარებისთვის სოციალური ქსელების დამორჩილება აუცილებელი იყო. ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა ჯერ კიდევ მარტის თვეში დაიწყო. მაშინ პირველად დაანონსდა, რომ ქვეყანაში მოქმედ ყველა სოციალურ ქსელსს, მათ შორის Youtube-ს, Facebook-ს, WhatsApp-სა და X-ს იგივე Twitter-ს, ადგილობრივი ოფისი უნდა გაეხსნა. ოფისი, რომლის ხელმძღვანელადაც მთავრობის მიერ შერჩეული პირი დაინიშნებოდა და ხელისუფლების ინტერესებს გაატარებდა. მარტივად რომ ვთქვათ, ნეპალის მმართველ პარტიას სოციალური მედიისთვის ცენზორის დანიშვნა სურდა.
მთავრობამ სოციალურ ქსელებს მოთხოვნის აღსრულებისთვის კონკრეტული დროც განუსაზღვრა - 28 აგვისტო. საერთაშორისო პლატფორმები ან უნდა დამორჩილებოდნენ განკარგულებას და დაენიშნათ ადგილობრივი ზედამხედველი ან ბაზრიდან გასულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავად ხელისუფლება გააკეთებდა და მათ დაბლოკავდა. 28 აგვისტომ ისე გაიარა, რომ არცერთ საერთაშორისო სოციალურ ქსელს მთავრობის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. არდადეგებიდან დაბრუნებულმა ხელისუფლებამ კი საქმიანობა სწორედ ამ საკითხის მოგვარებით განაახლა. 4 სექტემბრის ღამის 12 საათიდან ქვეყანაში ყველა ცნობილი სოციალური ქსელი, მათ შორის, Facebook-ი, Youtube-ი, Tik-Tok-ი, X-ი თუ WhatsApp-ი გაითიშა. გაითიშა და დაიწყო პროცესი, რომელმაც ქვეყნის კომუნისტური ხელისუფლება 6 დღეში შეიწირა.
შეიწირა, ალბათ, არის ყველაზე რბილი სიტყვა, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია იმის აღსაწერად, რაც ბოლო ორ დღეში ქვეყანაში დატრიალდა. 4 სექტემბრის დილიდან დაწყებულმა მიტინგებმა პიკს გუშინ, 8 სექტემბერს მიაღწია, როცა სოციალური ქსელების აღდგენის მოთხოვნით გამოსულმა დემონსტრანტებმა ყველა წინაღობა გადალახეს და პარლამენტის შენობის დაკავება სცადეს. სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არაერთხელ გამოიყენა, თუმცა ვითარების ჩახშობა ვერ მოახერხა. სწორედ ამის შემდეგ საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაერთო. არსებული ინფორმაციით, ნეპალელმა სპეცრაზმელებმა 19 დემონსტრანტი მოკლეს. 300 პირი კი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით მოხვდა. პრეზიდენტმა დედაქალაქში ჯარი მოიხმო და კომენდანტის საათი შეუზღუდავი დროით გამოაცხადა.
წესით, ამას ვითარება უნდა ჩაეცხრო, თუმცა გარდაცვალებულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, Gen Z თაობა კიდევ უფრო გააღიზიანა. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი. საკუთარი ნებით გადადგნენ წყალმომარაგებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, თუმცა ვერცერთმა ამ ნაბიჯმა ვითარება ვერ განმუხტა. პირიქით, ასობით ათასი ადამიანი დღეს დილით ხელახლა შეიკრიბა და კომენდანტის საათი დაარღვია. ქვეყნის მასშტაბით გამოსული აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, ჯარისკაცებმა იარაღის გამოყენებისგან თავი შეიკავეს. ამან მომიტინგეებში მუხტი გაზარდა და დედაქალაქი კატმანდუ აბსოლუტურმა განუკითხაობამ მოიცვა. პარლამენტის შენობა, რომლის დაკავების მცდელობისასაც 19 მოქალაქე დაიღუპა, დღეს ცეცხლის ალში გაეხვა. მომიტინგეებმა დაარბიეს და გადაწვეს მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერების ფეშენებელური სასახლეები. ცოცხლად დაიწვა ნეპალის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯალანათ ხალანის მეუღლე. ქუჩაში შეიპყრეს და დაასახიჩრეს ფინანსთა მინისტრი. საკუთარ სახლში გაუსწორდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს და მის ცოლს. მომიტინგეები შეიჭრნენ კატმანდუს აეროპორტშიც, რათა მთავრობის წევრებს ქვეყნიდან გაქცევა არ შეძლებოდათ. საბოლოოდ რეისები გაუქმდა და აეროპორტი დაიკეტა. დემონსტრანტებმა აიღეს ნაკხუს ციხე, სადაც, ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტები ჰყავდა დაკავებული. ამ ვითარების ფონზე, გადადგა პრემიერ-მინისტრი კეი პი შარმა ოლი, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა. პრეზიდენტმა დაითხოვა მთავრობა და რამდენიმე საათში თავადაც გადადგა. მოკლედ, ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების აღარცერთი წარმომადგენელი აღარ იმყოფება.
ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რა ხდება ახლა - ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, ვითარების კონტროლი საკუთარ თავზე ნეპალის არმიამ აიღო. ეს არ ნიშნავს ხელისუფლებაში სამხედრო ხუნტის მოსვლას. შეიარაღებული ძალები ვითარებას იქამდე გააკონტროლებენ, სანამ კონკრეტული პოლიტიკური გამოსავალი არ გამოჩნდება. რადგან კომუნისტური მთავრობა გადაყენებულია, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კი - გაქცეული, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში ქვეყანაში ახალი არჩევნები გაიმართება. იქამდე კი ნეპალს გარდამავალი მთავრობა გააკონტროლებს. არსებობს ცნობები, რომ ტახტიდან ძალით გადაყენებული მონარქი, მეფე გიანენდრა შაჰი ძალაუფლების დაბრუნებას შეეცდება, თუმცა ეს კონსტიტუციური შეზღუდვებისა და საზოგადოებრივი სკეპტიციზმის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა და მაინც, გამორიცხული არაფერია.
შეგახსენებთ, 6 დღის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ფეშენებელურ ვილებში ისვენებდნენ და კორუფციაში ჩაძირულ ქვეყანაში ძალაუფლების სრულად გაკონტროლებისთვის ემზადებოდნენ. სოციალურ ქსელებს დეზინფორმაციისგან მოსახლეობის დაცვის მოტივით ზღუდავდნენ და რეალურად კი სიტყვის თავისუფლებას ახშობდნენ. ახლა კი არცერთ მათგანს საკუთარ სახლში დაძინებაც კი აღარ შეუძლია. მათი რეზიდენციები დარბეულია, სამსახურები კი გადამწვარი. ასეთი შედეგით დასრულდა დაპირისპირება ნეპალის სამთავრობო ელიტასა და ახალ თაობას შორის.




























