საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ, 14 მაისს, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ლარის გაცვლითმა კურსმა კორექცია დაიწყო. 15 მაისს დოლარის ღირებულება 2.68 ლარიდან 2.73 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უკვე საღამოს დოლარის კურსმა Bloomberg-ის სისტემაში ჯერ 2.80 ლარს, შემდეგ კი 2.82 ლარს მიაღწია. 16 მაისს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა. აღნიშნული ინტერვენციის შედეგად, Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება, რომელიც იქამდე 2.81 ლარს აჭარბებდა, 2.76 ლარამდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის განმარტებით, მათ მიერ ინტერვენციის განხორციელება შექმნილი აჟიოტაჟური მოთხოვნის საპასუხოდ მოხდა, სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესს ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც სდევდა თან, რამაც გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით შექმნა ზეწოლა.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა. უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიწოდება აჟიოტაჟური მოთხოვნის საპასუხოდ განხორციელდა, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვფიქრობთ, რომ ეს ინტერვენცია ბაზარზე სტაბილურობას აღადგენს.
ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი და მისი მერყეობა ასევე ბუნებრივია. ფაქტორები, რომლებიც გაცვლით კურსზე მოქმედებს მაკროეკონომიკური ფაქტორები მიმდინარე პერიოდში სტაბილურია, რამაც დამატებით გვაფიქრებინა, რომ ეს არის დროებითი და ერთჯერადი პროცესი.
ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განმარტებაში.
16 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად აღნიშნული დასვენების დღე საბანკო სექტორზე არ გავრცელებულა, 17 მაისს Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში არცერთი გარიგება არ დაფიქსირებულა. აღნიშნულის მიუხედავად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა.