ამერიკასა და საქართველოს შორის არაერთი რადიკალური განსხვავებაა, თუმცა რთულია უარვყოთ ერთი მსგავსება, რომელიც ამ ორი ქვეყნის მოსახლეობას აერთიანებს - ეს თვისება მეწარმეობრივი სულისკვეთებაა. საქართველოსა თუ ამერიკაში თითქმის ყველა ოცნებობს საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე და კომპანიის დაფუძნებაზე.
თუკი წარმატებულ ანტრეპრენიორებს დავუჯერებთ, ბიზნესის დაწყებაზე რთული ქვეყნად არაფერია. ეს არის ისეთი საქმე, რომელიც დამფუძნებლებისგან 100%-ს მოითხოვს და ხშირად ამაზე მეტიცაა საჭირო. ბიზნესი არის ცხოვრებისეული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარება წარმოუდგენელი წარმატების მიღწევის და სიმდიდრის მოხვეჭის საშუალებას იძლევა, თუმცა, როგორც გითხარით, მასზე რთული არც არაფერია.
როგორც წესი, ბაზარზე 10-დან მხოლოდ 1 ბიზნესი რჩება და ამ გადარჩენილი 10%-დან მხოლოდ 0.1% აღწევს იმ მასშტაბებს, რომელსაც “უნიკორნის” სახელით მოიხსენიებენ.
სირთულისა და წარმატების ასტრონომიული ალბათობის მიუხედავად, ბიზნესის დაწყება ლამის ყველას უნდა, თუმცა სურვილების რეალიზებას ცოტა თუ ახერხებს. საქმე ისაა, რომ ხშირად ბიზნესის დაწყება ცხოვრების სტილის შეცვლას, სამსახურიდან წამოსვლას და თავის გადადებას მოითხოვს. შესაძლოა, ბიზნესმა გაგაკოტროთ და უსახლკაროდ დაგტოვოთ, თუმცა რისკი ის ფასია, რომლის გადახდაც წარმატების პოტენციური შანსის სანაცვლოდ გვიწევს.
მეწარმეობის საკითხში ჭკუა ბევრ ექსპერტს მოეკითხება, თუმცა ცოტას თუ უნახავს იმდენი სტარტაპი და დამწყები ბიზნესი, რამდენიც ამერიკელ ინვესტორ და ანტრეპრენიორს, მარკ ქიუბანს. ეს ადამიანი უკვე 13 წელიწადია Shark Tank-ში მონაწილეობს, სადაც მან 200-მდე კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია და 5,000-მდე მეწარმეს გაეცნო. არ არის გამორიცხული, რომ კაცობრიობის ისტორიაში ქიუბანზე მეტი “პიჩინგი” არავის ჰქონდეს მოსმენილი, რაც მას ამ სფეროს ჭეშმარიტ ექსპერტად აქცევს.
ცოტა ხნის წინ, მარკ ქიუბანი ცნობილი პოდკასტის ავტორს, ლექს ფრიდმანს შეხვდა და მასთან ერთად ბიზნესის დაწყების საკითხზე ისაუბრა. პირველი შეკითხვა, რომელიც წამყვანმა ინვესტორს დაუსვა, კარგი მეწარმის რაობას უკავშირდებოდა. რას ფიქრობს ქიუბანი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ანტრეპრენიორს?
„კარგი მეწარმეა ის, ვინც ცნობისმოყვარეა, ვინც მოქნილია და მარტივად ადაპტირდება გარემოსთან, რადგან მსოფლიო მუდამ იცვლება და ამ ცვლილებებს არ უნდა ჩამოვრჩეთ. გარდა ამისა, აუცილებელია გაყიდვის უნარი, რადგან ამის გარეშე ვერცერთი ბიზნესი ვერ გადარჩება. რასაც არ უნდა ქმნიდე, მისი გაყიდვა უნდა შეგეძლოს და თან მის შესახებ ყველას უნდა უყვებოდე. ამ შემთხვევაში, გაყიდვაში დახმარებას ვგულისხმობ. თუ თქვენი პროდუქტი ან სერვისი არავის არ ეხმარება, მაშინ მას უბრალოდ ვერ გაყიდით“.
მორიგი საკითხი, რომელზეც ქიუბანი და ფრიდმანი საუბრობენ, უშუალოდ ბიზნესის დაწყებას უკავშირდება. მართალია, ამაზე თითქმის ყველა ოცნებობს, თუმცა რეალური ნაბიჯის გადადგმას ცოტა თუ ახერხებს. საინტერესოა, რას ფიქრობს გამოცდილი მეწარმე ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით?
„ბიზნესის დაწყება საშიში და თან სახალისო გამოცდილებაა. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მაშინ უნდა გადადგა, როცა საკუთარ თავში და იდეის სისწორეში დარწმუნებული ხარ. ელ. ფოსტაზე ხშირად ვიღებ შეტყობინებებს ასეთი შინაარსით: „მარკ, რა ბიზნეს დავიწყო?“. როცა ამ მესიჯს ვკითხულობ, ვხვდები, რომ ბიზნესის დასაწყებად მზად არ ხარ, რადგან ეს ნაბიჯი მხოლოდ მაშინ უნდა გადადგა, როცა ზუსტად იცი რას აკეთებ და რის მიღწევას ცდილობ.
ამერიკაში ყველას უნდა მეწარმეობა, თითქმის ყველა მოქალაქეს აქვს რაღაც ბიზნეს იდეა, რომელიც სისრულეში ძალიან ცოტას თუ მოჰყავს. როგორც წესი, იდეას მეგობრებს და ოჯახს წევრებს უზიარებენ, რომლებიც მას იწონებენ. ამის შემდეგ იწყება Google-ში ძიების პროცესი, სადაც აღმოაჩენენ, რომ მსგავსი ბიზნესი არ არსებობს, თუმცა Google-ში ხშირად არ ჩანს ის ათობით კომპანია, რომელიც მსგავსი იდეის განხორციელების მცდელობაში გაკოტრდა და ბაზრიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მსგავსი კომპანია არ იძებნება, მეოცნებეები ჩერდებიან და შემდეგ ნაბიჯს არ დგამენ, რადგან შემდეგი ნაბიჯი ყველაზე რთულია და ის ცხოვრების წესის შეცვლას გულისხმობს. მოსახლეობის 99%-სთვის ცხოვრების შეცვლა მარტივი არ არის, რადგან კომფორტი და უსაფრთხოება ყველას გვიყვარს, თანაც პასუხისმგებლობები გვაქვს და მათ ვერსად გავექცევით. თუკი ბიზნესის დაწყება გინდა, მაშინ მოგიწევს პასუხისმგებლობა აიღო და შეცვლილ გარემოებას შეეგუო.
შესაძლოა, ნაბიჯის გადადგმამდე მომზადება დაგჭირდეს, ბიუჯეტის გაკეთება, დანაზოგის შევსება, ვალდებულებების გასტუმრება და შავი დღისთვის მომზადება. თუ ოჯახი გყავს, რა თქმა უნდა, ვერ ადგები და სამსახურიდან მარტივად ვერ წახვალ, ოჯახის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს და ეს უნდა გაითვალისწინო. მე თუ მკითხავთ, ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო დრო მაშინაა, როცა დასაკარგი არაფერი გაქვს და არც არაფერს რისკავ, ამ დროს ბოლომდე უნდა მიაწვე!“
ბიზნესის დაწყებისას, ხშირად ყველაზე რთული ნაბიჯი სამსახურიდან წამოსვლა და ცხოვრების სტილის შეცვლაა. როგორც წესი, იდეების უმეტესობა სწორედ ამ მიზეზით კვდება. პირველი ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით ქიუბანს საინტერესო მოსაზრება აქვს, მისი შეფასებით, საუკეთესო სტრატეგია არა სპონტანური, არამედ გამიზნულია. მისი თქმით, სჯობს ბიზნესის დაწყებამდე სათანადოდ მოვემზადოთ, ბიუჯეტი დავგეგმოთ, კონტაქტები დავამყაროთ და შავი სამუშაო თავისუფალ დროს შევასრულოთ, ვიდრე დღესვე ავდგეთ, სამსახურიდან წავიდეთ და ხვალ უკვე ეს ყველაფერი ვინანოთ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ პროდუქტსა და მომხმარებელზე ფოკუსირება არ არის მართებული, რადგან ნებისმიერი ბიზნესისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს კონკურენტები წარმოადგენენ, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და ცვლილებებთან ადაპტირდებიან.
„ბიზნესის დაწყების ერთი ალტერნატიული გზა არსებობს, რომელზეც სათანადო ყურადღებას არ ამახვილებენ. ეს გზა წინასწარ მომზადებას უკავშირდება. შეგიძლიათ, თქვენი იდეის განსახორციელებლად წინასწარ მოემზადოთ, რამდენიმე წელი იმუშაოთ ბიუჯეტის შექმნაზე, გაწეროთ გეგმა, დაამყაროთ საჭირო კონტაქტები, შეიძინოთ ცოდნა, გაერკვიოთ ინდუსტრიაში, შაბათ-კვირას ან თავისუფალ დროს დაიწყოთ საქმიანი ნაბიჯების გადადგმა და სამსახურიდან მაშინ წამოხვიდეთ, როცა ყველანაირად მზად იქნებით ბიზნესის დასაწყებად. ახლა რაც ვთქვი, ყველაზე ლოგიკურად ჟღერს და წესით, ყველა ასე უნდა იქცეოდეს, თუმცა საქმე ისაა, რომ ადამიანებს ამდენი ხნის განმავლობაში გეგმის მიყოლა და იდეისთვის მომზადება არ შეუძლიათ. მათ ურჩევნიათ, სარისკო ნაბიჯი გადადგან დღეს და ინანონ ხვალ, ვიდრე მთელი წელიწადი მოემზადონ და სანანებელიც არაფერი ჰქონდეთ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ნებისმიერ სექტორში არიან კონკურენტები და ისინი თქვენი გამოჩენის შემდეგ არსად გაქცევას არ აპირებენ. ანტრეპრენიორების უმეტესობა მხოლოდ პროდუქტზე და მომხმარებელზე ფიქრობს, არადა ყველაზე დიდი საფრთხე ბიზნესისთვის კონკურენციაა“.
ინტერვიუს ბოლოს, ქიუბანი ახალგაზრდებზე საუბრობს და მათ რჩევას აძლევს. ამ შემთხვევაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცნობილ ინვესტორს არატრადიციული პოზიცია აქვს. მისი შეფასებით, ახალგაზრდებმა ყველაფრის პასუხი არ უნდა იცოდნენ. პირიქით, ქიუბანი ამბობს, რომ საუკეთესო იდეები შეკითხვების დასმის და პასუხების პოვნის პროცესში იბადება, ამიტომ ის ახალგაზრდებს ურჩევს, რომ არასოდეს დაკარგონ ცნობისმოყვარეობა - ეს ის მთავარი თვისებაა, რომელსაც ადამიანი სწორ გადაწყვეტილებებამდე და დიდებულ იდეებამდე მიჰყავს.
„ახალგაზრდებს მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევდი - იყავით ცნობისმოყვარენი. ეს თვისება მიგიყვანთ საჭირო შეკითხვებამდე, ხოლო შეკითხვები პასუხების პოვნისკენ გიბიძგებთ, პასუხებიდან ერთ-ერთი კი, შესაძლოა, დიდებული იდეა იქნეს, რომელიც მრავალმილიარდიან ბიზნესად იქცევა. საზოგადოებაში არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ახალგაზრდამ ყველაფერი უნდა იცოდეს და ყველაფრის პასუხი უნდა ჰქონდეს. ეს ასე არ არის, ახალგაზრდას ყველაფერი უნდა აინტერესებდეს და ყველაფერზე ცდილობდეს პასუხის პოვნას, სწორედ ამ მცდელობაში იბადება დიდებული იდეები. ვფიქრობ, რომ რაღაც საქმეში ყველას შეუძლია მსოფლიო დონის ექსპერტი გახდეს, მთავარია, დროულად იპოვო, თუ რა არის ეს საქმე და შემდეგ უკვე იმ მიმართულებით განვითარდე. როგორც წესი, ყველაზე რთული ამ ერთი საქმის პოვნაა, ზოგიერთი ადამიანი ამას მთელი ცხოვრება ვერ ახერხებს, რაც დასანანია, თუმცა ასეა.
როდესაც ლექციის ჩასატარებლად საკლასო ოთახში შევდივარ მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ის ნათურა, მერხი თუ სკამი, რომელიც ახლა მათ ოთახშია განთავსებული, ერთ დროს ვიღაცის იდეა იყო, რომელიც შემდგომ ბიზნესად იქცა. თუკი მათ შეძლეს და ასეთი მარტივი, თუმცა გამოსადეგი პროდუქტები შექმნეს, თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ამას ვერ შეძლებთ? ჩემი აზრით, მსოფლიოს შეცვლა ყველას შეგვიძლია, მთავარია, მოვინდომოთ“.