მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმარება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ქაღალდის მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის განვითარებაში

georgian packaging

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდა, სხვადასხვა სექტორს საწარმოო ხაზის გაფართოებაში, ხარისხის მართვის სერტიფიცირების მოპოვებასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებაში ეხმარება. პროგრამის ბენეფიციარ სექტორებს შორის ერთ-ერთი შესაფუთი ქაღალდის წარმოებაა, რაშიც, 4 წლის განმავლობაში, USAID-ის $400 000-იანი ინვესტიცია ჩაიდო.

პროგრამასა და ქაღალდის მწარმოებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობაზე BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში პროგრამის წარმომადგენელი, მაია ნიჟარაძე, საუბრობს. 

“როდესაც პროექტი დაიწყო 2019 წელს, თავიდანვე ძირითად მიმართულებად მსუბუქი მრეწველობა იყო, თუმცა კონკრეტული სექტორები გარკვეულ კრიტერიუმებზე დაფუძნებით ავარჩიეთ, რომელთა შორისაც იყო ბაზარზე ზრდის ტენდენცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივა, საექსპორტო ბაზრებზე წვდომა… აქედან გამომდინარე შეირჩა შეფუთვების მწარმოებელი კომპანია, რომელშიც მრავალი მიმართულება შედის. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რა შესაძლებლობები არსებობს კონკრეტულად ამ სექტორში და მიზნად ქართული კომპანიების ექსპორტზე გასვლა განისაზღვრა”, - ამბობს მაია ნიჟარაძე.

Georgian Packaging და Caucaspack ორი კომპანიაა, რომელმაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრხთოების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დახმარება მიიღო. 

Georgian Packaging ქართულ ბაზარზე ქაღალდის ჭიქებს, კრაფტის ქაღალდის პარკებს, მუყაოს ყუთებსა და სხვა შესაფუთი მასალებს 2016 წლიდან აწარმოებს.  თბილისში ახლად აშენებული 30 000 კვ.მ. ობიექტისთვის კომპანიას Bailing Press მანქანა გადაეცა. გარდა ამისა, კომპანია  სრულად აკმაყოფილებს კვების ხარისხის ქაღალდის შესაფუთი ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მას საშუალებას აძლევს საერთაშორისო ბრენდების, McDonald’s-ის, KFC-ის, Wendy’s-ის და სხვ. შეფუთვებიც აწარმოოს. Georgian Packaging-ი ამ ეტაპზე 60%-იანი დატვირთულობით მუშაობს და წარმოების 10%-ს საექსპორტო ბაზრებზე ყიდის. 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შპს Caucaspack-ს საჰაერო კომპრესორის გადაეცა, მათ შორის საშრობი და სხვა დანადგარები პლასტმასის შეფუთვის საწარმოო ხაზისთვის. უახლესი და მაღალტექნოლოგიური მანქანებით, აღჭურვილი და განახლებული საწარმოო ხაზით კომპანიამ უკვე დაიწყო უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადება.პროგრამის მხარდაჭერით Caucaspack - ი უახლოეს მომავალში გაივლის ხარისხის სერტიფიცირებას: ხარისხის მართვის სისტემების, გარემოს დაცვის სტანდარტი და სამუშაო გარემოს/შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დამკვიდრების მიმართულებით. Caucaspack-ის თვიური წარმადობა, სიმძლავრეების სრული დატვირთვით, 500 ტონა მზა პროდუქტია, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე 70%-იანი დატვირთვით მუშაობს და წარმოების 40% ექსპორტზე გააქვს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დახმარება ერთჯერადი არ იყოს. როდესაც განვსაზღვრეთ სექტორის საჭიროებები, მაშინვე ასევე განვსაზღვრეთ ის აქტივობები და ღონისძიებები, რაც არა მხოლოდ წარმადობის გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის დასჭირდებოდათ, არამედ გრძელვადიან შედეგზე გაიყვანდათ, კვალიფიციურ კადრებს უზრუნველყოფდნენ და ა.შ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს მაია ნიჟარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები