21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილას სათამაშოდ დაშვება კანონით აიკრძალება, - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი მოთამაშეთა ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართვის შესაძლებლობას გამორიცხავს და აღნიშნული ბაზები უფრო გამჭვირვალე და მოწესრიგებული იქნება.
"აღნიშნულ რეესტრში, რომელზეც კანონპროეტში ვსაუბრობთ, სახელმწიფოს ძალით არავინ შეყავს. ეს ის მექანიზმია, როდესაც პირს სურვილი აქვს თვითშეზღუდვა განახორციელოს, სახელმწიფო კი აღნიშნული თვითშეზღუდვის ეფექტურად განსახორციელებლად შესაბამის პლატფორმას ქმნის.
გარდა იმისა, რომ რეგისტრაციის წესი იცვლება, პირის რეგისტრაცია უშუალოდ წარდგინებით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ის ბაზები, რომლებიც ოპერატორებს აქვთ ბევრად უფრო გამჭვირვალე და მოწესრიგებული იქნება. შესაბამისად პირი, რომელიც რეგისტრირებული იქნება ნამდვილად 21 წელზე ასაკზე მეტის იქნება. მეორე მხრივ, თანხების მოძრაობა უფრო მეტად გამჭვირვალე გახდება, რაც საბანკო ტრანზაქციების საშუალებით გადამოწმდება", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, ანგარიშების გამჭვირვალობა მოთამაშე პირების ასაკის დარეგულირებას გაამარტივებს და მათ იდენტიფიცირებას კიდევ უფრო გაადვილებს.
"მოთამაშის ანგარიშზე შესაბამისი საბანკო ანგარიში იქნება მიბმული, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ პირები, რომლებიც თამაშობენ და სათამაშო ოპერატორებთან შესაბამისი ანგარიში აქვთ გახსნილი, ასაკის მიხედვით იქნებიან იდენტიფიცირებული. საბანკო ტრანზაქციებით, როდესაც ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა მოხდება ეს კონტროლის განხორციელებას ბევრად გაამარტივებს. საქართველოს მოქალაქეების უცხოურ ოპერატორებთან თამაშს რაც შეეხება კაზინოებსა თუ სხვადასხვა ტიპის თამაშობებში, ჩვენ შესაბამისი სტატისტიკა გვაქვს და საიტებზე ვნახულობთ საქართველოს ბაზრის თანხის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნიდან გაედინება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა მინიმალურია და დაახლოებით ორჯერ მეტია იმ თანხის ოდენობა, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისგან საქართველოს ოპერატორებთან შემოდის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
კანონპროექტით, "დამოკიდებულ პირთა სიას" შემოსავლების სამსახური აწარმოებს და ამ სიაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა არის დასაშვები.
"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების განსაზღვრა რეესტრის საშუალებით მოხდება. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მექანიზმები დღესაც არის და თითოეულ სათამაშო ოპერატორთან პირს შესაძლებლობა აქვს განცხადება დაწეროს. არის შემთხვევები, როდესაც ოპერატორები თვითონ უკრძალავენ ასეთ პირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა რეესტრის უპირატესობა ის იქნება, რომ პირს აღარ მოუწევს 20-30 და მეტ ოპერატორთან სიარული იმისთვის, რომ აღნიშნულ რეესტრში შეიყვანოს თავისი თავი. მას ერთადერთი განცხადების წარდგენა მოუწევს შემოსავლების სამსახურში, სადაც შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებულად ყველა ოპერატორს მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათ ბაზებშიც აისახება", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

























