მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გადამოწმდებიან საქართველოში დასაქმებული უცხოელები? - განმარტება

ტურიზმი

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ბუნტურმა განაცხადა, რომ საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირება აქტიურად მიმდინარეობს და აღსრულების მექანიზმები სულ უფრო იხვეწება. მისი თქმით, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესში რამდენიმე უწყებაა ჩართული.

გიორგი ბუნტურის განმარტებით, მიგრაციული პროცესების მართვასა და კონტროლში, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან ერთად, შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობენ. აღსრულების მექანიზმები მოიცავს როგორც დოკუმენტურ შემოწმებას, ასევე საველე მონიტორინგს.

„ჩვენი რესურსი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გამოვავლინოთ არალეგალურად დასაქმების შემთხვევები. ამაში გვეხმარება შრომის ინსპექცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც არალეგალურ მიგრაციას ებრძვის“, - აღნიშნა ბუნტურმა.

სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, თუ მოქალაქე შეამჩნევს უცხოელ გიდს, რომელიც საქართველოში არალეგალურად საქმიანობს, მას შეუძლია ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს შეატყობინოს.

„მაგალითად, თუ მოქალაქემ იცის, რომ კონკრეტულ წელს გიდის საქმიანობა შეზღუდულია და ხედავს უცხოელ გიდს, რომელიც მუშაობს, მას შეუძლია მოგვმართოს. ჩვენ კი, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, რეაგირებას მოვახდენთ,“ - განაცხადა გიორგი ბუნტურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიგრაციული პროცესების რეგულირება საქართველოში ახალი არ არის და ბოლო წლებში სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, თუმცა ახლა მიდგომები უფრო გამკაცრდა და საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა.

„ის რისკი, რომ დადგენილი ნორმები ვერ აღსრულდება, დღეს ნამდვილად არ არსებობს,“ - დასძინა ბუნტურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები