მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გადანაწილდება ბაზარზე წილები, თუ "ბილაინი" საქართველოს დატოვებს

5c4995862fc90
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.19 18:40
1828
საქართველოს კომუნიკაციების ბაზრის მესამე უმსხვილესი მოთამაშე, “ბილაინი” ბაზრიდან გასვლაზე ფიქრობს, ამის შესახებ GNCC-ის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა განაცხადა. “ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს”- განაცხადა კახა ბექაურმა, თუმცა აღნიშნული თავად კომპანია "ბილაინში" არ დაადასტურეს.

„ბილაინი“ დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა - ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის  განცხადებაში. 

“ბილაინი” ამ ბაზრის ერთადერთი წამგებიანი მოთამაშეა; 2017 წლის განმავლობაში "მაგთის" წმინდა მოგება 99 მილიონი ლარი, "ჯეოსელის" წმინდა მოგება 26 მილიონი ლარი იყო, "ბილაინმა" კი, 50 მილიონიანი ზარალი განიცადა.

დღეს ბაზრის წილები ასე ნაწილდება - "მაგთი"- 40%; "სილქნეტი" -  36%; "ბილაინი" - 23%.

“ბილაინისთვის” მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კომპანია ვერ ახერხებს გაზარდოს საკუთარი აბონენტებიდან მიღებული საშუალო შემოსავლის მაჩვენებელი. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკის მიხედვით, "ჯეოსელს" ანუ "სილქნეტს", თითოეული აბონენტისგან თვეში საშუალოდ 8.22 ლარი შესდის, "მაგთის" შემოსავალი ყოველ აბონენტზე 9.56 ლარია, ხოლო "ბილაინისთვის" კი, შემოსავალი 6.12 ლარია.

სამივე ოპერატორს უწევს მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) შეინარჩუნოს სრული დაფარვის ზონა (დაახლოებით, 95%) რაც თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვან ფიქსირებულ ხარჯს წარმოადგენს. იმის გათვალისიწინებით, რომ "ბილაინის" აბონენტების რაოდენობა სხვებთან შედარებით ნაკლებია, და თანაც თითოეული მისი აბონენტისგან კომპანიას 30%-ით უფრო ნაკლები შესდის, ვიდრე სხვებს, ეს კომპანიას ზეწოლის ქვეშ ამყოფებს.

თუ ბაზრის არსებული მსხვილი მოთამაშე გადაწყვეტს “ბილაინის” შეძენას, ასეთი გარიგება შესაძლოა, კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის მონოპოლიზების თავიდან არიდების მიზნით დაბლოკოს, რადგანაც თუ ერთი ან მეორე მსხვილი ოპერატორი შეიძენს "ბილაინს", მისი საბაზრო წილი 63% ან 59%-მდე გაიზრდება.



მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “ბილაინის” ორივე კონკურენტი ამავდროულად წარმოდგენილია კომუნიკაციების ბაზრის სხვა სექტორებშიც - ინტერნეტის, ფიქსირებული ტელეფონებისა და საკაბელო (ინტერნეტ) ტელევიზიის ბაზრებზე. შესაბამისად, მათი სტრუქტურა უფრო დივერსიფიცირებულია.

არსებული მდგომარეობით, "მაგთის" 371,014 აბონენტი ჰყავს, რაც ინტერნეტის ბაზრის 45%-იან წილს შეადგენს. "სილქნეტის" აბონენტების რაოდენობა კი, 275,869-ია, რაც ბაზრის 33.7%-იანი წილია. შესაბამისად, საქართველოს ინტერნეტის მთლიანი ბაზრის 79.1% ამ ორ კომპანიაზე არის კონცენტრირებული. დანარჩენი 21% კი, განაწილებულია მცირე მომწოდებლებზე, რომელთაგან 5%-ზე მეტიც, არცერთ კომპანიას არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები