საფრანგეთის კლუბი “Lille OSC” თითქმის გაკოტრების ზღვარზე იყო.
"კლუბი ფაქტობრივად გაკოტრების მდგომარეობასთან ძალიან ახლოს იყო,“ - ასე აღწერს სიტუაციას “ლილის” პრეზიდენტი ოლივერ ლეტანგი, როდესაც 2020 წლის დეკემბერში საინვესტიციო ჯგუფმა Merlyn Partners კლუბი შეიძინა.
მიუხედავად მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, პარადოქსულად, იმავე პერიოდში ლილი ლიგა 1-ის სათავეში იყო და საბოლოოდ იმ სეზონში ჩემპიონიც გახდა ისტორიაში მეოთხედ.
“ლილი” გაიყიდა კომპანია Callisto Sporting-ზე, რომელიც Merlyn-ის შვილობილი სტრუქტურაა, მას შემდეგ რაც კლუბის მთავარმა კრედიტორებმა JPMorgan Chase-მა და Elliott Management-მა აიძულეს მაშინდელი მფლობელი ხერარდ ლოპესი თავისი წილი გაეყიდა. მოგვიანებით ლოპესი გადავიდა “ბორდოში”, რომელიც 2024 წელს გაკოტრდა და მეოთხე ლიგაში დაქვეითდა.
ახალმა მფლობელებმა “ლილში” მძიმე ფინანსური მდგომარეობა მიიღეს. კლუბს დაახლოებით 200 მილიონი ევროს ვალი ჰქონდა, თანაც მაღალი პროცენტით. ამასთან ერთად, გუნდს ჰქონდა დიდი გადასახდელი ტრანსფერებისთვის და მაღალი სახელფასო ფონდი, რაც მთლიანობაში არამდგრად მოდელს ქმნიდა.
2024 წლის ოქტომბრიდან “ლილი” უკვე ვალების გარეშე ფუნქციონირებს.
მხოლოდ ხუთ წელიწადში “ლილი” ევროპაში ყველაზე მოგებიან კლუბად დასახელდა UEFA-ს ანგარიშის მიხედვით, 2024-25 სეზონში მათ 94 მილიონი ევროს მოგება მიიღეს. ოთხ წელიწადში ჯამურმა მოგებამ 170.8 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა პანდემიამდე ოთხ წელიწადში კლუბს 266.9 მილიონი ევროს ზარალი ჰქონდა.
სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად შემცირდა 89.9 მილიონიდან 74.7 მილიონ ევრომდე. ხელფასების და შემოსავლის თანაფარდობა 63% გახდა, რაც ლიგა 1-ში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
“ლილის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა სწორი სპორტული პოლიტიკა. როდესაც ლეტანგი მივიდა კლუბში, გუნდს 60-ზე მეტი პროფესიონალი ფეხბურთელი ჰყავდა ეს რიცხვი 23-24-მდე შეამცირეს. შედეგად გაიზარდა კონკურენცია, მოტივაცია და ვარჯიშების ხარისხი.
“ლილის” ახალმა მფლობელებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კლუბის აკადემიის განახლებას, იმ აკადემიის, რომელმაც ფეხბურთს მისცა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ედენ აზარი, ბენჟამინ პავარი და იოჰან კაბაიე. თუმცა, მფლობელების მოსვლამდე წლებში ძალიან ცოტა ფეხბურთელი გადადიოდა აკადემიიდან პირველ გუნდში.
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეების გაყიდვა “ლილის” ბიზნესმოდელის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩნდება კითხვა: ხომ არ არის იმედგაცრუება, როცა საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები ტოვებენ კლუბს?
შირმერი ამბობს, რომ იდეალურ სამყაროში ყველა მოთამაშე დარჩებოდა, მაგრამ რეალურად კლუბის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის აუცილებელია პერიოდულად ფეხბურთელების გაყიდვა. თანაც, გარკვეულ ეტაპზე ეს თავად მოთამაშისთვისაც სამართლიანია, როცა დიდი კლუბი გიწვევს, უნდა მიეცეს შანსი.




























