რობოტიკის საერთაშორისო ჩემპიონატში First Global საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა. გუნდმა, რომელიც ევროპული სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა, პანამაში გამართულ შეჯიბრებაში წარმოებული საინჟინრო დოკუმენტაციისთვის კეტრინ ჯონსონის ჯილდო (Katherine Johnson Award) მოიპოვა.
რა კრიტერიუმით აფასებს First Global-ი მონაწილე გუნდებს და რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების მიერ მიღებული ჯილდო - ამ საკითხებზე "საქმიანი დილას" ეთერში ნაკრების მენტორმა გურანდა გოგალაძემ და წევრებმა - ალექსანდრე თედიაშვილმა და საბა რობაქიძემ - ისაუბრეს.
"ხუთ თვეზე მეტია ვემზადებით ამ ღონისძიებისთვის. წელს პირველად ჩატარდა ღია შესარჩევი პრინციპით კონკურსი და საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა. ამ ღია შესარჩევი კონკურსით შეირჩა ხუთი მოსწავლე და ამ ხუთი თვის განმავლობაში გარდა იმისა, რომ ტექნიკური დავალება უნდა შეესრულებინათ მოსწავლეებს, როგორც იყო რობოტის აწყობა და პროგრამირება კონკრეტული დავალებისთვის, ასევე ჰქონდათ სოციალური მედიის მიმართულებით სხვადასხვა ამოცანები. ჯილდო რისთვისაც მოვიგეთ, ამ დოკუმენტზე მიმდინარეობდა ამ ხუთი თვის განმავლობაში მუშაობა, ვამზადებდით მათ საინჟინრო დოკუმენტაციას. ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებდნენ ბავშვები რობოტის კეთებისას, ყველაფერი ფორმულებით და სტრატეგიებით იყო დოკუმენტირებული.
ჩემპიონატში სამი ტექნიკური მიმართულების ჯილდოა. ერთი არის კონკრეტულად საინჟინრო, მეორე არის ინოვაციური და მესამე არის ამ ორივეს დოკუმენტირება. ძალიან გამოცდილი ჟიური აფასებს ამ ყველაფერს, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი 20 წელზე მეტია ავიაციაში მუშაობს და ამ ტიპის ინჟინერი რომ გიფასებს შენ დოკუმენტაციას, რომელიც ბავშვების მიერ არის შედგენილი, და ამაში ვერცხლის მედალს გაძლევენ, მე მგონია, რომ საქართველოსთვის არის ძალიან დიდი ამბავი. ჩვენი ბავშვები ტექნიკურ ინოვაციებს ახორციელებენ ისე კარგად, რომ 150 ქვეყანაში დავფასდით", - ამბობს გურანდა გოგალაძე.
First Global-ის ვებგვერდის თანახმად, წლევანდელი ჩემპიონატის თემა ეკოსისტემის დაცვა და აღდგენა იყო. წელს მონაწილეებს მოუწიათ თავიანთი რობოტების მართვა მრავალფეროვან, სიმულირებულ სამყაროში, იმ მიზნით, რომ აღედგინათ ბუნებრივი ჰაბიტატები, შეენარჩუნებინათ ეკოლოგიური ბალანსი და დაეცვათ საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები. გარდა ამისა, გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში Eco Equilibrium – New Technology Experience (NTE), სადაც მათ შეიმუშავეს ინიციატივები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებს ბიომრავალფეროვნების დასაცავად და მდგრადი გადაწყვეტილებების წასახალისებლად.
"დავალების მთავარი შინაარსი ეკო მეგობრობა და ეკოსისტემის აღდგენა იყო. კონკრეტული დავალება იყო, რომ კალათის მსგავსი სისტემიდან გარკვეული ბარიერები მოგვეშორებინა, დიდი ზომის ბურთების სახით. შემდეგ კი შიგნით პატარა ზომის ბურთები მოგვეთავსებინა, რაც ეკოლოგიურ ბალანსს დაამყარებდა. ჩვენ რობოტს შეეძლო მსგავსი ფუნქციის შესრულება, რაც იყო მცირე ზომის ბურთების აგროვება, თავის კალათაში შენახვა. ასევე დავალების ბოლოს იყო 30 წამი მოცემული, რომ რობოტი ასულიყო თოკზე, რაც იყო ერთ-ერთი ურთულესი დავალება ზოგადად, რაც ასევე შეასრულა უმაღლეს დონეზე", - აღნიშნავს ნაკრების წევრი ალექსანდრე თედიაშვილი.
"ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ბურთი აგვეგროვებინა. ჩვენს რობოტს შეეძლო 12-15 ბურთი აეგროვებინა. ბოლო დავალებისთვის კი ალექსანდრემ გამოიგონა ამწევი მექანიზმი, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ იდეალურად მუშაობდა. ეს იყო ყველაზე რთული ნაწილი, ყველა ასე ამბობს, მაგრამ ჩვენთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენდა. რამდენჯერაც დავდექით, იმდენჯერვე ავწიეთ მეოთხე დონეზე. მეოთხე დონე არის მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება აიწიოს რობოტი", - ამბობს საბა რობაქიძე.
First Global არის საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატია, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს 150-ზე მეტი ქვეყნის მოსწავლეებს. მონაწილე გუნდები კი ქმნიან და აპროგრამებენ რობოტებს კონკრეტული დავალების მიხედვით. კონკურსი კი მიზნად ისახავს ინოვაციების, კოლაბორაციისა და STEM განათლების პოპულარიზაციას.

























