მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გაკონტროლდება ავტომობილების ტექდათვალიერება?

5a07311dbcbb7
BM.GE
12.11.17 11:00
9378
იმ ავტომობილების მართვა, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, - აღნიშნული ცვლილება ’’საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა, - თემაზე ’’საქმის კურსთან“ ’’ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი საუბრობს.

-ბატონო დავით, აღნიშნული პრაქტიკა საერთაშორისო გამოცდილების დონეზე რამდენად მიღებულია და როგორია ამ კონცეფციის მართვის ყველაზე კარგი პრაქტიკა?

-დღესაც კი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ შეწყვეტილა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის რომლებსაც 8-ზე მეტი მგზავრი გადაყავთ, ან 3.5 ტონაზე მეტი მასის მქონეა. ასეთი არის 187 ათასი სატრანსპორტო საშუალება და ოფიციალური სტატისტიკით, დაახლოებით 14% მიმართავს ტესტირებას. სხვა დანარჩენი უბრალოდ არ მიდის იქ ტესტირების გასასვლელად. ეს უკვე მთავარ გამოწვევას გვაჩვენებს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან ეტაპობრივად რომ შევა ყველასთვის ძალაში და სავალდებულო გახდება, პირველივე საკითხი დგება აღსრულების ნაწილში რამდენად ვართ მზად და რამდენად სწორი მექანიზმი გვექნება დანერგილი, რომ აღსრულება შედგეს აღნიშნული კანონის და არ დარჩეს იგი ფურცელზე ისე, როგორც ახლა არის.

-50 ლარიანი ჯარიმა ერთადერთი ბერკეტი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან..

-რა თქმა უნდა, ჯარიმა ერთადერთი ბერკეტი არ არის, თუმცა ამის გარეშეც არ გამოდის სამწუხაროდ. შვედეთის შემთხვევაში, რომლის მაგალითებსაც მე ვიცნობ, იქ პრაქტიკულად ჯარიმაზე და მის ოდენობაზე არ საუბრობენ, იქ სრულიად სხვა მექანიზმებია აღსრულების, უფრო მნიშნელოვანი. შვედეთში ეს დაზღვევაზეა მიბმული, ანუ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვიცით, რომ ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება, რომლებსაც ავტომობილის ნომრის მიხედვით შეეძლებათ იმის შეცნობა გავლილი აქვს თუ არა ავტომობილს პერიოდული ტექნიკური დათვალიერება. მეორე მხრივ, არის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ჩვენ სახელმწიფოს ისეთი მოწყობილობებს სთავაზობენ, რომლებიც გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ ავტომატურად, გამონაბოლქვის შემთხვევაში მოწყობილობა თავად იღებს ფოტოს, ზომავს გამონაბოლქვის შემადგენლობას და ა.შ. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საპატრულო პოლიცია დასდევდეს ავტომობილებს, მათ ისედაც გაეზარდათ ფუნქციები.

-ვადები როგორი შეიძლება იყოს, რა ვადებში უნდა ჩაეტიონ ავტომობილები?

-ორი ტიპის საკითხი არსებობს, ერთი ვადები ვინ როდის გაივლის და მეორე თუ კი ჩვენ გერმანულ ან თუნდაც შვედურ სტანდარტს მოვითხოვთ, ბუნებრივია მის დაკმაყოფილებას ბევრი ვერ შეძლებს. რამდენადაც ბოლო საუბრებიდან გამომდინარე ვიცი, პირველ ეტაპზე ის კვლავ იმ სატრანსპორტო საშუალებებს შეეხება, რომლებსაც ახლაც ევალებათ გავლა და არ გადიან და შესაძლოა შემდეგ ეტაპზე ეს სახელმწიფო სამსახურებზე რეგისტრირებულ ავტომობილებს შეეხოს, ან იგივე კერძო კომპანიებზე დარეგისტრირებულებს. რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა, მას შემდეგ რაც გამოცხადდება რა მოწმდება და როგორ ვფიქრობ დაახლოებით 6-7 თვიანი ვადა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ავტომობილები მოვაწესრიგოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები