1974 წლის ზაფხული არქიტექტურის პროფესორმა ისეთ გამოგონებას მიუძღვნა, რომელიც სტუდენტებისთვის სამგანზომილებიანი ტრანსფორმაციის მოდელირებაში დაეხმარებოდა. პროფესორი თვეობით უკირკიტებდა ხისგან, ქაღალდისგან, წებოსა და ქაღალდის დამჭერებისგან აწყობილ კუბს, სანამ მიზანს არ მიაღწია, გამოგონებას კი მაგიური კუბი უწოდა.
პროფესორი უნგრელი ბიზნესმენი, იმ დროს 30 წლის ერნო რუბიკია, გამოგონებას კი დღეს მსოფლიო რუბიკის კუბის სახელით იცნობს.
კუბის იდეა, ერთი შეხედვით, მარტივია. საწყის ფორმაში კუბის ექვსივე წახნაგი ცხრა მცირე ზომის და ერთი ფერის კვადრატითაა დაფარული. იმისთვის, რომ რუბიკის კუბი ააწყო, შენი ამოცანაა, რომ არეული კვადრატები საწყის პოზიციას დაუბრუნო ისე, რომ ექვსივე წახნაგი კვლავ ერთი ფერის - წითელი, მწვანე, ყვითელი, სტაფილოსფერი, ლურჯი ან თეთრი იყოს.
ერნო რუბიკი თავისი გამოგონების გლობალურ ფენომენად ქცევას არც ელოდა. იმ დროს უნგრეთი რკინის ფარდის მიღმა რჩებოდა და მაგიური კუბიც მხოლოდ უნგრელი მეცნიერებისთვის, მათემატიკოსებისა და ინჟინრებისთვის უნდა ყოფილიყო მიმზიდველი. მეტიც, ერნო თავადაც ვერ ხვდებოდა, რომ მისი გამოგონება თავსატეხი იყო, რომელსაც ამოხსნა სჭირდებოდა, ვიდრე თავად არ არია ფერები ერთმანეთში და შემდეგ თავიდან აწყობა არ სცადა.
ერნომ თავისი გამოგონება, როგორც სათამაშო, “მაგიური კუბის” სახელით 1975 წლის იანვარში დააპატენტა. სატესტო ვერსიები უნგრეთის სათამაშოთა მაღაზიებში 1977 წლიდან გამოჩნდა და პროტოტიპული ხის ნაცვლად, პლასტმასით იყო აწყობილი. კუბი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად, თავად ერნოს თანხმობით, გერმანიაში, ნურემბერგის სათამაშოების გამოფენაზე, ორი წლის შემდეგ, თებერვალში წარდგა. სწორედ ამ გამოფენაზე შეამჩინია რუბიკის გამოგონება თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა აგენტმა, ტომ კრამერმა - მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მაგიურ კუბს გლობალურად კომპანია Ideal Toy გაავრცელებდა, სახელად კი მაგიური კუბის ნაცვლად, შემქმნელის პატივსაცემად, რუბიკის კუბი ეწოდებოდა.
1980 წლის დასაწყისში რუბიკის კუბი უკვე აქტიურად ჩნდებოდა საერთაშორისო გამოფენებზე ლონდონში, პარიზში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებშიც კი. თუმცა, საერთაშორისო დებიუტის შემდეგ გამოგონება უნგრეთში, სათამაშოების ქარხანაში დაბრუნდა. კუბი იმგვარად უნდა ყოფილიყო წარმოებული, რომ შეფუთვისა და უსაფრთხოების დასავლური სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, რამაც სულ 3 თვე წაიღო. უნგრეთიდან რუბიკის კუბების პირველი პარტია 1980 წლის მაისში გავიდა ექსპორტზე.
1980-იანი წლების პირველ ნახევარში კუბის საერთაშორისო წარმატება მოკრძალებული, თუმცა კარგი საწყისი იყო. რუბიკის გამოგონებამ “საუკეთესო სათამაშოს” ტიტული საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა. სამ წელიწადში გლობალურად დაახლოებით 200 მილიონი რუბიკის კუბი იყო გაყიდული. 1981 წელს გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ თავსატეხის სწრაფად ამოხსნის ჩემპიონატიც გამართა.
არ არსებობდა გავლენიანი ბეჭდური მედია, რომლის ყდაზეც რუბიკის კუბი არ გამოესახათ. უნგრულ გამოგონებაზე წერდნენ Scientific American, The Washington Post და New York Times-იც კი. ჟურნალებში სათამაშო მოხსენიებული იყო, როგორც ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერი ასაკის ბავშვის ყურადღებას იპყრობს, 7-დან 70 წლამდე.
გამოგონების წარმატებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ადამიანების უმრავლესობას კუბის მხოლოდ ორი წახნაგის აწყობა შეეძლოთ სრულყოფილად, რამაც თავსატეხის ამოსახსნელად დამხმარე წიგნების დაბეჭდვის აუცილებლობა გააჩინა. მხოლოდ ჯეიმს ნურსის წიგნის “მარტივი ამოხსნა რუბიკის კუბისთვის” 6 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
კუბის პოპულარობა ყოველთვის თვალსაჩინო არ ყოფილა. 1982 წლიდან New York Times-ი იტყობინებოდა, რომ კუბის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ჩაცხრა. გაყიდვები შემცირდა და ორი ათწლეულის განმავლობაში აღარც გაზრდილა, სანამ ადრეულ 2000-იანებში ის თავიდან არ აღმოაჩინეს. 21-ე საუკუნეში კი ერნო რუბიკის გამოგონება სტაბილურად რელევანტურია.
გამოგონებამ, რომელიც არქიტექტურის პროფესორს სტუდენტებისთვის მასალების ახსნაში უნდა დახმარებოდა, ერნო რუბიკის სახელს უკვდავება, თავად ერნო რუბიკს კი დიდძალი ქონება მოუტანა. გასულ წელს, რუბიკის კუბის 50 წლის იუბილეზე ცნობილი გახდა, რომ გლობალურად სათამაშოს 450 მილიონი ერთეულია გაყიდული. Ideal Toy-სთან შეთანხმების თანახმად, ერნო ყოველთვიურად $30 000-ის ოდენობის საავტორო ჰონორარს იღებდა. მისი ქონება ამჟამად $100 მილიონ დოლარადაა შეფასებული, თუმცა თავად რუბიკი ამტკიცებს, რომ საბანკო ანგარიშს არასდროს ამოწმებს და არ იცის, რამდენს გამოიმუშავებს.
ადრეულმა წარმატებამ და ქონების მოხვეჭამ რუბიკს საშუალება მისცა, ცხოვრება როგორც სურდა, ისე წარემართა. გამომგონებელმა ცხოვრება ავეჯისა და სათამაშოების დიზაინების შექმნას მიუძღვნა, დააფუძნა საკუთარი სტუდია და ინჟინერიის აკადემია, სადაც ახალგაზრდა ტალანტები “რუბიკის ფონდის” დაფინანსებით სწავლობენ. სწორედ ამიტომ, ერნო რუბიკი კვლავ რჩება საყვარელ გამომგონებლად იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრების არაერთი საათი ექვსფერიანი კუბის აწყობას დაუთმეს, თუმცა შეუფასებელია ერნოს გავლენა სათამაშოების ინდუსტრიაზეც.




























