მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა Twitter-ი?

61b77cdf52953
მარიამ ადამია
14.12.21 00:30
873
ჯეკ დორსი, ნოა გლასი, ბიზ სტოუნი და ევან უილიამსი - ამ ოთხმა ადამიანმა 2006 წელს დააფუძნეს კომპანია, რომელიც დღეს დაახლოებით 3.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის გენერირებას ახერხებს, მოგება კი მილიარდ დოლარზე მეტი აქვს. კომპანიის აქტივები 10 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 35 მილიარდია და ოთხივე მათგანიც მილიარდერია.

თავდაპირველად დამფუძნებელთა ოთხეულიდან ჯერ ბიზ სტოუნი და ევან უილიამსი გაერთიანდა, რომლებიც ერთად კომპანია Google-ში მუშაობდნენ და შექმნეს პოდკასტების პლატფორმა “ოდეო”, რომელსაც ნოა გლასიც შემოუერთდა. მოგვიანებით კი, კაფეში სრულიად შემთხვევით, ჯეკ დორსი გაიცნეს, რომელიც იმ დროს ელექტრონული ბილეთების გამყიდველი კომპანიისთვის პროგრამას წერდა და ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ იმის მისახვედრად, რომ დორსი სილიკონ ველის ამომავალი ვარსკვლავი იყო და კომპანიაში მუშაობა შესთავაზეს. არც შემცდარან. რისკმაც გაამართლა და შრომამაც თავისი შედეგი გამოიღო. ასე შეიკრა ოთხეული და დაიწყეს ერთ-ერთი გამორჩეული სოციალური სივრცის შექმნა. ეს ის პერიოდია, როდესაც პოდკასტებში თანდათან კონკურენცია იზრდებოდა და “ოდეოში“ გადაწყვიტეს, ახალ იდეებზე ემუშავათ. სწორედ ამ დროს გაუჩნდა დორსს SMS სტატუსების იდეა და შეუდგნენ ახალ პროექტზე მუშაობას. პლატფორმას თავიდან twttr ერქვა. ეს სახელი აირჩიეს, რადგან დომენი twitter.com დაკავებული იყო და მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეძლეს გამოსყიდვა.

დორსმა პირველი “ტვიტი“ – “just setting up my twttr” 2006 წლის 21 მარტს გამოაქვეყნა. 2006 წლის ივლისამდე პლატფორმას სატესტო რეჟიმში მხოლოდ “ოდეოს“ თანამშრომლები იყენებდნენ, ხოლო “ტვიტერი“, როგორც კომპანია 2007 წლის გახდა და თავად “ოდეოც“ შეისყიდა.

2007 წლის გაზაფხულზე მომხმარებლები დღეში დაახლოებით 20,000 “ტვიტს“ აქვეყნებდნენ. 2008 წლის ბოლოს კი უკვე მათი რაოდენობა დღეში მილიონს აჭარბებდა. რეკორდული რაოდენობის პოსტები “ტვიტერზე“ განსაკუთრებით, სპორტული ღონისძიებების დროს იდებოდა. მაგალითად, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, როდესაც იაპონიამ კამერუნს გაუტანა, წამში რეკორდული რაოდენობის – 2,940 “ტვიტი“ გამოქვეყნდა. 2010 წელს “ტვიტერმა“ აპლიკაცია უკვე მობილური ტელეფონებისთვის შექმნა და დაიწყეს კომპანიებმა დარეგისტრირება, რომლებიც “ტვიტერს” მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, პოლიტიკური ლიდერებისთვის “ტვიტერი“ ოფიციალური პოლიტიკური განცხადებების მოკლედ და სწრაფად გავრცელების საუკეთესო საშუალება გახდა.

თავისთავად, გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა, გაზრდილ შემოსავლებში აისახებოდა და 2011 წელს კომპანიამ 100 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2012 წელს, ანუ დაარსებიდან 6 წლის თავზე პლატფორმა 140 მლნ მომხმარებელს აერთიანებდა, რომლებიც დღეში ჯამურად 340 მლნ პოსტს დებდნენ და ეს სტატისტიკაც ყოველდღიურად იზრდებოდა.

2012 წელს კომპანიამ პირველი ოფისი გახსნა ევროპაში, კერძოდ დუბლინში და ამავე პერიოდიდან დაიწყო სხვადასხვა მცირე ინტერნეტ და ტექნოლოგიური კომპანიების შესყიდვა. 2014 წელს თანამშრომლობა დაიწყო IBM-თან, რომლის შედეგად “ტვიტერზე“ განთავსებული ინფორმაციით მომხმარებელთა პრეფერენციების და სამომხმარებლო ტრენდების განსაზღვრა გახდა შესაძლებელი. 2015 წელს, კომპანიის შემოსავალმა 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2011 წლის შემოსავალზე 22-ჯერ მეტია. 2017 წლამდე შემოსავალი ნელი ტემპით მატულობდა. 2018-2019 წლებში კი მილიარდი დოლარით მოიმატა. ბოლო წლებში “ტვიტერის“ პოპულარობის ზრდას, განსაკუთრებით ამერიკაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ “ტვიტერის“ აქტიურად გამოყენებამაც შეუწყო ხელი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტვიტერი ერთ-ერთი პირველი პლატფორმაა, რომელმაც ყალბ ამბებთან და ანგარიშებთან ბრძოლა დაიწყო და ათასობით ანგარიში წაშალა. ასევე, ყალბ ინფორმაციაზე მანიშნებლები დაამატა და ამ ნაბიჯმა მის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაზარდა.

არც კორონავირუსულმა პანდემიამ შეუშალა ხელი “ტვიტერს” გამდიდრებაში და 2020 წლის მარტის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი გაორმაგდა, რაც დაკავშირებულია სწორედაც კორონავირუსის გავრცელებასთან. ქვეყნების “ჩაკეტვამ“ და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ, ელექტრონული სოციალური მედიის კომპანიების აქციების ფასი გაზარდა.

დღეს “ტვიტერს“ 330 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც დღეში ნახევარ მილიარდზე მეტ “ტვიტს“ აქვეყნებენ. თუმცა ამიერიდან, კომპანია თავის ისტორიას და გამდიდრებას უკვე ჯეკ დორსის გარეშე გააგრძელებს. მან თავად დატოვა თანამდებობა და ის კომპანიის სათავეში „ტვიტერის“ აღმასრულებელმა ტექნოლოგიურმა მენეჯერმა, პარაგ აგრავალმა ჩაანაცვლა. "ტვიტერის" დამფუძნებელმა და შემქმნელმა, ჯეკ დორსიმ, ამ ამბის შესახებ "ტვიტერის" მეშვეობით გვამცნო და თავის ტვიტს ის მეილიც დაურთო, რომელიც თანამშრომლებს სიტუაციის ასახსნელად და გაუგზავნა.

ჯეკ დორსი სოციალური ქსელის კომპანიის ხელმძღვანელობის პარალელურად, იკავებდა ციფრული გადახდების კომპანიის Square-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას და ბოლო პერიოდში "ტვიტერის" მეწილეებმა ის რამდენჯერმე გააკრიტიკეს, რადგან ორი გიგანტი კომპანიის დირექტორობას ითავსებდა.

ზუსტი მიზეზი, თუ რატომ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება დორსიმ უცნობია, თუმცა ის ვიცით, რომ Forbes-ის მიხედვით, ის 4 მილიარდი დოლარის მფლობელია და გრძელდება მისი გამდიდრების ისტორია, ისევე როგორც "ტვიტერის", რომლის ახალი სტრატეგია, 2023 წლისთვის წლიური შემოსავლის გაორმაგებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები