მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამოიყურება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პორტფელი?

ლარი დოლარი

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო საქართველოში 2017 წელს დაარსდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტოს მთავარი ფუნქცია საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დეპოზიტების დაზღვევაა.

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს დეპოზიტორების კუთვნილი თანხების ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში.

საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი, კანონის შესაბამისად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია.

სისტემა ამჟამად საბანკო სექტორში არსებულ 50.4 მილიარდის დეპოზიტებიდან ₾6.3 მილიარდი ლარის ანგარიშებს ფარავს. ოქტომბრის მონაცემებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობაში 5.7 მლრდ ლარის ფიზიკური პირების, დანარჩენი კი იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტებია. ბანკების მიერ ყოველთვიური შენატანი სისტემაში 3.6 მლნ ლარს აღემატება.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკა ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც თანხების ინვესტირება ხდება ურისკო აქტივებში. ინვესტირებით მიღებული მოგება კი ირიცხება ასევე ფონდის ანგარიშზე.

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული თანხები სწორედ ამ პრინციპით იმართება. ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, კერძოდ ფასიან ქაღალდებში ხორციელდება.

„ფონდის რესურსი არის 187 მილიონი ლარი, აქედან დაახლოებით 182 მილიონი ლარი არის სახაზინო ფასიან ქაღალდებში განთავსებული. ეს არის ორწლიანი და ხუთწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდები. მომავალშიც ანალოგიურად გავაგრძელებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი მაინცდამაინც მოგების მიღება არ არის, თუმცა რატომაც არა, როცა სახსრები გაქვს თავისუფალი. რაღაც პერიოდის განმავლობაში თუ მოხდება დამატებით სახსრების გენერირება ფონდისთვის რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ უნდა იყოს უსაფრთხო.

ჩვენ გვაქვს მკაცრად განსაზღვრული და მხოლოდ სახაზინო ობლიგაციებში ვახდენთ ინვესტირებას, ჯერჯერობით ასეა და ასე გავაგრძელებთ, მომავალში ვნახოთ. ახლო მომავალში ცვლილებას არ ვაპირებთ“,-განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან თოდუამ.

აღსანიშნია, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, რაც დღეს 15 000 ლარია, გაორმაგდება და 30 000 ლარამდე გაიზრდება. სააგენტოს გათვლებით, ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში დამატებით 40%-ით მეტი შენატანის განხორციელება მოუწევთ. ბანკების გარდა, დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულება წარმოეშობათ ახალი ტიპის ფინანსურ ინსტიტუტებს - მიკრობანკებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები