მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განავითარა ბიზნესი "შუხმან ვაინს ჯორჯიამ" საქართველოს ბანკის მხარდაჭერით?

საქართველოს ბანკი
26.02.24 17:29
374
სტატიაში საუბარია:

„შუხმან ვაინს ჯორჯია 2009 წელს დაფუძნდა, მაშინ, როცა საქართველოში ღვინის ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სფეროს კონკურენტუნარიანობის პერიოდი დგებოდა და კახეთი მიზიდულობის ცენტრად ყალიბდებოდა“, - ასე იხსენებს კომპანიის პირველ ნაბიჯებს ნუცა აბრამიშვილი, შუხმან ვაინს ჯორჯიას გენერალური დირექტორი.

კახეთში, სოფელ კისისხევში, გერმანელი ბიზნესმენის, ბურხარდ შუხმანის მიერ განხორციელებული ინვესტიციით დაწყებულმა მეღვინეობა - მევენახეობის ბიზნესმა, წლების განმავლობაში ღვინის ტურიზმის თითქმის ყველა მიმართულება მოიცვა და საერთაშორისო მასშტაბით სახელის დამკვიდრებაც მოახერხა.

ნუცა აბრამიშვილი, კომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, გვიამბობს, თუ რა გზა გაიარა ფრანგული შატოს კონცეფციის სასტუმრო-მარანმა დაარსებიდან დღემდე და რას გეგმავენ ისინი მომავალში.

„პერიოდი, როცა შუხმან ვაინს ჯორჯია დაარსდა, არც თუ მარტივი იყო ბიზნესის გასაკეთებლად, მაგრამ გუნდის ყველა წევრი დიდი ენთუზიაზმით იყო გამსჭვალული. გვჯეროდა, რომ ჩვენი ღვინო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მაღაზიებსა თუ რესტორნებში მოხვდებოდა და ამით საქართველოსაც ვასახელებდით. თუმცა, ამ ყველაფერს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ინვესტიცია განხორციელდა, რესურსები მაინც შეზღუდული იყო, შესაბამისად, საჭირო გახდა, გვყოლოდა ძლიერი, სანდო ფინანსური პარტნიორი, ეს როლი კი ეფექტურად შეასრულა საქართველოს ბანკმა“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ნუცა კომპანიას, პრაქტიკულად, სტარტაპის ეტაპზე შეუერთდა და როგორც ამბობს, შუხმან ვაინს ჯორჯია სწორედ მაშინ იდგა დიდი ფინანსური საჭიროებების წინაშე.

„ყველაფერი იდეიდან იწყება, მაგრამ იდეას რომ ხორცი შეასხა, სჭირდება ქმედითი ნაბიჯები, მხოლოდ ენთუზიაზმი არ კმარა, ფინანსებია საჭირო. სტარტაპებს ჩვენს ქვეყანაში დიდი მომავალი აქვთ, თუმცა აქვთ დიდი რისკები და გამოწვევები. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბანკი გვენდო, გამოგვყვა, გაიზიარა იდეები, ირწმუნა ჩვენი პოტენციალის და გახდა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი. მას შემდეგ კომპანია ინარჩუნებს უმაღლეს ლოიალობას და ვრჩებით საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებელი“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი და ამატებს, რომ განვითარების გზაზე იყო როგორც ბევრი ბარიერი, ისე გამარჯვება.

დღეს შუხმან ვაინს ჯორჯია მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული და წამყვანი კომპანიაა, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებს, აქვს საკუთარი ვენახები და ყურძნის მოკრეფიდან ბოთლში ჩამოსხმამდე სრულ პროცესს აკონტროლებს.

„შევქმენით შატოს ტიპის სასტუმრო და ვილები, სადაც წელიწადში რამდენიმე ათას დამსვენებელს ვმასპინძლობთ. ისინი აგემოვნებენ ჩვენს დაყენებულ ქვევრის ღვინოს და იგებენ მის 8000-წლიან ისტორიას, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობად იქცა“.

შუხმან ვაინს ჯორჯია გასტრონომიული მიმართულებითაც განვითარდა და სტუმრებს გამორჩეული ქართული კერძებით მასპინძლობს.

„ქართული ღვინო და ქართული კერძი ერთობლიობაში არის პროდუქტი, რომლითაც შესაძლებელია, მოწინავე გასტრონომიულ თუ ღვინის ქვეყნებს გავუწიოთ კონკურენცია“, - აღნიშნავს ნუცა და ამატებს, რომ შატოში მისულ თითოეულ სტუმარს ქართულ ტრადიციებს, უძველეს კულტურას და ვაზის ენდემურ ჯიშებს აცნობენ

„ვასინჯებთ ჩვენს კერძებს, ვამაყობთ ქართული ღვინით და, ამავდროულად, ვიაზრებთ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს. ეს არის ბიზნესად ქცეული ჰობი და ცხოვრების სტილი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მივსდევთ საქმეს, რომელიც აბედნიერებს“.

აქ ყველა პროდუქტი თუ სერვისი ღვინის გარშემო იქმნება. ღვინით შთაგონებულებმა „ველნესის“ უნიკალური მიმართულებაც დაამატეს, შედეგად, შუხმანის სტუმარი „სხეულზეც გამოცდის ღვინის ჯადოსნურ ძალას“. „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით რეგიონსა და მსოფლიოში გამორჩეული პროექტი - ღვინის სპა. ეს არის გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან შექმნილი ექსკლუზიური ღვინის კოსმეტიკით კეთდება. კოსმეტიკას კახეთში, კისისხევში, ღვინის შატოში, ყურძნის გადამუშავებული წიპწით ვაწარმოებთ. მათ შორისაა ზეთი, შრატი, სკრაბი და სხვადასხვა პროდუქტი. ამან შატოსადმი მიზიდულობის ახალი ძალა შექმნა“, - აღნიშნავს ნუცა.

მიუხედავად დიდი წარმატებისა, იყო სირთულეებიც. მათ შორის ყველაზე დიდი გამოწვევა კომპანიას პანდემიამ შეუქმნა.

„ახალ რეალობასთან ადაპტაცია მაშინ უმთავრეს გამოწვევად იქცა ბიზნესებისთვის. საქართველოს ბანკმა კი ეს ადაპტაცია ეფექტურად განახორციელა, მოგვცა შესაძლებლობა, შეცვლილ ვითარებაში არაერთი მიმართულებით გვემართა პროცესები, და, რაც მთავარია, არ გავჩერებულიყავით. იგი დაგვიდგა გვერდით სწორედ ისე, როგორც სანდო ფინანსურ პარტნიორს შეეფერებოდა. ამგვარად, გადავურჩით რთულ რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლებოდა დავმდგარიყავით“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

თუ თავდაპირველად შუხმანმა უცხოური ბაზრების ათვისება 20 000 ბოთლის ექსპორტით დაიწყო, დღეს ეს მაჩვენებელი 1, 5 (მილიონ ნახევარ) ბოთლს აღწევს. ამოცანა კი უცვლელია - ხარისხზე ზრუნვა.

„ეს დიდი ზრდაა და ყველა მიმართულებით გაწეულ დიდ ძალისხმევაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთ ბაზარს დავანახეთ, რომ ქართული ღვინო მსოფლიო მწარმოებლებს ცალსახად უწევს კონკურენციას. მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, რომ გავამართლოთ იდეა - „დამზადებულია საქართველოში“, რადგან ექსპორტზე გატანილი თითოეული ბოთლი ქვეყნის პოპულარიზაციას, მოზიდულ სტუმარსა და ინვესტორს ნიშნავს.

ხარისხზე ზრუნვის შედეგია ის, რომ "შუხმან ვაინს ჯორჯიამ" წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის დასახელდა გავლენიანი გამოცემების მიერ ტოპ 100 შატოს შორის .

ნუცა აბრამიშვილი ასევე ჩაერთო საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის თანამშრომლობით შექმნილ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“, რომელიც ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს.

„მისასალმებელია მსგავსი პროექტების არსებობა ჩვენნაირი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, სადაც გასაძლიერებელია ბევრი მიმართულება, განსაკუთრებით - ქალები ბიზნესში. პროექტი რიგი მიმართულებებით განვითარებაში დამეხმარა. პროექტებისადმი ინტერესი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საერთაშორისო დონორების დაინტერესება. დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი პროექტები მრავლად იქნება და სხვადასხვა სფეროს მოიცავს“.

"შუხმან ვაინს ჯორჯია" უკვე ჩამოყალიბდა ჰოლდინგურ კომპანიად. თუმცა, როგორც ნუცა აბრამიშვილი ამბობს, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ, მუშაობენ არაერთი ახალი მიმართულებით და სურთ ტურიზმის, გასტრონომიის, სტუმარმასპინძლობის თუ „ველნესის“ მიმართულებით მოწინავე პოზიციები განიმტკიცონ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები