"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განმარტა, თუ რაში გამოიხატებოდა ხაზარაძე–ჯაფარიძის მიერ ფულის გათეთრება.
"მოტყუება გამოიხატა იმაში, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა წარადგინეს ბანკში მოთხოვნები, თითქოსდა მათ სჭირდებოდათ სესხის მიღება საბრუნავი სახსრების შესავსებად, თუმცა რეალურად ეს მიზანი არ არსებობდა და ეს სქემა ემსახურებოდა იმას, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიეღოთ თაღლითურად, მოტყუებით ბანკისგან თანხები, ეს თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ და ეს თანხები საბოლოოდ არ დაბრუნდებოდა.
მას შემდეგ, რაც ბანკისგან მიიღეს ეს თანხები დანაშაულებრივი გზით, ამის შემდგომ აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს არაერთი ოპერაცია, რითაც საბოლოო ჯამში მოხდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზება. იგულისხმება ის, რომ მათ ეს თანხები დაანაწევრეს, შემდეგ გადარიცხეს, გააერთიანეს კვლავ, არაერთი კონვერტაცია მოახდინეს და შემდეგ უკვე გადარიცხეს საზღვარგარეთის ქვეყნებში", – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც ხაზარაძე–ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხაზარაძე–ჯაფარიძის ქმედებით ზიანი "თიბისი ბანკს" მიადგა.
"თუ ვის მიადგა ზიანი, ეს უკვე თვითონ დაცვის მხარისთვის არის ცნობილი და სასამართლოზე სწორედ ეს პოზიცია გაჟღერდა.
რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი. პროცესუალური საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ თაღლითობაზე, რომელი ქმედებითაც "თიბისი ბანკს" ზიანი მიადგა, ამ კვალიფიკაციაზე ხანდაზმულობა არის გასული. ჩვენ თაღლითობის კვალიფიკაციით არ ვედავებით ბრალდებულებს, ვინაიდან ხანდაზმულია", - განაცხადა პროკურორმა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც პროკურატურის განმარტებით, თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

























