2019 წელს საქართველოში დაფუძნებული სტარტაპი Elven Technologies, რომელიც მიზნად მარსის მისიისთვის პირველი ქართული კოსმოსური კოსტიუმის შექმნას ისახავდა, დღეს სრულად კალიფორნიაშია ბაზირებული და ლითიუმ-იონური ბატარეების შემნახველ, ცეცხლმედეგ მასალებზე მუშაობს.
სტარტაპის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა სანდრო ჩუბინიძემ Elven Technologies-ის ამჟამინდელ საქმიანობასა და ფოკუსზე "საქმიანი დილას ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, კალიფორნიაში გადასვლამ სტარტაპს საშუალება მისცა, თავისი ტექნოლოგიისთვის საბოლოო და ყველაზე მოთხოვნადი ფორმა მოეძებნა, რამაც მსხვილ ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის გზა გახსნა.
"კომპანია გადავიდა სრულად კალიფორნიაში და სწორედ იქ დავიწყეთ რამდენიმე საპილოტე პროექტი დიდ კომპანიებთან, მათ შორის ელექტრომანქანების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთან და ასევე NASA-სთან. გაგვიმართლა იმაში, რომ დადგა პერიოდი როცა იმ პროდუქტმა, რომლის განვითარებაც 7 წლის წინ დავიწყეთ, იპოვა თავისი ნამდვილი, საბოლოო სახე, რაც არის ლითიუმის ბატარეების დამცავი შრე სხვადასხვა მოწყობილობებში. ეს ერთი მხრივ შეიძლება იყოს თვითონ მანქანაში ინტეგრირებული შეფუთვა, მეორე მხრივ კი, რაზეც უფრო მეტი შეკვეთა მოგვივიდა ამერიკაში, ეს არის აბსოლუტურად ცეცხლგამძლე კონტეინერები.
უამრავი კომპანია მოვიდა ჩვენთან თავიანთი პრობლემით, რომ გვაქვს ლითიუმის დიდი ბატარეები, რომლებსაც ხის ყუთებში ვინახავთ; ვიცით, რომ ერთ დღეს ამას ცეცხლი წაეკიდება და რამე გვიშველეთ. უამრავმა კომპანიამ ერთი და იგივე პრობლემა რომ დაასახელა, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კონტეინერები, რომლებიც არის აბსოლუტურად ცეცხლგამძლე და ასევე გამოვიგონეთ ახალი ფილტრაციის სისტემა, რომელიც, იმ შემთხვევაში თუ დაიწვა ბატარეა ამ კონტეინერში, ცეცხლს და ტოქსიკურ გაზებს გარეთ უშვებს", - ამბობს სანდრო ჩუბინიძე.
იგი ასევე განმარტავს, თუ რატომ გახდა ლითიუმის ბატარეების უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტი და როგორ დაემთხვა მათი ტექნოლოგიური მზაობა ელექტრომობილების ინდუსტრიის გლობალურ ზრდას.
"ჩვენ ყოველთვის ვებრძოდით ასე ვთქვათ მაღალ ტემპერატურის ცეცხლს და ჩვენი მასალები ყოველთვის გათვლილი იყო ამ ცეცხლის შეკავებაზე; ასევე ყოველთვის ღია ვიყავით სხვადასხვა ბაზრებისთვის, იქნებოდა ეს კოსმოსი, ელექტრომანქანები, ცეცხლგაუმტარი სამოსი თუ სხვა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ თავად აღმოვაჩინეთ ლითიუმის ბატარეების ბაზარი, რომელიც ახლა იბადება. იმიტომ, რომ ამ ბატარეებს ახასიათებთ ორი რამ: ერთი ის, რომ შეიძლება უცბად აალდეს და გაუჩნდეს ცეცხლი და ეს ცეცხლი თავისით არასდროს ქრება... და მეორე, რომ ყოველ 10-15 წელიწადში საჭიროებს შეცვლას და ძველი ბატარეის ქარხანაში დაბრუნებას. ეს რთული ლოგისტიკაა ისეთი კონტეინერების გარეშე, რომელიც ცეცხლის გავრცელების პრევენციას უზრუნველყოფს. სწორედ აქ გაჩნდა ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი კონტეინერები ჩავრთოთ ამ პროცესში. თანაც, თუ 10 წლის წინ სულ მილიონი ავტომობილის ბატარეა არსებობდა, 9 წლის წინ უკვე 4 მილიონამდე გაიზარდა, შემდეგ 40 მილიონამდე და ა.შ. შესაბამისად, 10 წლის წინ დაწყებული ეს ინდუსტრია ახლა აღწევს იმ მომენტს, როცა ბატარეების ცვლა იწყება და ზუსტად აქ ვართ ჩვენ, საიდანაც უზარმაზარი ბაზარი იხსნება. რაც მთავარი და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა იღებენ ისეთ რეგულაციებს ამერიკაშიც და ევროპაშიც, რაზე მუშაობაც ჩვენ წინსწრებით გვქონდა დაწყებული სრულიად შემთხვევით" - ამბობს სანდრო ჩუბინიძე.
Elvel Technologies-ის წარმომადგენელი სტარტაპის პროდუქციის სამ ძირითად კატეგორიას გამოყოფს. ჩუბინიძე ასევე დეტალურად ხსნის, თუ რა მიმართულებით მუშაობს გუნდი ამჟამად და როგორ ანაწილებენ რესურსებს მასობრივ წარმოებასა და ინდივიდუალურ, სპეციფიკურ შეკვეთებს შორის.
"სხვადასხვა პილოტიდან გამომდინარე ჩვენ ახლა პროდუქტების სამ კატეგორიას ვაწარმოებთ. ერთი არის ცეცხლგაუმტარი კონტეინერები, მეორე არის თვითონ უშუალოდ ბატარეაში ჩამონტაჟებული მასალა, რომელიც ბატარეის შიდა სპეციფიკაა, რასაც Enclosure-ს ვეძახით. და მესამე კატეგორიაა ე.წ. Custom Projects - ეს არის სხვადასხვა კოსმოსური შეკვეთა და არა მარტო; ნიშური დეტალები კომპანიებს, რომლებსაც ჩვენი მატერიის კომბინაცია სჭირდებათ, რომ იყოს ცეცხლგაუმტარი, თან მსუბუქი და თან დრეკადი.
ვმუშაობთ მეოთხე კატეგორიის განვითარებაზეც, თუმცა ამ მიმართულებით დიდი ძვრები ჯერ არ დაწყებულა. ეს არის ჩვენი მასალით 4x8 მეტრი ფილების წარმოება და გაყიდვა, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე გამოიყენოს. იქნება ცეცხლგამძლე პანელი რომელზეც გათვლა გვაქვს, რომ დეველოპერები ცეცხლგაუმტარი ოთახების და მსგავსი სივრცეების შექმნისთვის გამოიყენებენ", - ამბობს სტარტაპის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი.




























