მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გარდაიქმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თანამედროვე ფუნქციურ შენობად

Hyatt Rustaveli
23.10.26 09:09
• 1053

ისტორიული კედლების ახალი სიცოცხლე

დამთავლიერებლისთვის სანახაობრივად მიმზიდველი ის ქალაქებია, რომლებიც არქიტექტურის თანამედროვე ნიმუშებთან ერთად, სახვა და სხვა ეპოქის განსხვავებული სტილის ნაგებობებს სთავაზობენ მას. სწორედ ამიტომ, ისტორიული მემკვიდრეობის ახლებური გააზრება არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევაა.

თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია სპექტრუმის ყოველი პროექტი საერთო პრინციპს ეფუძნება: შენობას საკუთარი ისტორია აქვს და პირველი ნაბიჯი სწორედ ამ ისტორიის სიღრმისეული ანალიზი უნდა იყოს. კომპანიის პორტფოლიოში ისტორიულ ნაგებობებთან მუშაობის მრავალფეროვანი მაგალითები იყრის თავს. ერთ-ერთი მათგანი თბილისის მთავარ პროსპექტზე მდებარეობს.

რუსთაველის გამზირი უნიკალური არქიტექტურითა და განსაკუთრებული მემკვიდრეობით გამოირჩევა. მისი სივრცე ორგანიზებულია XIX საუკუნეში აგებული შენობებით. აქ მოცულობები იმდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რომ ძნელია იმის გარჩევა, რა არის წამყვანი და პირველადი – უშუალოდ სივრცე, თუ მისი შემადგენელი ობიექტები. რასაც ხელს უწყობს ფასადების მკაცრად ფიქსირებული სტრუქტურა და ქუჩის კომპლექსების დანაწევრება, რომელიც მის რიტმს განსაზღვრავს.

რუსთაველის გამზირის თანამედროვე გააზრება – Hyatt Rustaveli

აღნიშნულ ისტორიულ ქსოვილში განთავსდება Hyatt Regency Tbilisi, რომლის ახალ არქიტექტურულ იერსახეზეც სპექტრუმი ზრუნავს. რუსთაველის გამზირის #30-ში მდებარე შენობა, რომელიც 1898 - 1900 წლებში აშენდა არქიტექტორების კორნელი ტატიშჩევისა და პაულ შტერნი ავტორობით. Hyatt Rustaveli – 180 ნომერზე გათვლილი სასტუმრო იქნება, რომლის ბოლო სართულზე აუზი, ბარი და ორი რესტორანი, ასევე შეხვედრების ოთახი და დარბაზი განთავსდება.

შენობა საერთაშორისო სტანდარტების 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ უნდა გარდაიქმნას. პროექტი ჰაიატის სასტუმროების ქსელის ნაწილს წარმოადგენს და შესაბამისად ამ სასტუმროების ბრენდისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს ითვალისწინებს.

ჰაიატის არქიტექტურული ხედვა იცავს ბალანსს საერთაშორისო სტანდარტებსა და რუსთაველის გამზირზე არსებული მრავალფეროვანი შენობების ხასიათს შორის – უზრუნველყოფს ჰარმონიას, რომელიც სპექტრუმის ხედვის ნაწილია, კონტექსტის მიმართ და ახდენს არსებული ადგილის რეგენერაციას მისი პოტენციალის სრულყოფილად გამოსახატავად. პროექტი მიზნად ისახავს არსებული ისტორიული შენობის ფასადის სრულ რესტავრირებას და სასტუმროს მთლიან კომპლექსში ინტეგრირებას.

ფასადის რესტავრაციის მიღმა, ინტერიერში სპექტრუმის მიდგომა ორ განსხვავებულ არქიტექტურულ ხედვას ეფუძნება. თანამედროვე სასტუმროს დიზაინი ღია სივრცეს, გეომეტრიულ სიცხადესა და ფორმების სისადავეს მოითხოვს, სადაც სივრცის ფუნქციური დაყოფა თავად ხდება გამომსახველობითი ელემენტი. ხოლო, ტრადიციული არქიტექტურა კი ყურადღებას დეტალზე, სიმეტრიასა და მასალის სიღრმეზე ამახვილებს.

ჰაიატ რუსთაველში ისინი ტანდემში თანაარსებობენ. ინტერიერში გამოყენებული ფერთა პალიტრა და კლასიკური ელემენტები ოთახებს შენობის ისტორიულ ქსოვილთან აკავშირებს. ამასთანავე, ინტერიერში წამყვან როლს ასრულებს ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები, რომელიც შერწყმულია ურბანული სასტუმროსთვის საჭირო სიცხადესთან.

ამ სინთეზს ყველაზე მკაფიოდ პირველი სართულის ცენტრში, ნაწილობრივ ღია ეზო გამოხატავს. ის საუზმისთვის განკუთვნილი სასტუმროს სივრცეა, სადაც სტუმრებისთვის დღე ბაღის გარემოში იწყება. ეზოს ლითონისა და მინის უწყვეტი, ტალღოვანი ფორმის კონსტრუქცია ფარავს, რომელიც ატმოსფეროს აყალიბებს, ბუნებრივ განათებას ინტერიერის სიღრმეში უშვებს და გარემოს ოთხივე სეზონზე კომფორტულობას უზრუნველყოფს. დეკორატიული ფორმები და მინის უწყვეტი გადახურვა ინტერიერს ექსტერიერისკენ მიმართავს, სადაც შიდა და გარე სივრცეს შორის საზღვარი იშლება.

კულტურული მემკვიდრეობის ახალი სიცოცხლე – აბასთუმნის ისტორიული სასახლე

კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი აბასთუმანში განხორციელდა, რომლისთვისაც სპექტრუმმა ინტერიერის დიზაინის პროექტი შეიმუშავა. 1883 წელს აშენებული ისტორიული რეზიდენცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და აღმოსავლური ხუროთმოძღვრებისა და ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციების გამორჩეულ სინთეზს ქმნის.

შენობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, სწორედ ისტორიული კონტექსტი, რამდენადაც ის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული არისტოკრატიული ოჯახის ინიციატივით აშენდა და ცხადია, პირველი მესაკუთრეების გემოვნებას გამოხატავს. თუმცა, საბჭოთა პერიოდში არაერთი უხეში ჩარევისა და მოუვლელობის შედეგად, ნაგებობამ გარკვეულწილად იცვალა სახე და დაიკარგა როგორც არქიტექტურული, ისე დეკორატიული ელემენტების ნაწილი. ამიტომ, აბასთუმნის ისტორიული სასახლის ავთენტიკუური სახის აღდგენა და მისი თანამედროვე ფუნქციური გააზრება უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა.

რესტავრაციის პროცესი ისტორიული მასალების სიღრმისეულ კვლევას დაეფუძნა, სადაც ერთ-ერთი მთავარი წყარო არქიტექტორ ხოშტარიას ესკიზები გახდა. ხოლო, ლაბორატორიულმა ანალიზმა კედლების თავდაპირველი ფერთა გამა გამოავლინა – რძისფერი საერთო სივრცეებში, ლურჯი კი საძინებლებში. შესწავლის დროს აღმოაჩინეს საბჭოთა პერიოდში დაფარული ხის იატაკი, რომელიც თავდაპირველი ნიმუშის ანალოგიურად აღდგა, კედლებზე ნაპოვნი დეკორატიული ფრიზი კი ადგილზევე იქნა კონსერვირებული.

შენობის იმგვარი არქიტექტურული და სტრუქტურული დეტალები როგორებიცაა ქვის მოპირკეთება, სარტყელებით დაყოფილი ფასადები და შენობის ირეგულარული მოყვანილობის ნაწილები მიუთითებს იმ პერიოდზე, როდესაც ადგილობრივი და აღმოსავლური არქიტექტურული ტრადიციების შერწყმა ხდებოდა.

ისტორიული რეზიდენცია სამი მხრიდან თავისუფლად აღიქმება. ის უკანა ნაწილით კლდეს ებჯინება – აღნიშნული გარემოება არქიტექტურულ დაგეგმარებაშივეა ასახული. მეტწილად აზიურ სტილში გადაწყვეტილი ქვის ნაგებობა ხის ელემენტებითაა გაწყობილი. ხოლო, საქართველოსთვის დამახასიათებელი ხის აივნები და დეკორატიული ნაწილები სტილისტურ სხვაობას ქმნის. გარდა ამისა, მდინარე ოცხისა და წიწვოვანი ტყის სიახლოვე ბუნებრივ ჩარჩოს წარმოადგენს, რომელშიც ქვის ფასადი ორგანულად ჯდება და სასახლე ლანდშაფტში ჰარმონიულად ინტეგრირდება.

ბუნებასთან კავშირი ინტერიერშიც აისახება. ხის, ქვისა და მიწისფერი ტექსტურების თბილი, ნეიტრალური ფერთა პალიტრა ინტერიერსა და გარემოს შორის უწყვეტ კავშირს ამყარებს. ხოლო, ბიოფილიკური ელემენტები, მდგრადი მასალები და ინტერიერში რბილი ბუნებრივი განათება სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნის.

აღნიშნულ შენობაში ორდონიანი შესასვლელი დარბაზი კედლის კლასიკური პანელებით, კასკადური ჭაღითა და ვიტრაჟული ფანჯრებით სივრცის პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. საცხოვრებელი დარბაზი კი კლასიკურ დეტალებსა და თანამედროვე დახვეწილობას აბალანსებს ბუხრის გარშემო.

საძინებლების სერია, საგვარეულო ბუხრიდან ბავშვების ოთახებამდე, საერთო დიზაინურ ენას ინდივიდუალურ ხასიათთან აერთიანებს. შენობის ცენტრალური ღერძი კი კიბეა. ვიტრაჟის პანელები ფასადზე არსებულ ისტორიულ ორნამენტს იმეორებს, რითაც ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალური ენა ერთიანდება და დღის განმავლობაში ცვალებადი სინათლე საფეხურებზე ცოცხალ, განახლებად გამოცდილებას ქმნის.

სასტუმრო Hyatt Regency Rustaveli-სა და აბასთუმნის ისტორიული რეზიდენციის მაგალითები საერთო მიდგომას ავლენს: არქიტექტურა ისტორიულ შენეობებს თანამედროვე ცხოვრების რიტმთან აკავშირებს. სწორედ წარსულის სიღრმისეული გააზრებით ქმნის სპექტრუმი არქიტექტურას, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები