მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გაურთულა ქართველ ფერმერებს სესხის აღება მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვამ

5cb8440c46f86
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.19 14:00
860
Reuters-მა დღეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. უმბერტო ბაკის სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ გაურთულა ამ აკრძალვამ ქართველ ფერმერებს ფინანსური რესურსის მოზიდვა.

ამის მიზეზია ის, რომ აკრძალვის შედეგად, ბანკებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც უცხოურ იურიდიულ პირს წარმოადგენენ და უცხოელი პარტნიორები ჰყავთ, სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობა აეკრძალათ, ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ისინი სესხის უზრუნველყოფისთვის ამ აქტივს ვერ მიიღებდნენ. ამ ცვლილების მიღების შემდეგ, ათასობით ქართველმა ფერმერმა აღმოაჩინა, რომ მათ სასესხო ბაზარზე წვდომა შეეზღუდათ.

Reuters-ის სტატიაში საუბარია სწორედ ასეთ მევენახეზე - თამარ გერლიანზე, რომელიც კახეთის რეგიონში ორგანული ღვინის წარმოებით არის დაკავებული. მას $10,000-იანი სესხი ახალი ტრაქტორის შესაძენად სჭირდებოდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ბანკები მიწას სესხის უზრუნველყოფაში ვერ გაატარებდბენ.

Reuters-ს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეუბნება, რომ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვა, განსაკუთრებით კი ამ მხრივ სენსიტიურ რეგიონებში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მისივე თქმით, უცხოეთის მოქალაქეები და უცხოური იურიდიული პირები სასოფლო-სამეურნეო მიწის დაახლოებით 10%-ს ფლობენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო საქმის კურსშია, რომ ამ აკრძალვამ ფერმერებს სესხის აღება გაურთულა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი კანონში ჩაიწერება გამონაკლისი, რომ საფინანსო ინსტიტუტებს მიწის საკუთრებაში ფლობა ორ წლამდე ვადით შეეძლებათ, რის შემდეგაც ის სავალდებულო წესით უნდა გაყიდონ.

მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ამასთანავე, მიწის მემკვიდრეობით მიღების საკითხებს მოაწესრიგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები