საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობის კანდიდატად პალატის საბჭომ გიორგი პერტაია წარადგინა. როგორც მან კანდიდატად დასახელების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პლატფორმას პირველ რიგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად გამოიყენებს.
"ჩვენ დავამატებთ და გავააქტიურებთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტს, ასევე გვინდა უფრო აგრესიულად ვიმუშაოთ ექსპორტთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანა გარკვეული საშიშროების წინაშე დგას, ვინაიდან შესაძლოა, გარკვეულ ქვეყნებში ექსპორტი შემცირდეს", - განაცხადა პერტაიამ.
კითხვაზე, რამდენად გაუმარტივდება მას საინვესტიციო მიმართულებით აქტიური მუშაობა იმ პირობებში, როცა პარლმენტი ერთის მხრივ, "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ" კანონისა და მეორეს მხრივ, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით შეზღუდვების მიღებას გეგმავს, პერტაია პასუხად აღნიშნავს, რომ მან ამ მოცემულობის გათვალისწინებით უნდა უმუშაოს.
"ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მოცმულობაში, რომელიც არსებობს. პარლამენტი მიიღებს ამ კანონს და ეს არის მოცემულობა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ FDI შემცირდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქტიური მუშაობა ძალიან ბევრ კომპანიასთან არის შესაძლებელი. ჩვენ ეს გაგვიკეთებია და ვფიქრობ, ამ პალატის კუთხიდანაც გავაკეთებთ, რადგან უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მეთოდი არის უკვე არსებული ინვესტორების გამოყენება იმისათვის, რომ გაიზარდოს მათი კაპიტალი უცხოური ინვესტიციებით. ამ ნაწილში ვაპირებთ პალატის წევრების გამოყენებას. ვეცდებით, პალატის წევრების პროექტები და ის ჩვენი კონტაქტები გამოვიყენოთ, რაც საზღვარგარეთ გვაქვს, იმისათვის, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიტანოთ", - განაცხადა პერტაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პერტაია სხვადასხვა წლებში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელად, ასევე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე და ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მუშაობდა.

























