დროებით ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მთავარი მომხმარებელია. შარშან რუსეთიდან შემოტანილი დენის 74%-ზე მეტი აფხაზეთმა მოიხმარა. ასე მაგალითად რუსეთიდან შემოსული 971 მლნ კვტ.სთ-დან 724 მლნ კვტ.სთ სწორედ აფხაზეთს მიეწოდა.
რუსეთიდან იმპორტირებულ დენში 11 მლნ დოლარზე მეტია გადახდილი, საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ინფორმაციით, რუსეთიდან აფხაზეთისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება. წლევანდელი ენერგეტიკული ბალანსი აჩვენებს, რომ ოთხ თვეში აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 60%-ზე მეტი მიიღო.
კითხვაზე ვინ იხდის რუსეთიდან შემოტანილ მილიონობით კილოვატ საათ ელექტროენერგიაში ფულს, სემეკის თავმჯდომარე BMG-ის პასუხობს, რომ ამ თანხას თავად ოკუპირებული აფხაზეთი ფარავს.
"აფხაზეთი არის საქართველო, შესაბამისად აფხაზეთის მოხმარებისთვის ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ირიცხება, როგორც საქართველოს მიერ განხორციელებული იმპორტი. თუმცა ელექტროენერგიის ღირებულებას თავად აფხაზური მხარე ფარავს და შესაბამისად აქეთა მხრიდან აფხაზეთის მოხმარებისთვის რაიმე სახის გადასახადის გადახდა არ ხდება. ანუ თანხის გადახდა რუსეთისთვის არ ხდება", - აცხადებს ნარმანია.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მინისტრი დავით მირცხულავა იმ სქემას გვიხსნის, როთაც აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას იღებს.
"რუსეთი მათ ელექტროენერგიას ძალზედ იაფად, ფაქტობრივად დემპინგურ ფასად აწვდის, თუმცა, როგორც ამბობენ, ეს მაინც მძიმე ტვირთად აწვება მათ ბიუჯეტს. რეალურად, რუსული მხარე თავადვე გამოყოფს ამ თანხას და შემდეგ ისევ თავადვე იტოვებს - აი, ასეთი გაცვლა ხდება. ეს არის რუსული ტრანსფერი, რომელიც მოგვიანებით ამავე მიზეზით მცირდება, რის გამოც აფხაზეთი რუსეთიდან უფრო ნაკლებ პირდაპირ ფულად დახმარებას იღებს", - ამბობს მირცხულავა.
აფხაზეთის ენერგობალანსის ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში რეკორდული ზრდის შემდეგ, შარშან მოხმარება 2.6%-ით 2.48 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ჯამურ მოხმარებაში აფხაზეთის წილი კლავ მაღალი 17%-ია.
ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი მოხმარება აფხაზეთში 2022 წელს იყო და 3 მლრდ კვტ.სთ-ს აჭარბებდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგია ბოლო ხუთ წელში:
- 2025 წელი - 2.48 მლრდ კვტ.სთ
- 2024 წელი - 2.55 მლრდ კვტ.სთ
- 2023 წელი - 2.70 მლრდ კვტ.სთ
- 2022 წელი - 3.02 მლრდ კვტ.სთ
- 2021 წელი - 2.95 მლრდ კვტ.სთ
კითხვაზე რატომ მცირდება ოკუპირებულ რეგიონში მოხმარება, ნარმანია ამბობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი კრიპტოვალუტაზე ფასის კლებაა.
"მოხმარება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩემი ინფორმაციით, ერთის მხრივ მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი, მეორეს მხრივ, ეს ასევე კრიპტოვალუტის ფასებთანაც არის დაკავშირებული. როცა კრიპტოვალუტის ღირებულება მცირდება, მოხმარებაც მცირდება ხოლმე აფხაზეთში. ანუ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე პერიოდულად ხან იკლებს, ხან იზრდება", - აცხადებს ნარმანია.
მირცხულავა მიიჩნებს, რომ წლიურ ჭრილში კლების მიუხედავად, აფხაზეთში მოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
"წინა რამდენიმე წლის განმავლობაში აფხაზეთის ენერგომომარაგებაში საკმაოდ მძიმე ვითარება იყო. მოქმედებდა შეზღუდვები და დაიწყო ბრძოლა მაინერებთან. მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი სწორედ კრიპტოვალუტის წარმოებაზე მიდიოდა. ფაქტობრივად, უფასო ენერგიას იღებდნენ. იმის გამო, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, გამოცხადდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. ზოგადი ტრენდი რომ ავიღოთ, მოხმარება მართლაც შემცირდა, თუმცა მაინც ძალიან მაღალი რჩება. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 180-ათასიანი მოსახლეობა (შესაძლოა, დღეს უფრო ნაკლებიც იყოს) თითქმის იმდენსავე ენერგიას ხარჯავს, რასაც მილიონ-ნახევრიანი თბილისი", - ამბობს მირცხულავა.
რუსული იმპორტის გარდა, ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიღების მთავარი წყარო კვლავ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის გამომუშავებულ ელექტროენერგია რჩება. ეს 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმების საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის. ეს განაწილება იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების ღირებულების მიხედვით მოხდა.
"თავის დროზე, დაახლოებით 1992 წელს, შედგა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ენგურჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყო, ხოლო 40% აფხაზეთის რეგიონს მიწოდებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვალა იყო პერიოდები, როდესაც აფხაზეთის წილმა არა თუ 40, არამედ 57%-იც კი შეადგინა. ვგულისხმობ იმ ელექტროენერგიის მოცულობას, რომელიც ენგურჰესის მიერ არის გენერირებული და გადაედინება აფხაზეთის ტერიტორიაზე", - გვეუბნება GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.




























