მუსიკალური მენეჯმენტის ქართული კომპანია Bloom Music-ი ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მუსიკოსებს რამდენიმე სერვისს სთავაზობს, მათ შორის არტისტ-მენეჯმენტის, მუსიკის ციფრული დისტრიბუციისა და მუსიკის სინქრონიზაციის სერვისებს სთავაზობს. არტისტ-მენეჯმენტის სერვისის ფარგლებში, Bloom Music-ი ისეთ ქართველ არტისტებს წარმოადგენს, როგორიცაა ერეკლე დეისაძე, Eko & Vinda Folio და Killages-ი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, Imagine Dragons-ის თბილისური კონცერტის წინ იმღერა.
“გამოცდილება, რა თქმა უნდა, უდიდესია, რადგან ქართული ბენდი, რომელიც ამ დრომდეც საკმაოდ პოპულარული იყო, ოცდაათი ათასი მსმენელის წინაშე ამხელა მასშტაბის კონცერტზე მოხვდა. ათასი, ორი ათასი და ექვსი ადამიანის წინაშეც დაგვიკრავს, მაგრამ სტადიონი სხვა გამოცდილებაა, რომელიც, ხშირად, ცხოვრებაში ერთხელ ხდება. კარგი ფაქტია, რომ ეს საქართველოში მოხდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც დავუკრავთ”, - ამბობს ჯაბა შავიშვილი.
Bloom Music-ის თანადამფუძნებელმა “საქმიან საღამოში” შერჩევის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Killages-ი თავად Imagine Dragons-მა გამოარჩია.
შერჩევის პროცესი ასეთი იყო: “ბლექ სი არენას” გუნდმა Imagine Dragons-ის მენეჯმენტს რამდენიმე ქართული ბენდის შესახებ გაუგზავნა ინფორმაცია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბენდმა, რომელსაც Spotify-ზე 60 მილიონამდე ადამიანი უსმენს ყოველთვიურად, სწორედ Killages-ი შეარჩია. ასეთი ბენდი რომ გარჩევს, რასაკვირველია, პრესტიჟისა და იმიჯის კუთხით, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა.
ორიოდ სიტყვით უშუალოდ კონცერტზეც ვიტყვი: ეს არ იყო მუსიკალური კრებულის წარდგენა, არამედ იყო შოუ. ძალიან ბევრმა ქართველმა და უცხოელმა მსმენელმა გაგვიცნო და მას შემდეგ, Killages-ის ცნობადობა და Spotify-ზე დაფიქსირებული შედეგი ჯერაც იზრდება. თუმცა, ამასთან ერთად, რაც მთავარია, ეს გამოცდილება კარს ევროპისა და ამერიკისკენ გვიხსნის - ბიოგრაფიაში ასეთი გამოცდილება რომ გიწერია, დარწმუნებული ვარ, კარს ბევრი საკონცერტო დარბაზი გაგიხსნის”, - განაცხადა ჯაბა შავიშვილმა “საქმიან საღამოში” სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ Killages-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული მუსიკალური ჯგუფია, რომელსაც, ყოველთვიურად, Spotify-ზე ოცდაოთხი ათასამდე მსმენელი ჰყავს.