მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ინარჩუნებს საკონდიტრო „ბელა“ ფასებს გაძვირებული ნედლეულის ფონზე - მატა შველიძე

ბელა

ნედლეულზე ფასების ზრდის მიუხედავად, საკონდიტრო „ბელა“ პროდუქციის გაძვირების თავიდან აცილებას ცდილობს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ნედლეულის პირდაპირი იმპორტია, რაც შუამავალი კომპანიის ხარჯის გამორიცხვის შესაძლებლობას იძლევა.

BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მატა შველიძემ განაცხადა, რომ ფასების შესანარჩუნებლად კომპანია შესყიდვებისა და წარმოების პროცესების ოპტიმიზაციაზეც მუშაობს. კერძოდ, ამცირებს დისტრიბუციის რგოლთან დაკავშირებულ დანახარჯებს და მომწოდებლებთან გადახდის პირობებს ათანხმებს.

„ნედლეულზე ფასები მუდმივად ცვალებადია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მომხმარებელზე არ აისახოს და პროდუქტი პირდაპირ არ გავაძვიროთ.

ამიტომ ორი მიმართულება გვაქვს: ძირითადად ვცდილობთ, რომ თავად განვახორციელოთ იმპორტი, რადგან დისტრიბუტორი კომპანიის მოგების დაბალანსების ხარჯზე პირდაპირ შევისყიდოთ. ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო შემსყიდველები ვართ პირობების კუთხით, ანუ კონსიგნაციის ნაწილში და ძალიან კომფორტულია ჩვენთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ამის ხარჯზე ვპოულობთ ბალანსს. ასევე, წარმოების დანაკარგების შემცირების ხარჯზე - ყველა მექანიზმია ერთობლივად ჩართული, რომ საბოლოოდ ნედლეულის გაძვირებული ფასი დავაბალანსოთ“, - აცხადებს მატა შველიძე.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ფასების შენარჩუნების პარალელურად, „ბელას“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტრადიციული დესერტების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამ პროცესში აქცენტი ტექნოლოგიური პროცესების დახვეწაზე კეთდება, ისე, რომ მომხმარებლისთვის ნაცნობი გემოები შენარჩუნდეს.

„ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ შეგვენარჩუნებინა ტრადიციული გემოები. უბრალოდ, ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესების ხარჯზე მომხდარიყო გემოების გაუმჯობესება, თუმცა ფასი არ შეგვეცვალა და პროდუქტი ისევ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენი მომხმარებლისთვის“, - აღნიშნავს ის.

მატა შველიძის ინფორმაციით, კომპანიაში ამჟამად 225 ადამიანია დასაქმებული. წარმოების პროცესში დანაკარგების შემცირებასა და ხარისხის შენარჩუნებაში კი სხვადასხვა დეპარტამენტი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ საკონდიტრო "ბელა" ბაზარზე 33 წელია ოპერირებს და 16 ფილიალს აერთიანებს. უახლოეს დღეებში კი, კომპანია რიგით მე-17 ფილიალს თბილისში, პეკინზე გახსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები