მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლება აქციების და ოქროს ფასი ისტორიულად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

ოქრო / ბიტკოინი / ბირჟები

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. თავად ეს პროცესი და შედეგი, რომელიც დგება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე, რადგან პირი, რომელიც თეთრ სახლში მომდევნო წლების განმავლობაში დასახლდება, დიდწილად, პლანეტის ბედს განსაზღვრავს.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გავლენა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტად კონკრეტული პირის არჩევა საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე ახდენს. თავისუფალი ბაზარი მოსახლეობის სენტიმენტების და პროგნოზების გაგების ერთ-ერთი საუკეთესო ბარომეტრია, რადგან ის მილიონობით ადამიანის და კომპანიის ერთობლივ შეხედულებებს კონსოლიდირებულად ასახავს. საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის ისტორიული ასპექტები ამერიკულმა გამოცემებმა, CNBC-მ და Bloomberg-მა შეისწავლეს. დღეს, სწორედ ამ მონაცემებს წარმოგიდგენთ.

თუკი ამერიკული ფინანსური ბაზრების არც თუ ისე მოკლე ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძირითადი საფონდო ინდექსები იზრდება, მაგრამ უშუალოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გარკვეული მოკლევადიანი რყევები არის მოსალოდნელი, რისთვისაც ინვესტორები მზად უნდა იყვნენ.

თუკი სამი ფლაგმანურ ამერიკული საფონდო ინდექსის, მათ შორის S&P 500-ის, Dow Jones-ისა და NASDAQ-ის მონაცემებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ არჩევნების მეორე დღეს ინდექსები საშუალოდ 0.3%-დან 0.4%-მდე შუალედში იკლებს, არჩევნების მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კი ინდექსები საშუალოდ 0.4%-დან 1%-მდე შუალედში მცირდება. თუმცა თუ ისტორიულად ასე იყო, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას საფონდო ბირჟა განსხვავებულად შეხვდა. წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, S&P 500-მა 2.5%-ით, Dow Jones-მა 3.6%-ით, ხოლო NASDAQ-მა 2.95%-ით იმატა. ზრდა არჩევნების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში, ანუ 5-დან 12 ნოემბრის ჩათვლითაც გაგრძელდა, რაც ასევე, გარკვეულწილად, გამონაკლისია.

თუკი მონაცემებს არჩევნების შემდეგ ერთი წლის ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ თორმეტი თვის შემდეგ, სამი ძირითადი ინდექსის მაჩვენებელი, საშუალოდ 1%-დან 2.3%-მდე შუალედში იმატებს, მაგრამ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი დაკვირვების წარმოება შეუძლებელია, რადგან ჯერ საკმარისი დრო არ გასულა.

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორედ არჩევამდე, არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველაზე დიდი საშუალო ზრდა 2020 წელს დაფიქსირდა, როცა ამერიკელებმა პრეზიდენტად ჯო ბაიდენი აირჩიეს. არჩევნების მეორე დღეს, NASDAQ-მა 3.85%-ით იმატა, ერთი თვის შემდეგ 10.9%-იანი ზრდა დააფიქსირა, ერთი წლის შემდეგ კი, ინდექსი საერთოდაც 15.5%-ით იყო მომატებული. ნაკლებად შთამბეჭდავი, მაგრამ ანალოგიურად მნიშვნელოვანი, თითქმის 12%-იანი ზრდა დააფიქსირეს ამავე წელს S&P 500-მა და Dow Jones-მა, ანუ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებას ბაზარი დადებითად შეხვდა.

საპირისპირო მდგომარეობა დაფიქსირდა საფონდო ბირჟებზე 2008 და 2012 წლებში, ანუ მაშინ, როცა ამერიკელებმა პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიეს. ობამას პრეზიდენტად პირველად არჩევის მეორე დღეს, S&P 500-მა 5.3%-ით, Dow Jones-მა 5%-ით, ხოლო NASDAQ-მა 5.5%-ით იკლო. მნიშვნელოვანი კლება გაგრძელდა არჩევნებიდან მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბარაკ ობამას პირველ საპრეზიდენტო ვადას გლობალური ფინანსური კრიზისი დაემთხვა, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში რეცესია იყო, ხოლო საფონდო ბირჟებზე ისედაც კლების ტენდენცია ფიქსირდებოდა.

თუკი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ამერიკული საფონდო ბირჟები დადებითად შეხვდნენ, იმავეს ვერ ვიტყვით ოქროს ფასზე, რომელმაც წელს ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. თუმცა 5 ნოემბრის შემდეგ, ოქროს ფასი, უმეტესწილად, კლებისკენაა მიმართული. არჩევნების მეორე დღეს, ძვირფასი ლითონის ფასმა 2.9%-ით იკლო, ხოლო ერთკვირიან პერიოდში, ოქრო 5.2%-ით გაუფასურდა. ოქროსთან ერთად, კლების ტენდენციით ხასიათდება ვერცხლიც.

საპირწონედ ამისა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ისტორიულად გაძვირდა ბიტკოინი, რომელსაც, ხშირად, ოქროს ციფრულ ალტერნატივად მოიხსენიებენ, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოქროს ინვესტორების ნაწილი სწორედ ბიტკოინში გადავიდა — ეს მოსაზრება ოქროს და ბიტკოინის სავაჭრო ფონდებზე, იგივე ETF-ებზე დაკვირვებით დასტურდება. ბიტკოინთან ერთად, გაძვირებულია სხვა კრიპტოვალუტებიც, ხოლო ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს აღემატება.

ძვირფასი მეტალების გაიაფება იმ მოცემულობით არის განპირობებული, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას მსოფლიოს მასშტაბით ომების და კონფლიქტების დასრულება წარმოადგენს, თავად ეს მოცემულობა კი ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებისთვის სასურველი არ არის, რადგან ძვირფასი მეტალების ღირებულებას სწორედ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება განსაზღვრავს. გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ომების დასრულება იყო, ინვესტორები, როგორც ჩანს, ამ დაპირებას სერიოზულად აღიქვამენ.

გერმანიის უმსხვილესი ბანკის, Deutsche Bank-ის მონაცემებით, ოქროს ფასმა იკლო აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის პირველად არჩევის დროსაც, მაგრამ წლევანდელი კლება, ამ დროისთვის, მაქსიმუმს წარმოადგენს. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, ოქროს ფასმა ასევე იკლო 1980, 1988 და 1992 წლებში, როცა ამერიკელებმა პრეზიდენტებად რონალდ რეიგანი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უფროსი აირჩიეს. საპირისპირო დინამიკა დაფიქსირდა 1976, 1984, 2012 და 2020 წლებში, როცა აშშ-ის პრეზიდენტად ჯიმი კარტერი, რონალდ რეიგანი, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები