მას შემდეგ, რაც 2023 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ევრო 4 დიზელი სრულად აიკრძალა და ქვეყანა ევრო 5-ის სტანდარტის დიზელის გამოყენებაზე გადავიდა, საწვავის ადგილობრივ ბაზარზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
რეალურად, ევრო 5 - ეს არის ევროკავშირის მიერ დადგენილი თანამედროვე სტანდარტი, რომელიც მანქანების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას მკაცრად ზღუდავს.
ახალ სტანდარტზე გადასვლასთან ერთად, არამხოლოდ ეკოლოგიური მოთხოვნები გამკაცრდა, არამედ საწვავის წარმოშობისა და ხარისხის მართვის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა. პარალელურად, გლობალურ ბაზარზეც მნიშვნელოვანი გადათამაშებები მოხდა, რამაც საბოლოოდ საქართველოში საწვავის ინდუსტრიაზე გავლენა იქონია.
თიბისი კაპიტალის საწვავის საცალო ბაზრის მიმოხილვის თანახმად, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, 2024 წელს საქართველოს დიზელის იმპორტის 74% რუსეთიდან, ხოლო 14% აზერბაიჯანიდან განხორციელდა. 2025 წელს კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა და რუსული დიზელის იმპორტი თითქმის განახევრებულია. ევრო 5 დიზელის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანული წარმოშობის გლობალური კომპანია - SOCAR Georgia Petroleum გახდა. ამჟამად, კომპანიას ქვეყანაში დიზელის 40%-ზე მეტი შემოაქვს.
"ზოგადად, საქართველოში საწვავი მრავალი ქვეყნიდან შემოდის. ძირითადად საწვავის ნაწილში ევროპაა მთავარი მომწოდებელი, თუმცა დიზელის ნაწილში, როგორც მოგეხსენებათ, სოკარის წილი 40%-ია. ერთის მხრივ, ბაქოს სოკარის ქარხანა ევროპულ სტანდარტებთან სრულად ადაპტირებულია, - 2023 წლის იანვარში გადაიარაღდა და ევროპულ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოში არსებულ ნავთობბაზებზე ლაბორატორია გვაქვს, - ამ მხრივ, ფაქტობრივად, ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც ბაზარზე საკუთარი აკრედიტებული ლაბორატორია აქვს და იმ სტანდარტებს, რასაც ჩვენი ქართული კანონმდებლობა და რეგულაციები გვიდგენს, საკმაოდ მკაცრად ვიცავთ", - აცხადებს SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი, ნოდარ ყანჩაველი.
ამის პარალელურად, საქართველოში დიზელზე მოთხოვნა მზარდია, - თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტმა 770 მილიონი ლიტრი შეადგინა. 2025 წლის პროგნოზების მიხედვით კი, იმპორტის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, რაც ავტოპარკის მზარდი ტენდენციით აიხსნება.
დიზელზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, საინტერესოა, მოსალოდნელია თუ არა მისი გაძვირება. კვლავ თიბისი კაპიტალის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ 2024 წელს საცალო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი 3.3 ლარს შეადგენდა. სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის ფასები გაზრდილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საწვავის ფასზე პირდაპირ ზეგავლენას მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები ახდენს - რეგიონის სტაბილურობა, სანქციები, გლობალური ეკონომიკური დინამიკა. 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიო ბირჟებზე საწვავის ფასი კვლავ იზრდება და მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი 22 ოქტომბერს აშშ-ის მიერ ორი რუსული უმსხვილესი ნავთობკომპანიის: "როსნეფტისა" და "ლუკოილის" დასანქცირება გახდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი კი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში საწვავის დეფიციტის გაჩენის საფრთხე, ფაქტობრივად, არ არსებობს.
"საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს. ჩვენ გვაქვს ზღვა, სხვადასხვა ქვეყნებთან სახმელეთო გზა, სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, შესაბამისად, საქართველოს საწვავის კუთხით არანაირი კოლაფსი და დეფიციტი არ ემუქრება, იმიტომ რომ მრავალმხრივი, სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს. გვყავს ისეთი მეზობელი, რომელიც ნავთობმწარმოებელია, აქედან გამომდინარე, ეს იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვთქვა - ქვეყანაში დეფიციტი არასდროს გვექნება", - ამბობს იობაშვილი.
რაც შეეხება ევრო 5 დიზელის უმსხვილესი იმპორტიორის - SOCAR Georgia Petroleum-ის ფასებს, 2025 წლის 3 კვარტალის მონაცემებით, ფასები ევრო 5 დიზელის შემთხვევაში 2.9 ლარს შეადგენს, ხოლო ნანო ევრო 5 დიზელის შემთხვევაში, რომელიც კომპანიის ექსკლუზიური პროდუქტია - 3 ლარს. აღნიშნული მაჩვენებლის თანახმად, წელს აზერბაიჯანული დიზელის ფასი 2024 წლის მთლიანი ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალია და რეგიონული ბაზრის ზოგად ტენდენციებთან შედარებით, სტაბილურ დინამიკაზე მიუთითებს.
სტაბილური ფასების ფონზე, დიზელის უმსხვილესი მომხმარებლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ხარისხის კონტროლს და მიწოდების უწყვეტობას ანიჭებენ.
"ჩვენი მხრიდან პირველ რიგში საწვავის ხარისხი იზომება, რადგან გვყავს ახალი თაობის ავტომობილები, რომლებსაც შესაბამისი ოქტანობის საწვავი სჭირდებათ, ამისთვის სპეციალური მექანიზმი გვაქვს, რომლითაც საწვავის ოქტანობას ვზომავთ და მხოლოდ მისი შესაბამისობის შემთხვევაში ვწყვეტთ მის შეძენას. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სოკარი არის ის კომპანია, რომელიც სრულად შესაბამისობაში მყოფ საწვავს გვთავაზობს და ამას ჩვენი არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რადგან როგორც საწვავის მოხმარებაზე, ასევე ავტომობილის გამართულ მუშაობაზე აქვს გავლენა", - ამბობს "დიპლომატ ჰოლდინგის და მასტერ თრეიდის" კომერციული დირექტორი ბაჩო პეტრიაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალი მოთხოვნის ფონზე, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი პროდუქტის იმპორტის გაზრდას გეგმავს, რაც სამომავლო პერსპექტივაში იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ევრო 5 სტანდარტის დიზელის უმეტესი წილი, შესაძლოა, აზერბაიჯანიდან შემოვიდეს.




























