მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ იყენებს “ევერტონი” ახალ სტადიონს ბრენდის გასავითარებლად?

ჰილ დიკინსონი ევერტონი

“ევერტონისა” და კლუბის მთავარი მარკეტინგის მენეჯერისთვის, მარკ როლინგსისთვის, ყველაფერი სწორედ ამ მომენტამდე მიდიოდა.

გუდისონ პარკის დატოვება, რომელიც კლუბის სახლი 133 წლის განმავლობაში იყო, ემოციურად ძალიან მძიმე გადაწყვეტილება აღმოჩნდა, თუმცა როლინგსმა კარგად იცოდა, რომ ლივერპულის სანაპიროზე აშენებული 800 მილიონი გირვანქის ღირებულების ახალი სტადიონი კლუბისთვის "ხარისხობრივ ნახტომს“ ნიშნავდა.

როლინგსის როლი ორმხრივია: ის მუშაობს “ევერტონის” არსებულ პარტნიორებთან და პარალელურად ცდილობს ახალი ბრენდების მოზიდვას, ამასთან ერთად კი კლუბის აღმასრულებელი ხელმძღვანელობის წევრიც არის. წარსულში მას “ლივერპულთან” და უელსის რაგბის კავშირთანაც უმუშავია.

ახალ სტადიონზე გადასვლის წინ გეგმა მარტივი, მაგრამ საკმაოდ თამამი იყო კომერციული ხელშეკრულებების უმეტესობა ზაფხულში იწურებოდა, რათა ყველაფერი ახალ ეპოქას მორგებოდა.

“ერთ მომენტში ეს საშინლად შემაშინებელი იყო, რადგან ოთხი წლის შემდეგ გარანტირებული შემოსავლის გრაფაში ნული ეწერა. ეს უზარმაზარი სამუშაოა. მე ამას წნეხად არასდროს ვუყურებდი. აუცილებელი იყო ხარისხობრივი ცვლილება. ამიტომ ძველ პარტნიორებს ვეუბნებოდით: ‘ვიცი, დიდი ხანია ერთად ვართ, მაგრამ ახლა ეს უკვე სხვა ფასი ღირს’. ახალ სტადიონზე ყველაფერი გაძვირდა და პრაქტიკულად არავინ დაგვიკარგავს“ - განაცხადა მარკ როლინგსმა.

“ევერტონმა” გააფართოვა თანამშრომლობა ფორმის მწარმოებელ Castore-თან და საათების ბრენდ Christopher Ward-თან, რომლებიც ახალი სტადიონის “დამფუძნებელი პარტნიორები“ გახდნენ ეს სტატუსი მათ მატჩების დღეებში სანაპირო ზონაში გაზრდილ ხილვადობას აძლევს.

ასევე გაფორმდა ახალი წამყვანი სასპონსორო ხელშეკრულებები Pepsi-სა და Budweiser-თან. Pepsi გახდა “ევერტონის” გამაგრილებელი სასმელების პარტნიორი, Budweiser ლუდის პარტნიორი და ამასთან ერთად აღმოსავლეთ ტრიბუნის წინ მდებარე ფან-პლაზის სპონსორი.

კლუბი გეგმავს კონცერტების გამართვას როგორც 17-ათასიან ფან-პლაზაზე, ისე თითქმის 53-ათასიანი სტადიონის შიგნით. პოტენციურ არტისტებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჰილ დიკინსონის სტადიონი 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც უმასპინძლებს და ასევე ერთ-ერთი კანდიდატია 2035 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ.

როლინგსის თქმით, ის გუნდის სტადიონის სახელის უფლებებისთვის 3000-ზე მეტ ბრენდს დაუკავშირდა, სანამ საბოლოოდ გლობალურ იურიდიულ ფირმაზე Hill Dickinson-ზე შეაჩერებდა არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა პოტენციური პარტნიორების მოსაძებნად, შეთანხმება საბოლოოდ ლივერპულის ბიზნეს-ცენტრში დაიდო კომპანიასთან, რომელიც სწორედ ამ ქალაქში დაარსდა.

ზუსტი ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა კლუბმა შეთანხმება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტადიონის სახელის უფლებების კონტრაქტად შეაფასა.

“ევერტონი” ვარაუდობს, რომ 2026 წელს კომერციული შემოსავლების რეკორდს დაამყარებს და გადააჭარბებს 2020 წლის 64 მილიონ გირვანქას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები