მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ იყოფა საკუთრება მემკვიდრეების დავის დროს? - იურიდიული რჩევები ბექა თეზელაშვილისგან

ბექა თეზელაშვილი
19.11.25 17:35
223

საკუთრების დაყოფის საკითხი მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების შემთხვევაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და პრობლემური სამართლებრივი პროცედურაა. როდესაც ქონებას ერთზე მეტი მემკვიდრე იღებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქონება რეგისტრირდება წილობრივ თანამესაკუთრეობაში. ეს ნიშნავს, რომ ქონება ფიზიკურად არ ხდება დაყოფილი, არამედ თითოეული მემკვიდრე ფლობს ქონების წილს პროცენტულად.სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრების გამოყენება და მართვა მოითხოვს თანამესაკუთრეთა თანხმობას. თუ თანხმობა ვერ მიიღწევა, წარმოიქმნება ერთ-ერთი ყველაზე რთული სამართლებრივი დილემა: ქონება შეზღუდულ რეჟიმში რჩება და პრაქტიკულად, მისი გამოყენება ან რეალიზაცია შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე.

თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული:
- ქონება ვერ იყიდება, ქონება ვერ იყოფა ფაქტობრივად, ვერ ხდება ოთახების, სართულების ან სხვა კონკრეტული ნაწილების კუთვნილების განსაზღვრა, მემკვიდრეები შესაძლოა წლების განმავლობაში აღმოჩნდნენ იძულებითი თანამესაკუთრეობის მდგომარეობაში.

ეს ქმნის სერიოზულ სოციალურ და ფინანსურ პრობლემებს ფაქტობრივად ქონება რეალურად დაბლოკილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები იძლევა საშუალებას, რომ თანამესაკუთრემ მოითხოვოს საკუთრების გაყოფა სასამართლოს გზით, სასამართლო ამოწმებს:
- შესაძლებელია თუ არა ქონების ფაქტობრივი დაყოფა (მაგ. სართული, ბინა, მიწის ნაკვეთის ნაწილი), თუ ფაქტობრივი დაყოფა ვერ ხერხდება ქონებას ანიჭებს ერთ თანამესაკუთრეს ფასის ანაზღაურების ვალდებულებით, ან ნიშნავს ქონების საჯარო აუქციონზე გაყიდვა
, ხოლო თანხას წილობრივად ანაწილებს მემკვიდრეებზე.

ეს არის ყველაზე მკაცრი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი.

ზემოთ აღწერილ გარემოებების განხორციელებისას წარმოიშობა პრაქტიკული პრობლემები რაც მდგომარეობს შემდეგში:
- სასამართლო პროცესები ხშირად გრძელდება 1–დან 5 წლამდე;
- ემოციური და ოჯახური კონფლიქტები ართულებს მოლაპარაკებებს;
- ექსპერტიზის დანიშვნა (ფასის, ფართობის, ტექნიკური დაყოფის შესაძლებლობის დასადგენად) ზრდის ხარჯებს;
- აუქციონის გზით გაყიდვის შემთხვევაში, ქონება ხშირად იყიდება ბაზარზე ქვედა ღირებულებით.

პრობლემების ასაცილებლად იურიდიულად სწორი ნაბიჯებია:
- მემკვიდრეობის აღებისას წილობრივი შეთანხმების გაფორმება ნოტარიუსთან;
- სარგებლობის რეჟიმის შეთანხმება (ვინ რას იყენებს);
- ერთ-ერთ მემკვიდრეზე საკუთრების ჩამორთმევის და კომპენსაციის პროცედურა შეთანხმებით (ე.წ. „გამოსყიდვა“);
- მემკვიდრეობის განაწილების ხელშეკრულება.

მემკვიდრეებს შორის უთანხმოების პირობებში საკუთრება ხშირად ხდება გამოუყენებელი აქტივი. სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის სასამართლოს მიერ გაყოფა ან განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღება, რეალურ გამოსავალს იძლევა, თუმცა ხანგრძლივია.

საუკეთესო შედეგს იძლევა:
- დროული იურიდიული კონსულტაცია,
- წილობრივი ურთიერთობების წერილობით დარეგულირება,
- შეთანხმების ფორმალიზება ნოტარიუსთან.

მორალური კონფლიქტის შემცირება და ეკონომიკური ინტერესების დაცვა სწორედ წინასწარი სამართლებრივი დაგეგმვით არის შესაძლებელი.

ავტორი: ბექა თეზელაშვილი

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები