როგორ ხსნით იმას, რომ თქვენ და გერმანიის კანცლერი, ასევე გერმანიის ელჩი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს სრულიად განსხვავებულად უყურებთ? - ამ კითხვით Reuters-ის ჟურნალისტმა საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიმართა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ ხედავს საქართველოს პრემიერი იმის საშიშროებას, რომ ე.წ. რუსული კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააზიანებს.
„ბატონო პრემიერო, ძალიან საინტერესოა, რომ თქვენ გამჭვირვალობის კანონს უყურებთ სრულიად სხვანაირად კანცლერთან და საქართველოში გერმანიის ელჩთან შედარებით, რომელმაც ძალიან გააკრიტიკა ეს კანონი და თქვა, რომ ეს ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც კიდევ ერთხელ გისვამთ კითხვას - როგორ უყურებთ და როგორ ხსნით თქვენ იმას, რომ თქვენ სრულიად სხვა პოზიციას იკავებთ, ვიდრე თქვენი ევროპელი პარტნიორები და ევროკავშირი, რომელმაც უნდა შეაფასოს თქვენი პროგრესი? ხომ არ ხედავთ იმის საშიშროებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამით დაზიანდება?“, - მიმართა კობახიძეს Reuters-ის ჟურნალისტმა.
საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს“.
„ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ამერიკელ, ევროპელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად წარვმართოთ. ჩვენი მიდგომა, პოზიციები ძალიან მყარია. ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც ის ითვალისწინებს არის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიურად გასაჯაროება. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება უარყოფითად აისახება ამა თუ იმ ორგანიზაციის მუშაობაზე. თუკი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რომელიც გასულ წელს არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.