მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს მთის კურორტებზე ზაფხულის სეზონი?

ბაკურიანი დასვენება მთაში
BM. GE
01.08.23 22:34
87

„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, მთის კურორტებზე წელს ტურისტების აქტიურობა შეინიშნება. მისი თქმით, დამსვენებლების რაოდენობა გაიზარდა უზბეკეთიდან, თუმცა შემცირდა ტრადიციული ქვეყნებიდან, მათ შორის კლებაა ევროპელი ტურისტებისაც.

„ზაფხულის პირველ ნახევარში სეზონს ბევრად უფრო დატვირთულს ველოდებოდით რაც არ გამართლდა, თუმცა, მთის კურორტებზე ცვლილება მხოლოდ დადებითია. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ბაკურიანში. ზაფხულის სეზონზე ყოველთვის ლიდერობენ ადგილობრივი დამსვენებლები, წელს უცხოელებიც გვყავს. არის მატება ისეთი ახალი ბაზრებისგან, როგორიც არის უზბეკეთი, რაც კარგი ტენდენციაა. თუმცა, კლება იყო ტრადიციული ბაზრებიდან, ეს ეხება გალფის ქვეყნებს, წელს ბევრად მეტ სტუმარს ველოდებოდით, ვიდრე ჩამოვიდა. როგორც ჩანს, მათ სხვაგან დასვენება არჩიეს როგორც სერვისის, ისე ფასის ნაწილში. შემცირებაა ევროპელი ტურისტების ნაწილშიც.

არიან, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც იგრძნობოდა პანდემიამდე, როცა ბევრი გერმანელი და პოლონელი სტუმარი გვყავდა. იმედია ამაზეც ვიმუშავებთ და ასევე ბაზრების დამატებაზე რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ახალი ფრენები, ჩარტერული რეისები. რაც შეიძლება მარტივი და გახსნილი უნდა იყოს ქვეყანა უცხოელი დამსვენებლებისთვის. არ უნდა ხდებოდეს ისეთი ფაქტები როგორიც მაგალითად ინდოელ ტურისტებს შეემთხვათ, მოთხოვნა იყო და მიზეზის გარეშე არ უშვებდნენ საქართველოში,“ - განაცხადა კოკაიამ.

რაც შეეხება ფასებს, კოკაია ამბობს, რომ დასვენების გაძვირება თვითღირებულების მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია.

„ის მითი უნდა გაქარწყლდეს, რომ ფასები კონკრეტული ადამიანების სურვილზეა დამოკიდებული. ფასები გამომდინარეობს თვითღირებულებიდან და სამწუხაროდ ჩვენთან ეს თვითღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე კონკურენტ ქვეყნებში. ეს აისახება დასვენების საშუალო ფასზე. იმისთვის რომ ფასი შემცირდეს, მხოლოდ მოთხოვნა არ არის საკმარისი, აუცილებელია თვითღირებულებაც შემცირდეს,“ - აღნიშნა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები