მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა? - ეკა ყუბუსიძე

ლოგ ინ ჯორჯია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის ინფორმაციით, 2020 წელს დაწყებული ინტერნეტიზაციის პროგრამა Log-In Georgia-ს პირველი კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია გადასული და ამ დროისთვის, უკვე აშენებულია 550 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.

EBRD-ისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებებულ პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტიც 70 მლნ დოლარია და საქართველოს 1000-მდე სოფლის ინტერნეტიზაციას გულისხმობს ეკა ყუბუსიძემ დღეს გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მან პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოების შესახებაც აღნიშნა. 

“ამავდროულად, მიმდინარეობს კიდევ 220 კმ-ის მშენებლობა ქობულეთი-ხელვაჩაურისა და რაჭის დარჩენილ მონაკვეთებზე, რაც სექტემბრის თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. პარალელურად, გაფორმებულია კიდევ ორი ხელშეკრულება მესტია-ჯვარისა და ზუგდიდი-ხობის მიმართულებით, რომლის მშენებლობის დასრულება 2024 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.

ამავე დროს გამოცხადებულია კიდევ სამი ტენდერი, აბაშა-სენაკის, წყალტუბო-ვარციხის და ჭიათურა-საჩხერის მონაკვეთებზე. ჯამში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მოცულობა შეადგენს 2000 კმ-ს და  Log-In Georgia-ს პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 5 000 კმ-ის მაგისტრალი და დაიფაროს 1000-მდე სოფელი”, - აღნიშნავს ეკა ყუბუსიძემ.

რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, ყუბუსიძემ პარლამენტს საბიუჯეტო დაფინანსების წესის ჩანაცვლების რატიფიცირებისთვის მიმართა.

“EBRD-სა და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა 2020 წლის 31 აგვისტოს, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 25 ნოემბერს. EBRD-ის დაფინანსების მოცულობა არის €35.7 მლნ,  ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება - €34 მლნ, რომელიც ინფრასტრუქტურულ ნაწილს მოხმარდება.

წარმოდგენილი რატიფიკაციის მიზანია, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ჩანაცვლდეს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ეს თანხა იყოს ათვისებული, ვინაიდან, დღეს ყველა პროექტი, რომელიც მე ვახსენე, მიმდინარეობს EBRD-ის სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან. შემდეგში გვექნება საშუალება, რომ 50/50-ზე გადანაწილდეს. რატიფიცირება შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ბიუჯეტის ცვლილება და ახალი მსოფლიო ბანკის სესხიდან დაფარვა, რაც დონორების მიერ გამოყოფილ წილებს შორის სხვაობას ზრდის”, - აცხადებს ეკა ყუბუსიძე.

აღსანიშნია, რომ კომიტეტმა რატიფიცირების საკითხს კენჭისყრით მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, Log-In Georgia-ს მეორე კომპონენტი, ფართოზოლოვანი ინტერნეტსაშუალებებით ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან €3.35 მლნ-ით ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები