მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებამ საერთაშორისო აღიარება - ინტერვიუ თეონა ბერიასთან

BOG Wealth
25.05.24 12:00
840
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი საერთაშორისო ფინანსური გამოცემების ყურადღების ქვეშ ხშირად ექცევა და მათგან აღიარებასაც იმსახურებს. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებამ მორიგი ჯილდო ინგლისურენოვანი გამოცემა Euromoney-ისგან მიიღო, რომელმაც ის საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა.

Bank of Georgia Wealth-ისთვის ეს პირველი საერთაშორისო აღიარება არ არის - საქართველოს ბანკში ეს მიმართულება თითქმის 20 წლის წინ ჩამოყალიბდა და, მას შემდეგ, მსოფლიო დონის არაერთ ჯილდო მოიპოვა.

როგორ ვითარდებოდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება 2004 წლიდან დღემდე და როგორ გახდა ის Euromoney-ის “პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკი” საქართველოში - ამ საკითხებზე საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელს, თეონა ბერიას ვესაუბრეთ.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოს ბანკში დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ამოქმედდა და რა ტიპის საბანკო სერვისებსა და პროდუქტებს აერთიანებს ის მომხმარებლებისთვის?

- დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოს ბანკში 2004 წელს ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე ჩვენმა შეთავაზებებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. ჩვენი მომსახურება გაცდა მხოლოდ საბანკო პროდუქტებსა და ყოველდღიურ საოპერაციო მხარდაჭერას. დღეს უკვე მომსახურების განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ ისეთი სერვისი, როგორიცაა საინვესტიციო შეთავაზება, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე მონაწილეობისა და ჩართულობის უპრეცედენტო შესაძლებლობებს აჩენს. გარდა ფინანსური აქტივობისა, რაც პირადი ბანკირისა და ბროკერის მომსახურებით ხორციელდება, ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ პირადი კონსიერჟის მომსახურებითა და lifestyle ექსკლუზიურ ოფერებითაც, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

- რა არის Bank of Georgia Wealth-ისთვის პრიორიტეტული მიმართულებები და როგორი უზრუნველყოფს მათ შესრულებას თავად კომპანია?

- ამ წლების მანძილზე Bank of Georgia Wealth-ისთვის მნიშვნელოვანი იყო, დროსთან ერთად განვითარებულიყო და არ დაეკარგა აქტუალურობა. დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის მომხმარებელი არა ერთი ინდივიდი, არამედ მისი ოჯახიცაა. ჩვენი შეთავაზება მაქსიმალურად მორგებულია ოჯახის წევრებზე და მათ განსხვავებულ და მრავალფეროვან მოთხოვნებზე. შესაბამისად, ვცდილობთ ჩვენი მომსახურების სტანდარტი დახვეწილი იყოს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ სივრცეში მომსახურებისას. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ ბევრი სერვისი დისტანციურადაც შეუფერხებლად იყოს ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ამ ამოცანას ბანკმა და მიმართულებამ კარგად გაართვა თავი. შედეგი კი ის გახლავთ, რომ ჩვენი დისტანციური მომსახურება და არხები გამოგვარჩევს არამხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ბანკებისგანაც.

- როგორია საერთაშორისო მომხმარებელთა მხრიდან ინტერესი საქართველოში ინვესტირების, ბიზნესისა და ფინანსების მართვის მიმართულებებით და რა გამოწვევები ახლავს ამ პროცესებს?

თავდაპირველად საქართველოს მომხიბვლელობა ძირითადად ბანკში განთავსებულ დეპოზიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი განაპირობებდა. თუმცა დროსთან, ქვეყნისა და თავად ბანკის განვითარებასთან ერთად, წინა ფონზე საინვესტიციო შეთავაზებებმა გადმოინაცვლა. სწრაფად ცვალებად გარემოში მრავალფეროვანი მოთხოვნების მქონე მომხმარებლისთვის ასევე სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მომსახურების ხარისხი და სისწრაფე, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მთავარი აქტივის - ჩვენი თანამშრომლების გარეშე. სწორედ ისინი არიან ჩვენი მომხმარებლების ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მხარდამჭერები.

- როგორია მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირი ბოლო წლების განმავლობაში - რომელია მათში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი საბანკო სერვისი/პროდუქტი და, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამ მოთხოვნას?

- ჩვენი მიმართულება წელიწადში ორჯერ ატარებს გამოკითხვას მომხმარებელთა კმაყოფილების დადგენის მიზნით. აღსანიშნავია, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა დადებითად იმოქმედა მომხმარებლის მხრიდან წამოსულ შეფასებაზე და ბოლო 4 წლის მანძილზე nps (net promoter score) 60%-დან 88.4% -ზე ავიდა. ეს შედეგი Bank of Georgia Wealth-სთვის ნამდვილად საამაყო შედეგია. პრემიალური მომსახურების ფარგლებში 70% უკვე ძალიან კარგ მაჩვენებლად ითვლება. ასეთი მაღალი ნიშნული ჩვენთვის დიდი სიხარული და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. პროდუქტების კუთხით რთულია გამოყო ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი, თუმცა კვლევებში ცალსახად იკვეთება, რომ მომხმარებლები ძალიან აფასებენ მათ ურთიერთობას საკუთარ პირად ბანკირებთან, ბროკერებთან თუ კონსიერჟებთან.

დაგროვილი ქონების მიმართულების თითოეული მომხმარებელი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ თითოეულმა მათგანმა მოახერხა საკუთარ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებისა თუ პროდუქტის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 75-მდე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ მათი მომსახურება სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან ხდება, რაც ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს, იქცეს არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ მსოფლიო საბანკო ცენტრად.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს საინვესტიციო გარემოს? რამდენად უწყობს მომხმარებლის მხრიდან დადებითი დამოკიდებულების შექმნასა და მზარდ ინტერესს ქვეყანაში არსებული კერძო საფინანსო სექტორის სიძლიერე და გამართული ოპერირება?

- მას შემდეგ, რაც დროსთან ერთად მხოლოდ დეპოზიტზე მიღებული საპროცენტო განაკვეთები ისეთი მიმზიდველი აღარ იყო, სწორედ ძლიერი კერძო სექტორი გახდა ძირითადი ინვესტიციების განთავსების ერთ-ერთი ალტერნატიული მიმართულება. ეს გამოიხატებოდა უძრავ ქონებაში პირდაპირი ინვესტიციის თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრებისადმი გაზრდილი ინტერესით. იმის გათვალისწინებით რომ ინვესტორის პერსპექტივიდან სწორედ ობლიგაციები იყო კვლავ მაღალი და ამავდროულად, სტაბილური შემოსავლიანობის გარანტი, ბოლო პერიოდის განმავლობაში ათობით საჯარო ობლიგაციის პირველადი განთავსება და rollover მოხდა. მომხმარებლებში გაჩნდა რწმენა, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია, რომელმაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრ გამოწვევას გაუძლო. აღსანიშნავია, რომ ეს წარმატება ბევრი ფაქტორის ერთობლიობითაა განპირობებული: ძლიერი კერძო სექტორი, საიმედო ფინანსური ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, პირადი ბანკირები და ბროკერები, ვისი მეშვეობითაც ხდება ამ ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანა. წლიდან წლამდე იზრდება წარმატებული განთავსებების რაოდენობა და მათ შორის, მოზიდული ინვესტიციების მოცულობა, რაც ხაზს უსვამს იმ დადებით დამოკიდებულებას, რაც მომხმარებლებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ აქვთ.

- და ბოლოს, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება არაერთმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ აღიარა საუკეთესოდ, იქნება ეს Euromoney, Global Finance-ი, IFM-ი თუ სხვა - რას ნიშნავს ბანკისთვის საერთაშორისო აღიარება და როგორ უწყობს ის ხელს საბანკო სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას?

- რა თქმა უნდა, მსგავსი გამოცემების ჯილდოები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში მსოფლიო დონის საბანკო მომსახურება გვაქვს. ეს საერთაშორისოდ აღიარებული დამატებითი ობიექტური საზომია, რომელიც ხშირად მომხმარებლისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს, მათ, ვინც ჩვენ გვირჩევს და რომელთა უკუკავშირის გარეშეც ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. გულწრფელად მადლიერი ვარ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების გუნდის თითოეული წევრის, რომელთა მონდომებაცა და მოტივაციაც გასაოცარია. ამ გუნდთან ერთად მართლაც რომ საუკეთესო წინ არის და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევთ.

თეონა ბერია აღნიშნავს, რომ Bank of Georgia Wealth განვითარებას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის განაგრძობს. მიმართულება უწყვეტად მუშაობს მომსახურების გამრავალფეროვნებაზე, რათა ის მეტად მორგებული იყოს თითოეული მომხმარებლის საჭიროებაზე და არ ჩამორჩებოდეს მსოფლიო სტანდარტსა და ტენდენციებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები