მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“როგორ მოხდება უცხოელი გიდების იდენტიფიცირება?”- გიდებს უცხოელების დასაქმების შეზღუდვის რეგულაციის აღსრულებაზე კითხვები აქვთ

გიდი

მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელები საქართველოში კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად ვეღარ დასაქმდებიან, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი შესაბამისი საქმიანობის ნებართვის აღება მოუწევთ. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით უკვე გამოქვეყნებულია. ახალი წესით, კონკრეტულ საქმიანობებზე ნულოვანი კვოტა დაწესდა, რაც დასახელებულ სფეროებში უცხოელების დასაქმებას სრულად ზღუდავს.

გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ გიდები, რომლებიც უცხოელი გიდების საქმიანობის შეზღუდვას საქართველოში წლებია ითხოვენ. ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ საკურიერო სფეროსგან განსხვავებით, ამ მხრივ ადგილობრივი მუშახელი საკმარისია და დანაკლისის პრობლემა არ იქნება. გიორგიძეს კითხვები აქვს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

“კითხვა გვაქვს თუ როგორ მოხდება რეალურად ამ კანონის აღსრულება? კარგი იქნება თუ ამაზე გაკეთდება განცხადება. კითხვა დამისვით, გვაქვს თუ არა ჩვენ რესურსი, რომ უცხოელი გიდების ჩანაცვლება მოხდეს, მე მგონია, რომ გვაქვს რესურსი, რადგან ძალიან ბევრი გიდი წლების მანძილზე ნაკლებად დასაქმებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ უცხოელებმა ძალიან ბევრი ტური აიღეს და ტურიზმში, განსხვავებით მიტანის სერვისისგან ჩვენთან გაცილებით მეტი ადამიანი საქმიანობს და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა აპირებს დასაქმებას.

ჩვენ კითხვა გვაქვს სახელმწიფოსთან: აქვთ თუ არა მათ მექანიზმი და საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თვითონ აღასრულონ? როგორ მოხდება იდენტიფიცირება ამ ადამიანების? გარეგნობით თუ საუბრით? ეს ყველაფერი უნდა იყოს განმარტებული, თორემ სხვა შემთხვევაში, თუ კანონმა არ იმუშავა, მივიღებთ იგივე შედეგს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კარგია რაც მოხდა, მაგრამ ერთადერთი არის კითხვა: აქამდე რატომ არ ხდებოდა? ეს უნდა გაკეთებულიყო შარშანაც, შარშანწინაც, ამაზე მწვავედ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, მაგრამ როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,”- ამბობს გიდი ალექსანდრე გიორგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები