მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ მოვაგვაროთ სამთავრობო დეფიციტის პრობლემა მარტივად? – ბაფეტის მოსაზრება

ბაფეტი

ბიუჯეტის დეფიციტი გლობალური პრობლემაა, რომელიც თითქმის ყველა სახელმწიფოს აწუხებს. ეს მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა ყოველწლიურად იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალს იღებს, ამ დეფიციტის შესავსებად კი დამატებითი ვალის აღებაა საჭირო.

ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დეფიციტის მოცულობა კოლოსალურ 1.7 ტრილიონ დოლარს აღწევს.

თუკი ცნობილ ამერიკელ ინვესტორ უორენ ბაფეტს დავუჯერებთ, ეს პრობლემა მომენტალურად გადაიჭრება, თუკი პოლიტიკოსებს სწორი მოტივები ექნებათ. ბაფეტის თქმით, ძირითადად, კონგრესმენების და მთავრობის წევრების მთავარი მიზანი თანამდებობის შენარჩუნებაა, ამიტომაც ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი სწორედ მათი არჩევის პროცედურას უნდა დაუკავშირდეს, რაც დეფიციტის პრობლემას მომენტალურად მოაგვარებს.

„ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემის მოგვარება ხუთ წუთში შემიძლია. უნდა მივიღოთ კანონი, რომლის მიხედვით, მოქმედ კონგრესმენებს აღარ ექნებათ ხელახლა არჩევის უფლება, თუკი მათი საქმიანობის პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს, ან ნებისმიერ სამიზნე ნიშნულს გადააჭარბებს. ჩათვალეთ, რომ დეფიციტის საკითხზე საუბარი აღარასოდეს მოგვიწევს, რადგან ეს პრობლემა პოლიტიკური დღის წესრიგიდან უბრალოდ გაქრება. მთავარია, პოლიტიკოსებს სწორი მოტივები მივცეთ და ყველაფერი მომენტალურად მოგვარდება“, - აცხადებს 95 წლის უორენ ბაფეტი, რომლის ქონების შეფასება 152 მილიარდ დოლარს აღწევს.

Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელის თქმით, ანალოგიური ლოგიკა ვრცელდება ევროკავშირის და ნებისმიერი დემოკრატიული წყობილების მქონე სახელმწიფოზე, ამიტომ ამ უნივერსალური პრობლემის გადაჭრის გზა უნივერსალურად მარტივია და ის პოლიტიკოსების პირად ინტერესებზე გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები