მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოხდება Pfizer-ით, Sinovac-ით და Sinopharm-ით ვაქცინაციის გაფართოება?

6103ca1871ee6
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 13:55
873
„Pfizer-ით ვაქცინაცია სტაციონარული დაწესებულებებიდან ამბულატორიებში გადავა“, - აღნიშნული გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო. ამის შესახებ საბჭოს შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

„Pfizer-ი სტაციონარული დაწესებულებებიდან თანდათანობით დიდ ამბულატორიულ სივრცეებში გადავა, რომ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა იყოს, რაიონები და სოფლის მუნიციპალიტეტები აცრის პროცესში უფრო მეტად უნდა ჩაერთონ. ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იმუნიზაციის საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალური განმარტებები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც გააკეთა.

„დღემდე Pfizer-ით ვაქცინაცია ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარეობს. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, რომ აცრის შემდგომი სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები მინიმალურია, შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებში. თბილისში რამდენიმე ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრია, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს ატარებს; ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა და უწყებთშორისი საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიჩნიეს ფაქტი, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს.

ამასთან დაკავშირებით სამინისტროს კონსულტაციები აქვს და, დაახლოებით, 7 დაწესებულებაა, რომელიც ფაიზერის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის მზაობას გამოთქვამს და ეს ვაქცინაციის ქსელის გაფართოების საშუალებას მოგვცემს“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მომდევნო კვირიდან Sinovac-ით და Sinopharm-ით ვაქცინაციის პროცესის გაფართოება სოფლებშიც დაიწყება და ეს გადაწყვეტილებაც იმუნიზაციის საბჭოზე იქნა მიღებული.

„საუბარი იყო სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. რაიონული ცენტრის დაწესებულებები, რომელიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, სოფლის მოსახლეობას სპეციალიზებული სერვისებს სთავაზობს. მთავრობის დადგენილებით, ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება ის, რომ ოჯახების ექიმების ჩართულობით, სოფლის ამბულატორიების დონეზე, სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით მოიცვან; ასევე შესაძლებელია, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც სოფლის მოსახლეობის აცრის საშუალებას მოგვცემს. ამ შემთხვევაში საუბარია "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრის გაფართოებაზე.

რაც შეეხება Pfizer-ით აცრას, ჯერჯერობით, მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება, თუ პაციენტი მწოლიარეა ან ქრონიკული დაავადება აქვს, ასეთ შემთხვევაში ამცრელი ბრიგადა მას ბინაზე აცრის. ეს პროცესი თბილისში უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებში“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, აჭარაში სოფლის ამბულატორიის დონეზე ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო და სოფლებში ვაქცინაციის პროცესის გაფართოება მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი ამცრელი ბრიგადების რაოდენობა და ვაქცინაციის პროცესის დღევანდელი გამტარუნარიანობა დაასახელა და თქვა, რომ ეს რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს.

„ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე ასასვლელად სულ მცირე ბრიგადების რაოდენობა 500-მდე უნდა გაიზარდოს. დღეს 290-მდე სრული ბრიგადაა, გადაამრავლეთ 70-ზე და ეს არის ვაქცინაციის დღევანდელი გამტარუნარიანობა ანუ სადღაც 20-23 ათასის ფარგლებში შეუძლიათ რომ მათ გაატარონ, თუ მოსახლეობა მოტივირებული იქნება და მივა ასაცრელად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები