მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს აპლიკაცია, რომელიც ობიექტებში დარჩენილი საკვების რეალიზაციაზე ზრუნავს?

63ea2b8443942
თინათინ ნატმელაძე
19.02.23 23:28
1410
PreshFood - ასე ჰქვია სტარტაპს, რომლის ამოქმედების მთავარი მიზანიც დღის ბოლოს, სხვადასხვა ობიექტებში დარჩენილი მზა საკვების რეალიზაციაა.

სტარტაპის დამფუძნებელი რატი დანელია BM.GE-სთან ყვება, რომ მორჩენილი საჭმელი, რომელიც შემდეგ იყრება, როგორც ეკოლოგიისთვის, ისე თავად ობიექტებისთვისაც ფინანსური თვალსაზრისით საზიანოა.

„მე და ჩემმა მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ წავიკითხეთ სტატიები და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის საკვები იყრებოდა, სწორედ ამიტომ, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება და აღნიშნული საკვების რეალიზაცია. პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში, სოციალური ქსელებში დავიწყეთ ამ სერვისის გამოყენება, შემდეგ მონაწილეობა GITA-ს საგრანტო კონკურსში მივიღეთ, 150 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ და აპლიკაციის შექმნაზე მუშაობა დავიწყეთ.

ამჟამად აპლიკაცია უკვე მზადაა, რამდენიმე კვირაში ფუნქციონირებაშიც ჩაეშვება. მოლაპარაკებები დასრულები გვაქვს რამდენიმე კვების ობიექტთან, რომლებისთვისაც ძალიან საინტერესოა მსგავსი სერვისი, რადგან ამდენი საკვების გადაყრით ისინიც ფინანსურ ზიანს იღებენ.

რაც შეეხება ფიზიკური პირების დაინტერესებას, რომლებმაც ეს საკვები უნდა შეიძინონ - უნივესრიტეტებში ჩავატარეთ გამოკითხვები და აღმოჩნდა, რომ სტუდენტებისთვის, როგორც ეკოლოგიური, ისე ფასდაკლების თვალსაზრისითაც, ჩვენი სერვისი საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა რატი დანელიამ.

მისივე ცნობით, აპლიკაციაში განთავსდება ე.წ. ჩანთები, რომლის ღირებულებაც 5 ლარის ფარგლებში იქნება და მასში თავს მოიყრის 10, 15, 20, 25 ლარის პროდუქცია.

„ის საკვები, რომელიც დღის ბოლოს ობიექტებს მორჩებათ, გადაყრის ნაცვლად მომხმარებლებს 50%-იანი და ზოგიერთ შემთხვევაში 70%-იანი ფასდაკლებითაც მიეწოდებათ.

მომხმარებელს აპლიკაციაში ექნება რუკის ფუნქციონალი, მოიძიბეს რომელ ობიექტებს აქვთ განთავსებული ეს ჩანთები, მივა ობიექტზე და იმ პროდუქტს, რომელიც რეალურად ვარგისია საჭმელად და შესაძლოა, რომ უბრალოდ გადაყრილიყო, შეღავათიან ფასად შეიძენს.

ჩვენი მიზანია, რომ ეს ღირებუელბა ხუთ ლარს არ აღემატებოდეს, სწორედ ამიტომ არ შევიმუშავეთ საკურიერო მომსაუხრება, რომელიც პროდუქტს თანხას საკმაოდ მოუმატებდა.“ - განმარტავს PreshFood-ს დამფუძნებელი.

გამოწვევებზე საუბრისას რატი დანელია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მთავარი სირთულე მომხმარებლების ნდობის მოპოვებაა.

„ხშირ შემთხვევაში ჩნდება საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება საკვების ვარგისიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე მომხმარებლის იმაში დარწმუნებაა, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად საკვებად ვარგისი იქნება.

ვინაიდან, მთავარი მიზანი ისაა, რომ ყველა ჩანთა გაიყიდოს და პროდუქტის გადაყრა საჭირო არ გახდეს, პირველ ეტაპზე მხოლოდ საბურთალოს რაიონს მოვიცავთ - დავტესტავთ მოთხოვნას და დაინტერესებას, ამის შემდეგ კი ჯერ თბილისის ყველა უბანში გამოვჩნდებით, შემდეეგ კი სხვა ქალაქებშიც გავალთ“, - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, PreshFood-ის შექმნაში ამ ეტაპზე ოთხი ადამიანია ჩართული და სტარტაპი იმისთვის, რომ სერვისი უფრო დახვეწოს და მარკეტინგული კამპანიები აწარმოოს, ახალი ფინანსების მოძიების პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები