მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ავტოკარი იგივე ავტოდამტვირთველი

ავტოკარი
09.11.26 15:41
• 418

საწყობში, საწარმოსა თუ ღია სავაჭრო სივრცეში მძიმე ტვირთს ხელით იშვიათად ეხებიან. ამ საქმეს ძირითადად ავტოკარი, იგივე ავტოდამტვირთველი ასრულებს. სწორედ ამიტომ, ბრენდი „ტოიოტა“, როგორც ინდუსტრიის გლობალური ლიდერი, მკითხველს სთავაზობს საინტერესო გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ტექნიკა. კონკრეტული მოდელის შერჩევამდე აუცილებელია, მყიდველმა იცოდეს, რა განასხვავებს ამ დამტვირთველებს ერთმანეთისგან და რატომ ვერ გამოდგება ერთი კონკრეტული მოდელი ყველა საქმისთვის.

ერთი შეხედვით, ყველა დამტვირთველს ტვირთს ერთი ადგილიდან მეორეში გადააქვს, თუმცა სამუშაო გარემო იმდენად განსხვავდება, რომ უნივერსალური მანქანის შექმნა შეუძლებელია. ვიწროდ განლაგებული მაღალი თაროების მქონე საწყობს ერთი სპეციფიკის ტექნიკა სჭირდება, უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ღია ეზოსა და ცვალებად ამინდს კი სულ სხვა თვისებების მქონე მოდელი შეესაბამება. სწორედ ამიტომ, დამტვირთველები კვების წყაროს, საბურავებისა და სამუშაო გარემოს მიხედვით ჯგუფდება.

ხშირად ერთ საწყობში რამდენიმე სხვადასხვა მანქანა ერთდროულად მუშაობს. მაგალითად, დატვირთვის ზონაში შედარებით მძლავრი ტექნიკა გვხვდება, თაროებს შორის კი მეტად მსუბუქი და მანევრული მოდელები. ეს გააზრებული ლოგისტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც სივრცის თავისებურებებსა და ტვირთის სპეციფიკას ეფუძნება.

კონტრბალანსური ჩანგლიანი დამტვირთველი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელსაც საწყობებსა და სადგურებში შეხვდებით. მისი მუშაობის პრინციპი მარტივია: წინ, ჩანგლებზე მოთავსებულ წონას ტექნიკის უკანა ნაწილში დამონტაჟებული მძიმე ბლოკი აბალანსებს. ამ კონსტრუქციის დამსახურებით, მანქანას დამატებითი საყრდენი ფეხები არ სჭირდება და ფართო სივრცეში თავისუფლად მანევრირებს.

ეს მოდელები ელექტრო ან შიგაწვის ძრავაზე მუშაობს. ელექტრო ვერსია დახურული სივრცეებისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან არ აქვს გამონაბოლქვი და ნაკლებად ხმაურობს, რის გამოც მას ხშირად სასურსათო და ფარმაცევტულ საწყობებში იყენებენ. დიზელზე, ბენზინზე ან თხევად გაზზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი დამტვირთველები კი ღია მოედნებზე, ინტენსიური გრაფიკის დროს შეუცვლელი ალტერნატივაა.

როდესაც საწყობის დერეფნები ვიწროა და თაროები ჭერამდე აღწევს, ჩანგლიანი დამტვირთველი იქ ვერ მოთავსდება. ასეთ პირობებში რიჩტრაკს იყენებენ. მისი ჩანგლები წინ , ჰორიზონტალურად მიიწევს, რაც საშუალებას იძლევა, ტვირთი მაღალ სართულზე მინიმალური გვერდითი სივრცის არსებობისას განთავსდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რიჩტრაკი მხოლოდ სწორ იატაკზე მუშაობს და ეზოსთვის არ გამოდგება.

ყველა ოპერაციას არ სჭირდება მძიმე და დიდი გაბარიტების ტექნიკა. მცირე საწყობებში, პალეტების ვერტიკალურად ასაწევად და გადასაადგილებლად, შტაბელერი, იგივე სტაკერიც საკმარისია. მისი კონსტრუქცია გაცილებით მარტივია, ნაკლებ ადგილს იკავებს და მუშაობასაც აადვილებს. თუ ტვირთის სიმაღლეზე აწევა საერთოდ არ გიწევთ და მხოლოდ იატაკზე გადაადგილება გსურთ, საუკეთესო არჩევანი პალეტის ურიკაა. მისი ხელის ვერსია ფიზიკურ ძალას მოითხოვს, ელექტრო მოდელი კი ამსუბუქებს შრომას და ეფექტურია იქ, სადაც პალეტებთან მუშაობა მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.

ტექნიკის შერჩევისას ხშირად მხოლოდ მაქსიმალურ ტვირთამწეობას აკვირდებიან, თუმცა უმნიშვნელოვანესია დატვირთვის ცენტრის გათვალისწინებაც. ყველა ავტოკარს ახლავს სპეციალური ცხრილი. სტანდარტულად, ნომინალური ტვირთამწეობა გათვლილია ჩანგლის ძირიდან 60 სანტიმეტრის დაშორებაზე. თუ ტვირთის სიმძიმის ცენტრი უფრო შორსაა, ტექნიკის რეალური ამწეობა ავტომატურად იკლებს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა არასტანდარტული ფორმის ნივთების გადატანისას, რადგან ცხრილის უგულებელყოფამ შეიძლება, ტექნიკის გადაყირავება გამოიწვიოს.

გამოცდილი ოპერატორი გრძელი ან ფართო საგნების აწევამდე ყოველთვის ამოწმებს სიმძიმის ცენტრს, რათა მუშაობისას დისბალანსი აიცილოს თავიდან.

უსაფრთხოების წესების თანახმად, დამტვირთველის მართვის უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულ ოპერატორს აქვს. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ინციდენტების უმეტესობა სწორედ გამოუცდელობისა და ტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგია. საერთაშორისო სტანდარტით, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ამ ტექნიკის მართვა საერთოდ აკრძალულია.

ამასთან, აუცილებელია ყოველდღიური შემოწმებაც. ცვლის დაწყებამდე ოპერატორმა უნდა დაათვალიეროს ჩანგლების მდგომარეობა, შეამოწმოს ჰიდრავლიკური სითხის დონე, საბურავები და მუხრუჭები. ეს მარტივი პროცედურა დაზოგავს დროს და თავიდან აგარიდებთ სერიოზულ ავარიებს.

გადამზადება არც შემდგომში უნდა იყოს ერთჯერადი პროცესი. ტექნიკის შეცვლის, ახალ გარემოში გადასვლის ან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხელახალი ინსტრუქტაჟია საჭირო, რათა მძღოლის უნარები კონკრეტულ მოდელს შეესაბამებოდეს.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ შეცდომები ხშირად მეორდება, ინციდენტების თავიდან აცილება კი მარტივია: გადაადგილებისას ჩანგლები ყოველთვის დაბლა უნდა იყოს, ტვირთი კი ცენტრში განთავსდეს.

სწორი მოდელის შესარჩევად სულ სამი კითხვა უნდა დაისვას: სად იმუშავებს ტექნიკა, რა სიმაღლეზე უნდა აიტანოს ტვირთი და რა ინტენსივობით დაიტვირთება ცვლის განმავლობაში. ამ პასუხების საფუძველზე ადვილად მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, მძლავრი შიგაწვისძრავიანი ავტოკარია საჭირო თუ კომპაქტური შტაბელერი.

გააზრებული არჩევანი სივრცის მაქსიმალურ ათვისებასა და სამუშაო პროცესის გამარტივებას განაპირობებს. საწყობის ან საამქროს მოწყობისას ტექნიკის ტიპი და თაროების განლაგება ყოველთვის ერთდროულად, ერთიან კონტექსტში უნდა დაიგეგმოს, რადგან ეს ორი კომპონენტი განსაზღვრავს ერთმანეთის ეფექტურობას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები