მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს DRG დაფინანსების მოდელი? - კვლევა

თენგიზ ვერულავა

DRG სისტემის შემოღებამ შეამცირა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, ლეტალობის მაჩვენებელი და პაციენტის თანაგადახდა. ასეთია კვლევის შედეგები, რომლის მიზანი იყო ამ სისტემის გავლენის შეფასება ინფარქტიანი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე.

კვლევის შედეგებზე ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ, რომელიც ასევე კვლევის თანაავტორია, "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა. კვლევა სამი დიდი საავადმყოფოს 2021-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა და თენგიზ ვერულავას თქმით, ბევრი ინდიკატორი იყო გამოყენებული.

"მთავარი ინდიკატორები იყო ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, რეადმისია, სხვა ხარისხობრივი ინდიკატორები, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო ასევე პაციენტის ჯიბიდან გადახდები. მთავარი მიზანი, როცა ეს შემოვიდა 2022 წლის ნოემბერს, იყო სწორედ ორი: ეფექტიანობა და პაციენტის ჯიბიდან გადახდების შემცირება.

ჰოსპიტალიზაცია შემცირდა და ეს დადებითი მოვლენა გახლავთ, აი ეფექტიანობის თვალსაზრისით. მაგრამ ასევე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც უფრო მეტად მაყურებელს აინტერესებს - ხარჯების შემცირება. DRG-მდე მდგომარეობა იყო ასეთი, რომ სახელმწიფო განსაზღვრავდა ტარიფს და უხდიდა საავადმყოფოს გარკვეულ ნოზოლოგიაზე, მაგრამ საავადმყოფოებს ჰქონდათ უფლება, ამ ტარიფს ზემოთ პაციენტისათვის გადაეხდევინათ თანხა, რომელიც არ რეგულირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ეს იწვევდა ასეთ მდგომარეობას, რომ წლიდან წლამდე იზრდებოდა სახელმწიფო დანახარჯი, მილიარდ 200 მილიონი, მილიარდ 300 მილიონამდე ავიდა, მაგრამ ეს არ ეტყობოდა პაციენტის ჯიბიდან გადახდებს და ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სადღაც 55 პროცენტი, 60 პროცენტი იყო ჯიბიდან გადახდები. სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი სწორედ არის, რომ ადამიანს შეეხიდოს აი ამ დაავადების დროს, რომ კატასტროფული ხარჯები არ ჰქონდეს მას. ასეთი დაურეგულირებელი მდგომარეობიდან გადავედით უფრო დარეგულირებულ მდგომარეობაში, რომ ამის შემდეგ, DRG-ის შემდეგ, ეს არის მთავარი მომენტი, რომ საავადმყოფო არ ახდევინებს თანხას პაციენტს... ცხადია, იქ არის დათქმები, დავუშვათ პენსიონერებთან 10% თანაგადახდა, მაგრამ ეს სახელმწიფოს მიერ რეგულირდება და პაციენტმაც იცის რამდენია თანაგადახდა, და 30% სხვა მოსახლეობისათვის - ეს ოფიციალურად. დანარჩენი, აბსოლუტურად პაციენტი გათავისუფლდა ხარჯებისგან და ცხადია, ამან გამოიწვია ხარჯების შემცირება, 800 ლარიდან საშუალოდ 400 ლარამდე",- ამბობს თენგიზ ვერულავა.

მან იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რომელიც DRG-ის ახლავს თან და ხაზი გაუსვა, რომ მოდელმა გარკვეული ეფექტიანობა მოიტანა, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, ტარიფების გადახედვა არ ხდება.

"არის აუცილებლად განახლების ინდექსი. ანუ ყოველ წელს სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ტარიფების გადახედვა და ეს ყველა ქვეყანაში არის. ზოგ ქვეყანაში 6 თვეში ერთხელაც ხდება გადახედვა ტარიფების. ეს არ არის მარტო ინფლაცია - ტექნოლოგიების შემოსვლა მედიცინაში და უამრავი სხვა, რაც ზრდის ხარჯებს. ეს არ ხდება ჩვენთან",- აღნიშნა თენგიზ ვერულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები