მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონი? - ლაშა ნოდიას შეფასება

61bf116a94566
თამთა ჯიჯავაძე
19.12.21 18:35
742
"ახალმა კანონმა ბევრი საკითხი ახლებურად გაიაზრა", - ასე აფასებს კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი ლაშა ნოდია რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ ახალ კანონს, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა. კანონი საწარმოთა რეაბილიტაციის შესაძლებლობებზეა ორიენტირებული და მის ნოვაციას წარმოადგენს რეგულირებული შეთანხმება, რომელიც საშუალებას იძლევა სასამართლოს არსებითი ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით ფინანსური სირთულეების დაძლევის გზები გამოინახოს და კომპანიამ კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწიოს.

„ახალმა კანონმა გაკოტრების, რეაბილიტაციის ახლებური რეჟიმები შემოგვთავაზა. ამავდროულად გააჩინა ბევრი მოტივაცია იმისათვის, რომ საწარმომ თავადვე დროულად დაიწყოს პროცესი, რაც ერთი მხრივ მას აძლევს შესაძლებლობას რომ მართვა შეინარჩუნოს“, - აღნიშნა ლაშა ნოდიამ გადაცემა Forbes-კვირაში. თუმცა მისივე თქმით, უკვე გამოიკვეთა ის ნაწილები, რაც შესაძლოა, სხვანაირად და უფრო უკეთ დარეგულირებულიყო.

„ჩვენ გვაქვს რვა მიმდინარე საქმე ახალი კანონის მიხედვით და ამ საქმეებიდან გამომდინარე უკვე გვაქვს ხედვა, რომ შესაძლოა სხვაგვარად ყოფილიყო გარკვეული ნორმები მოწესრიგებული. ეს ბუნებრივი პროცესია.

ალბათ მომავალი წლის ბოლოსთვის იქნება გარკვეული პაკეტი მომზადებული იმისათვის, რომ კანონი დაიხვეწოს. ეს ბუნებრივია, როდესაც სრულიად ახალ კანონთან გვაქვს საქმე... მსოფლიოში ვითარდება კანონმდებლობა და ამ ნაწილში არ უნდა ვიყოთ ჩამორჩენილი, თუ გვინდა რომ საინვესტიციო გარემო იყოს მოწინავე“, - განაცხადა ნოდიამ.

მისივე თქმით, საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კანონი მუშაობს.

„პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ბიზნესი აღმოჩნდა ფინანსური კრიზისის წინაშე, ბევრი გაჩერებული იყო რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაბამისად თითქოს არსებობდა მოლოდინი რომ კომპანიები ახალი კანონით ისარგებლებდნენ და ფინანსების გადარჩენის გარკვეულ ხერხებს გამოიყენებდნენ. თუმცა, მე ვვარაუდობ, რომ ეს უფრო  მომავალი წლიდან დაიწყება, ვინაიდან ნებისმიერ ახალ კანონს სჭირდება გააზრება, გარკვეული პრაქტიკის დანახვა. აქ ძალიან დიდი როლი ენიჭება ძირითად მოთამაშეებს, ვინც არიან ბაზარზე, ესენი არიან ბანკები, ვინაიდან მათაც გააჩნიათ მოტივაცია რომ ამ პროცესებშიც თავადაც აქტიურად ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ რეაბილიტაციას“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები