მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ნერგავს TBC ხელოვნურ ინტელექტს საბანკო მომსახურებაში?

მერი ჩაჩანიძე
25.01.26 20:30
4826

„თიბისი ბანკი“ 2025 წლიდან აქტიურად ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას როგორც ფრონტ ოფისში, ისე შიდა ოპერაციულ პროცესებში, რის შედეგსაც მომხმარებლები განსაკუთრებით 2026 წლიდან იგრძნობენ, – ამის შესახებ „ბიზნესის კვირეულში“ „თიბისი ბანკის“ კორპორაციული საბანკო ბიზნესის მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბანკის მთავარი ამოცანა 2026 წელსაც ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის მხარდაჭერა იქნება.

„2026 წელსაც ჩვენი მთავარი როლი არის ქართული ბიზნესის და ქართული ეკონომიკის მხარდაჭერა და მათ განვითარებაში და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა“, – აღნიშნა ჩაჩანიძემ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბანკი რამდენიმე მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის კლიენტებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებითა და შიდა პროცესების გაუმჯობესებით.

„ჩვენი მიზანია, საბანკო მომსახურება იყოს მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მასშტაბური ინვესტიციები განვახორციელეთ ტექნოლოგიებში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, სესხზე ხელმისაწვდომობის დრო 38%-ით შეგვემცირებინა“, – განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბანკში უკვე აქტიურ ფაზაშია და მოიცავს როგორც მომხმარებელთან ურთიერთობის, ისე ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციას.

„2025 წლიდან ძალიან აქტიურად დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება როგორც ფრონტის ნაწილში, ასევე ბექის ნაწილში და გვგონია, რომ 2026 წელს ჩვენი მომხმარებელი უკვე მკაფიოდ შეამჩნევს, რომ მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდა“, – აღნიშნა მან.

მერი ჩაჩანიძემ ყურადღება გაამახვილა გუნდის როლზეც და აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკის“ კორპორატიული საბანკო მიმართულება დღეს 300-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს.

„ჩვენი გუნდი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ყოველდღიურად ვმუშაობთ მათ განვითარებაზე და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს 300-ზე მეტ პროფესიონალს, რომლებიც ზრუნავენ იმისთვის, რომ „თიბისი ბანკის“ მომსახურება და მომხმარებლის გამოცდილება მუდმივად უმჯობესდებოდეს“, – განაცხადა ჩაჩანიძემ.

მისივე თქმით, ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, „თიბისი ბანკს“ საშუალებას აძლევს, კორპორატიული საბანკო მომსახურება უფრო ეფექტიანი, სწრაფი და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გახადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები