პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას კომპანია OMNIBUS EXPRESS-იც იწყებს. ამ დრომდე ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მხოლოდ Georgian Bus მოძრაობდა.
როგორც bm.ge-ს Georgian Bus-ის ხელმძღვანელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც ახალი კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას აპირებენ.
მისი განმარტებით, ცვლილებებს ისედაც გეგმავდნენ, თუმცა, OMNIBUS EXPRESS-ის ბაზარზე შემოსვლამ მოვლენები დააჩქარა.
შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ უკვე დაწყებულია ავტოპარკის განახლება და კომპანია 10 ახალი ავტობუსით უკვე არის წარმოდგენილი ბაზარზე. მისივე განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია უფასო ინტერნეტის სისტემით, ყოველი სკამის წინ მონიტორებით, უფრო კომფორტული დასაჯდომებით და ა.შ.
„კონკურენცია ჩვენზე რაღაც კუთხით ნეგატიურად იმოქმედებს. მომხმარებლების ნაწილს ახალი კომპანია ალბათ გადაიბირებს, თუნდაც სიახლის გამო. თუმცა, ჩვენი 4-წლიანი გამოცდილება და ნიუანსების ცოდნა, ვფიქრობ, უფრო წინ გვაყენებს, ვიდრე ჩვენს კონკურენტს“,- აცხადებს შალვა ხუციშვილი.
ამას გარდა, კომპანია 15 სექტემბრიდან უფასო ბილეთების გათამაშების დაწყებას აპირებს. დაინერგება ახალი სისტემაც, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები მინიმალურ ფასად (1-5-ლარად შეიძინოს).
„ფასები ჩვენ დღესაც უფრო დაბალი ფასი გვაქვს, ვიდრე კონკურენტს. კონკურენტმა გამოაცხადა, რომ ერთი გზის ღირებულება 20 ლარია და ჩვენც ეს ფასი გვაქვს, თუმცა, ჩვენთან ორმხრივი ბილეთის შეძენის შემთხვევაში ფასი 40 ლარის ნაცვლად 36 ლარია.
ამასთან, გავათამაშებთ უფასო სამგზავრო ბილეთებს, ასევე იქნება გარკვეული კლასიფიკაციის ბილეთები, რომელთა შეძენასაც 1-5 ლარად შეძლებენ მომხმარებლები. ვინც იქნება პირველი, მისი გახდება იაფიანი ბილეთიც. ისეთივე სისტემაა, როგორც ავიაკომპანიებში“,- აცხადებს შალვა ხუციშვილი.

























