ევროკავშირის ახალმა რეგულაციამ, რომელიც 1 სექტემბრიდან გელ-ლაქებში ინგრედიენტის TPO-ს (ტრიმეთილბენზოილ დიფენილფოსფინის ოქსიდი) გამოყენებას კრძალავს, ქართველ მომხმარებლებშიც არაერთი კითხვა გააჩინა.
ნივთიერება ათწლეულებია ფართოდ გამოიყენება მანიკიურის პროდუქტებში, რადგან ფრჩხილის საფარს გამძლეობას და ბზინვარებას ანიჭებს, რაც განაპირობებს მის მაღალ პოპულარობას სალონურ მომსახურებაში.
ახალმა რეგულაციამ კითხვები ქართველ მომხმარებლებშიც გააჩინა, თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველოში არსებული გელ-ლაქები. შესაბამისად, BM.GE თბილისში მოქმედ სალონებს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, როგორი ეფექტი ჰქონდა ქართულ სალონებზე და იგეგმება თუ არა პროდუქციის ცვლილება.
როგორც სალონის Wabi Sabi Space -ის წარმოდგენილი, დიანა ვაშაკიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, მათი მომხმარებლები ძირითადად კლასიკურ მანიკიურს იკეთებენ, თუმცა იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებიც გელ-ლაქს ამჯობინებენ, მათი ნაკადების შემცირება არ მომხდარა.
„ჩვენთან ძირითადად კლასიკური მანიკიური კეთდება, თუმცა "შილაკი", რომელსაც ვიყენებთ, არ შეიცავს ამ (TPO) ნივთიერებას. სალონში ამ მიმართულებას შვეიცარიელი სპეციალისტი ხელმძღვანელობს და არც მომხმარებლების უკმაყოფილება გვქონია და არც მათი რაოდენობა შემცირებულა“, - თქვა მან.
ამავე ტენდენციაზე მიუთითებს ია პატარაია, Nail Sunny Tbilisi 1-ის დამფუძნებელიც. მისი თქმით, მომხმარებელთა ნაკადის კლებას ადგილი არ ჰქონია და სალონი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„TPO-ს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენს სალონზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. ამდენი წელია ბაზარზე ვარ და ჩემ მომხმარებლებში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც ფრჩხილი აქვს დაზიანებული, რადგან ორიგინალ მასალაზე ვმუშაობთ და არა ჩინეთიდან გამოგზავნილ მასალებზე, რომელიც ფრჩხილს აზიანებს“, - აღნიშნა პატარაიამ.
ინფორმაციისთვის, TPO არის ფოტოსენსიბილიზატორი, რომელიც ეხმარება გელი-ლაქის გამკვრივებას ულტრაიისფერი ან LED ნათურის ზემოქმედებით. ის პასუხისმგებელია საფარის სწრაფ ფიქსაციასა და ბზინვარებაზე, რაც მანიკიურს გამძლეს და მიმზიდველს ხდის.




























