მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ რეგულირდებიან სავალუტო ჯიხურები ეროვნული ბანკის მიერ

დოლარი ევრო

საქართველოში სულ 721 სავალუტო გადამცვლელი პუნქტი/ჯიხური ოპერირებს. ჯიხურები ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ იმყოფებიან და მათ უწევთ როგორც რეგისტრაციის ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ იმ მოთხოვნების დაცვა, რომლებიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით არის განსაზღვრული, მათ შორის უმთავრესი საკითხები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნების დაცვაა.

ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში ამ მოთხოვნების დარღვევის გამო 73 სავალუტო პუნქტის ლიცენზია შეაჩერა. 2024-ში მთელი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 71 იყო, ხოლო 2023-ში კი 65 პუნქტი/ჯიხური. შესაბამისად, ამ მიმართულებით სებ-ის ძალისხმევა გააქტიურებულია.

სავალუტო გადამცველი პუნქტების რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები

რეგისტრაცია: ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ეროვნული ბანკის ნებართვით. რეგისტრაცია უვადოა, თუმცა მისი სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია.

სამართლებრივი ფორმა: ნაღდი ვალუტის გაცვლა შესაძლებელია ინდივიდუალური მეწარმის, შპს-ის ან სააქციო საზოგადოების ფარგლებში, ხოლო უნაღდო ოპერაციები დაშვებულია მხოლოდ შპს-ისა და სააქციო საზოგადოების ფორმით.

ბენეფიციარი მესაკუთრეები: ყველა პარტნიორი/აქციონერი და ადმინისტრატორი უნდა იყოს გამჭვირვალედ იდენტიფიცირებული. კანონით აკრძალულია მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან ფულის გათეთრებისათვის ნასამართლევი პირების მონაწილეობა.

დოკუმენტაცია: განაცხადს თან ერთვის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, იდენტიფიკაციის დოკუმენტები, ნასამართლობის ცნობები, საოპერაციო ფართისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია.

საოპერაციო ფართისა და უსაფრთხოების მოთხოვნები

  • მინიმალური ფართი: არანაკლებ 4 კვ.მ.
  • იზოლირება: სივრცე უნდა იყოს დამოუკიდებელი, მომხმარებლებისა და სხვა ობიექტებისგან განცალკევებული.
  • შესასვლელი: უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი კარი, გარდა სავაჭრო ცენტრების, აეროპორტების და სხვა მსგავსი ობიექტებისა.
  • ვიდეომეთვალყურეობა: შიდა და გარე პერიმეტრზე სავალდებულოა მუდმივი ვიდეოჩანაწერი, მინიმუმ 30 დღის ვადით შენახვით. ჩანაწერები მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.
  • დაცვის სისტემა: სავალდებულოა საგანგაშო ღილაკი და ტექნიკური მოწყობილობები – ყალბი ფულის ამომცნობი, კომპიუტერი, პრინტერი, ასლგადამღები.

ტექნიკური უზრუნველყოფა და ოპერაციების აღრიცხვა

  • ყველა ოპერაცია უნდა აისახოს სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს სიზუსტესა და დაუყოვნებლივ აღრიცხვას.
  • პროგრამამ უნდა უზრუნველყოს საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენა.
  • მომხმარებელს სავალდებულოა მიეცეს ქვითარი, რომელიც შეიცავს: პუნქტის დასახელებას, მისამართს, ოპერაციის ნომერს, თანხებს, კურსს, კლიენტის იდენტიფიკაციას და დროს.
  • ოპერაციის გაუქმება: მომხმარებელს აქვს უფლება, ქვითრის წარდგენისას 30 წუთში გააუქმოს ტრანზაქცია, თუ ის 5 000 ლარს არ აღემატება (ელექტრონული აპარატის შემთხვევაში – 3 000 ლარს).

ნაღდი და უნაღდო ვალუტის გადაცვლა

  • ნაღდი ვალუტის გაცვლა: შესაძლებელია სალაროში, სასტუმროში (თუ ოპერაცია 2 000 ლარს არ აჭარბებს დღეში ერთ მომხმარებელზე) ან ელექტრონული აპარატის საშუალებით.
  • უნაღდო ვალუტის გაცვლა: უნდა განხორციელდეს მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშების მეშვეობით. საჭირო არის ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის არსებობა, სადაც კურსები და საკომისიო გამჭვირვალედ გამოქვეყნდება.
  • ყველა ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოფიციალური საბანკო არხების გამოყენებით.

ფულის დამთვლელი ელექტრონული აპარატები

  • აპარატები მუშაობენ მხოლოდ ნაღდი ვალუტით.
  • მათ უნდა ჰქონდეთ ფუნქცია, რომ არ მიიღონ საეჭვო ბანკნოტები ან მონეტები.
  • სავალდებულოა ქვითრის ბეჭდვა ყველა ოპერაციაზე და კლიენტის იდენტიფიკაციის მონაცემების დაფიქსირება.
  • აპარატებით ოპერაციების დღიური ლიმიტი 1 500 ლარია.
  • ოპერაციები ნებადართულია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის.

მომხმარებელთა უფლებები

  • პუნქტში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს კურსები, საკომისიო და „საყურადღებო კურსის“ შესახებ ინფორმაცია.
  • მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად.
  • პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს თანხა 30 წუთში ტრანზაქციის გაუქმების შემთხვევაში (ლიმიტის ფარგლებში).

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია (AML/CFT)

  • ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სავალუტო პუნქტების რეგულირების პაკეტში.
  • კლიენტის იდენტიფიკაცია (KYC):
  • ყველა ოპერაციაზე საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დოკუმენტის მონაცემები).
  • იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის მონაცემები.

საეჭვო ტრანზაქციები:

  • პუნქტმა უნდა მოახდინოს უჩვეულო ან დაკავშირებული გარიგებების მონიტორინგი.
  • საეჭვო ოპერაციების აღმოჩენისას უნდა შეივსოს სპეციალური ფორმა და წარედგინოს ეროვნული ბანკს.
  • ფინანსური მონიტორინგის სამსახური:
  • რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში პუნქტმა ინფორმაცია უნდა წარადგინოს სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურში“.
  • ყველა ოპერაცია უნდა ასახავდეს AML სტანდარტებს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებს.

დოკუმენტების შენახვა:

  • პუნქტი ვალდებულია შეინახოს როგორც ქაღალდზე, ასევე ელექტრონულად აღრიცხული მონაცემები კანონით დადგენილი ვადით.
  • ვიდეოჩანაწერები, ქვითრები და საბანკო დოკუმენტები უნდა იყოს დაცული მესამე პირებისგან არასანქცირებული წვდომისაგან.
  • საეჭვო ფულის აღმოჩენა:
  • საეჭვო ბანკნოტების აღმოჩენისას პუნქტმა უნდა შეადგინოს ცნობა 3 ეგზემპლარად (ერთი მომხმარებლისთვის, ერთი სალაროსთვის, ერთი ეროვნული ბანკისთვის).
  • ეროვნული ბანკი 15 დღეში ატყობინებს ექსპერტიზის შედეგს. ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი მომხმარებელს არ უნაზღაურდება.

სანქციები და ზედამხედველობა

  • ეროვნული ბანკი ახორციელებს ზედამხედველობას და დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს:
  • ფულადი ჯარიმა,
  • საქმიანობის შეზღუდვა,
  • რეგისტრაციის გაუქმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები