მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეამცირა Coldplay-მ თავისი ნახშირბადის ნაკვალევი მუსიკალური ტურნეს მიმდინარეობისას?

ქოლდფლეი

ბრიტანული როკ-ბენდის, Coldplay-ის მიერ მუსიკალური ტურნეს მსვლელობისას გამოფრქვეული ნახშირბადის ემისიების მოცულობა, წინა ტურნესთან შედარებით, 59%-ით შემცირდა - ამის შესახებ ბენდმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.

Coldplay-მ 2021 წელს 12 პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მიზნად ბენდის ნახშირბადის ნაკვალევის (სათბურის აირების რაოდენობა, რომელიც ატმოსფეროში გაიფრქვევა ადამიანის ზემოქმედების, ღონისძიებების ან ნებისმიერი პირის შესაბამისი მოქმედების გამო) 50%-ით შემცირებას ისახავდა. მათი ინფორმაციით, Music of the Spheres ტურის 2-წლიანი მიმდინარეობის ფარგლებში, ნახშირბადის დიოქსიდის ემისიები ბენდმა თითქმის 60%-ით შეამცირა.

ამისთვის Coldplay-მ სპეციალური საცეკვაო მოედანი მოაწყო, რომელზე ცეკვის დროსაც ელექტროენერგია გამომუშავდება. ბენდმა შეამცირა საჰაერო მგზავრობაც. ამასთან, ბოლო 2 წლის განმავლობაში, Coldplay-მ წვლილი შეიტანა 7 მილიონი ხის დარგვაში - რაც მათ კონცერტებზე დამსწრე გულშემატკივრების ჯამური რაოდენობაა.

გავრცელებულ განცხადებაში ბენდის სოლისტი, კრის მარტინი აღნიშნავს, რომ ბენდი, ისევე როგორც ინდუსტრია, საბოლოო მიზნამდე - გახადონ მუსიკალური ტურნეები მდგრადი - ჯერ ისევ შორსაა.

Coldplay-ის მიერ გატარებულ ცვლილებებს შორისაა:

  • საკონცერტო სივრცეებში ენერგიის გამომუშავებისთვის მზის პანელების, იატაკის კინეტიკური საფარისა და სავარჯიშო ველოსიპედების დამონტაჟება;
  • საჰაერო მოგზაურობის შემცირება და მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენება;
  • ენერგოეფექტური განათებების მონტაჟი
  • სცენის მოსაწყობად მდგრადი მასალების, მაგალითად, ბამბუკის ხის გამოყენება;

ბენდი პირობას დებს, რომ საჰაერო მიმოსვლას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს და ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისთვის მატარებელს გამოიყენებს.

მათივე ინფორმაციით, ვენიუებზე მოწყობილი ინფრასტრუქტურიდან ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე 15-დან 17 კილოვატ/საათამდე გაიზარდა, რაც საკმარისია სცენის ნაწილის გასანათებლად და ბენდისა და გუნდის წევრებისთვის ელექტრომოწყობილობების დასამუხტად.

აღსანიშნავია, რომ Coldplay ერთადერთი ბენდი არ არის, რომელიც ტურნეს მსვლელობისას ემისიების შემცირებას ცდილობს - The 1975 ერთ-ერთი მათგანია, ვინც ლონდონის O2 არენაზე ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ჰაერში გაფრქვეული CO2-ის მოცულობა დაითვალა და ატმოსფეროდან მისი ეკვივალენტი სხვადასხვა გზით, მათ შორის, ხეების დარგვით შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები