დეკორატიული მცენარეების ბაღის „გარდენიას“ დამფუძნებლის ზურაბ შევარდნაძის შეფასებით, Covid-პანდემიამ მის ბიზნესზე გავლენა იქონია, თუმცა ახალი დღის წესრიგით ბიზნესის ადაპტირება მალევე შეძლეს. ამის შესახებ მან BMG Drive-ში ისაუბრა.
ზურაბ შევარდნაძის თქმით, გაზაფხულზე, შემცირებული ვიზიტორების პირობებში, ჩითილების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მასთან დასაქმებული 40 ადამიანის შენარჩუნების საშუალება მისცა.
„რა თქმა უნდა, პანდემიამ უჩვეულო მდგომარეობაში ჩაგვაყენა; რომ ვთქვათ, არაფერი შეცვლილა - იქნება ტყუილი, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე, ეს ამბავი შედარებით იოლად გადავიარეთ, რომ ვუყურებთ ჩემს მეგობრებს, რომლებსაც სასტუმროს ბიზნესი აქვთ და უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე არიან დამოკიდებულები, რომ ვუყურებ ექიმები რა დღეში არიან ... მე საწუწუნო მართლა არაფერი მაქვს... თუმცა მეც დამაკლდა ბევრი რამ - წელს უნდა გვქონოდა აქტიური სამებაღეო სეზონი, ბევრი სტუმარი უნდა გვყოლოდა, ბევრი დაჯავშნილი ღონისძიება ჩაგვეშალა, მაგრამ ყველაზე მორგებული კაცი ვარ... პანდემიის დროს მებაღეობა კიდევ უფრო საჭირო გახდა, ვიდრე იყო“, - განმარტა ზურაბ შევარდნაძემ.
"გარდენიას" დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ პერიოდში მებაღეობით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა, რამაც მისი საქმიანობა უფრო მოთხოვნადი და შემოსავლიანი გახადა.