ყაზახური forbes ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე რეიტინგს აქვეყნებს. გამოცემა ქვეყნებს ერთმანეთს ბოლო 25 წლის მონაცემების მიხედვით ადარებს, - კერძოდ, 1990 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში.
ყველაზე ღარიბ ქვეყანად ტაჯიკეთი სახელდება, ყველაზე მდიდრად კი ესტონეთი.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში ყველაზე მეტად თურქმენეთში გაიზარდა და ბოლო 25 წლის განმავლობაში ზრდამ 799% შეადგინა, თუკი 1990 წელს ეს ციფრი 869$-ს შეადგენდა, 2015 წელს ის 6947-მდე გაიზარდა.
ზრდის მიხედვით მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც ზრდამ 638% შეადგნა. სომხეთში ზრდა 550% იყო, - თუკი 1990 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 636 დოლარს შეადგენდა, 2015 წელს ეს ციფრი 3499 დოლარი იყო.
შემდეგ მოდიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამ ეტაპზე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია და სამივე ქვეყანაში 12 000$-ს სცდება.
აზერბაიჯანში ზრდამ 444% შეადგინა - 1990 წელს 1237$-დან 5496 დოლარამდე.
ბელარსუში ზრდამ 337% შეადგინა, უზბეკეთში კი 327%.
რაც შეეხება რუსეთს, 25 წლის განმავლობაში მშპ-ს ზრდამ მიმდინარე ფასებში 260% შეადგინა.
რეიტინგში რუსეთს მოსდევს საქართველო, - სადაც ზრდამ 235% შეადგინა. თუკი 1990 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 1614$-ს შეადგენდა, 2015 წლამდე ეს ციფრი 3796-მდე გაიზარდა.
საქართველოს შემდეგ მოდის მოლდოვა და ტაჯიკეთი.
ბოლო პოზიციებზე კი ყირგიზეთი და უკრაინაა.
გამოცემამ რეიტინგი მსოფლიო ბანკისა და BBC-ზე დაყრდნობით შეადგინა.

























