მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

62381ea2d22ad
გიორგი თოლორდავა
21.03.22 14:40
2183
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკის” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.52%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქციის ღირებულებამ 10.60 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. გასულ კვირას საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა 78,000 აქციის ფარგლებში იყო, ფასები კი 9.69-10.82 სტერლინგის დიაპაზონში მერყეობა. ამჟამად TBC PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 585 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით, TBC-ის აქციების ფასი თითქმის 35%-ითაა შემცირებული, უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრამდე ერთი კვირით ადრე "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 824 მილიონ გირვანქას აღწევდა.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (BGEO) აქციების ღირებულება 3.34%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.76 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირას ვაჭრობის მოცულობამ 492,000 აქციაზე მეტი შეადგინა, ფასები კი 10.98-12.48 სტერლინგის დიაპაზონში მერყეობდა. ამჟამად "საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 578 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს. ომამდე პერიოდთან შედარებით აქციები 27.5%-ითაა შემცირებული, მაშინ კომპანიის საბაზრო ღირებულება 738 მილიონ გირვანქას შეადგენდა.
 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 11.96% შეადგინა, ერთი აქციის ფასმა კი 5.99 სტერლინგს მიაღწია. ვაჭრობის მოცულობამ 371,000 აქციაზე მეტი შეადგინა, ფასები 5.13-5.99 გირვანქა სტერლინგის დიაპაზონში იყო. "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 279 მილიონ სტერლინგს შეადგენს. რუსეთ-უკრაინის ომამდე პერიოდთან შედარებით "საქართველოს კაპიტალის" აქციების ღირებულება დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული, საბაზრო კაპიტალიზაცია კი - 22 მილიონი სტერლინგით.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები